თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის დასი უკრაინაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ტავრიის მელპომენა" წარმატებით წარსდგა.
ქალაქ ხერსონში 26 მაისს „გრიბოედოველები" მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართველი რეჟისორის, ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლით „რევიზორი" წარდგნენ, რომელიც ნიკოლაი გოგოლის მოთხრობის მიხედვით არის დადგმული. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სპექტაკლი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო.
„რევიზორი" 2015 წლის საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს — ილიაუნის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ვერსიის მიხედვით. სპექტაკლი საუკეთესოდ ოთხ კატეგორიაში გამოცხადდა — საუკეთესო სპექტაკლის, საუკეთესო რეჟისური (ავთო ვარსიმაშვილი), მამაკაცის საუკეთესო როლი (აპოლონ კუბლაშვილი — ხლესტაკოვი) და საუკეთესო მუსიკალური გაფორმება (ელისო ორჯონიკიძე).
სპექტაკლში მონაწილეობდნენ სლავა ნათენაძე, ლუდმილა არტემოვა-მღებრიშვილი, აპოლონ კუბლაშვილი, ნინო კიკაჩეიშვილი, მიხეილ არჯევანიძე, ვასილ გაბაშვილი, ანა ნიკოლავა, ოლეგ მჭედლიშვილი, ნანა დარჩიაშვილი და სხვ.
სპექტაკლის პრემიერა 2015 წლის 29 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრის სცენაზე შედგა საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, რომელიც თეატრის 170-ე იუბილეს მიეძღვნა. მუსიკა სპექტაკლისათვის ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა იოსებ ბარდანაშვილმა დაწერა.
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ტავრიის მელპომენა" უკრაინის ქალაქ ხერსონში 1999 წლიდან, ყოველწლიურად, მაისის ბოლოს ტარდება. 18 წლის განმავლობაში ფესტივალის მონაწილე 130 თეატრი გახდა, მათ შორის, თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი — ოთხჯერ. ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი რეჟისორები, მსახიობები, თეატრმცოდნეები და კრიტიკოსები.
ფესტივალ „ტავრიის მელპომენაზე" გამოსვლის წინ, 25 მაისს, ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრი სპექტაკლ „რევიზორით" ნიკოლაევში დრამისა და მუსიკალური კომედიის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე წარდგა.