თბილისი, 27 მაისი-Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანამოაზრეებმა ახალი პარტიის — „მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველო“-ს დამფუძნებელი ყრილობა ჩაატარეს თბილისის სპორტის სასახლეში, რომელსაც 10 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.
იანვრის დასაწყისში, სააკაშვილთან და თანაპარტიელებთან უთანხმოების გამო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დიდმა ნაწილმა პარტიის დატოვება გადაწყვიტა. პარტიიდან გასულთა შორის საქართველოს პარლამენტის 20 დეპუტატია, რომლებმაც საპარლამენტო უმცირესობა ჩამოაყალიბეს.
ყრილობა პარტიის თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს არჩევით დაიწყო. პარტიის თავმჯდომარე გახდა პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი დავით ბაქრაძე, პარტიის პოლიტსაბჭოს ლიდერი გიგა ბოკერია, ხოლო გენერალური მდივანი — ქალაქის ექს-მერი გიგი უგულავა. ყრილობაზე დაასახელეს ქალაქის მერობის კანდიდატი — დეპუტატი ელენე ხოშტარია.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოს ახალი ძალა სჭირდება, რომელიც ორიენტირებული იქნება არა გაყოფაზე, არამედ გაერთიანებაზე, არა მტრობაზე, არამედ შერიგებაზე. სწორედ ეს იქნება ჩვენი პარტიის მამოძრავებელი ძალა: გაერთიანება, შერიგება, მშენებლობა და კეთილდღეობა“- განაცხადა ბაქრაძემ.
პარტიის ლიდერების განცხადებით, ისინი ეცდებიან ხელისუფლების შეცვლას მხოლოდ მშვიდობიანი გზით.
„ჩვენ შევცვლით ივანიშვილის რეჟიმს ნგრევისა და მღელვარების გარეშე, დემოკრატიული არჩევნების გზით“-აღნიშნა უგულავამ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ორ ჯგუფად გაიყო გასული წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა მმართველმა პარტიამ, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“, დიდი სხვაობით გაიმარჯვა. აზრთა სხვადასხვაობა ენმ-ში სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, როდესაც პარტიის ლიდერების უმეტესობა წინ აღუდგა სააკაშვილის სურვილს და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო.
სააკაშვილმა ყოფილი თანამოაზრეები მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. პასუხად სააკაშვილს უთხრეს, რომ ის არ არის პარტიის ლიდერობის ღირსი და უკვე საკუთარი თავისთვისაც პრობლემად იქცა.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ იანვარში ჩაატარა ყრილობა და ახალი პოლიტსაბჭო აირჩია.