თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ლანჩხუთის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ლანჩხუთში 1976 წელს დაბადებული მოქალაქე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
სამართალდამცველებმა დაკავებული ნ.ჭ.-ს პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 4 აბი, რომლებიც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბუპრენორფინს შეიცავს.
„ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოქალაქე დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“- აღნიშნულია სამინისტროს პრესრელიზში.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).