თბილისი, 27 მაისი-Sputnik. თბილისში ასამბლეის მუშაობის პირველი დღეს გაიმართა საქართველო-NATO-ს საპარლამენტო კომისიისა და ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლი სხდომა და აგრეთვე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული საზეიმო მიღება.
საქართველო გახდა რიგით მეხუთე NATO-ს არაწევრი ქვეყანა, რომელმაც მსგავს ღონისძიებას უმასპინძლა. NATO-ს საგაზაფხულო სესიაში 600-მდე სტუმარი მონაწილეობს.
საპარლამენტო სესია გაიხსნა პრეს-კონფერენციით, რომელში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი და გენერელური მდივანი დევიდ ჰობსი. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-NATO-ს განსაკუთრებულ ურთიერთობას და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
ასამბლეის მონაწილეები დაესწრენ თბილისის ცენტრალურ პროსპექტზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, ხოლო შემდეგ გაიმართა სხდომები, სადაც აღინიშნა ბოლო წლებში ქვეყნის პროგრესი და მოიწონეს გატარებული რეფორმები.
„აბსოლუტურად ყველა მონაწილემ ხაზი გაუსვა პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია, როგორც დემოკრატიის განვითარების, ასევე თავდაცვისა და უშიშროების კუთხით.“- უთხრა ჟურნალისტებს სესიაშვილმა.
მისივე სიტყვებით ასამბლეის წევრები მიესალმენ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებას.
„საბოლოო ჯამში უპრეცედენტო მხარდაჭერა მივიღეთ, რომლის თანახმად, საპარლამენტო ასამბლეის წევრები, მოუწოდებენ თავისი ქვეყნების ხელისუფალთ უფრო მეტი მხარდაჭერისკენ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე“-განაცხადა სესიაშვილმა.
ასამბლეის წევრები, იმავე საღამოს, დაესწრენ საზეიმო მიღებას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და საპატრიარქოს წევრები.
ხელისუფლების პირველმა პირებმა დღესასწაული მიულოცეს დამსწრეთ დაქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამის შემდეგ სტუმრებს არაფორმალურ ვითარებაში ურთიერთობის საშუალება მიეცათ.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მეორე და მესამე დღეს დაგეგმილია თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკის, სამოქალაქო უშიშროებისა და პოლიტიკის საკომიტეტო სხდომები.
საქართველოს მხრიდან მოხსენებით გამოვლენ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სამოქალაქო თანასწორობისა და შერიგების სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, ექსპერტი კახა გოგოლაშვილი და საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი მენაღარაშვილი.
პლენარული სესია დაგეგმილია 29 მაისს. სესიის მონაწილეებს შეუერთდებიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საგანგებო სტუმრის სტატუსით მოწვეული NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გეტემიულერი და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბიი.
პლენარული სხდომის დასასრულ იგეგმება საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღება.
საპარლამენტო ასამბლეა, ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის, უშიშროების საკითხების განხილვის ერთგვარი არენაა. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა შეიქმნა 1955 წელს. პირველი სხდომა გაიმართა იმავე წლის 18-22 ივნისს. საქართველო ასამბლეის ასოცირებული წევრია 1999 წლიდან. მას შემდეგ საქარელოს წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ ასამბლეის ღონისძიებებში.