თბილისი, 27 მაისი — Sputnik. თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი სახელწოდებით „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ ტარდება, რომელსაც ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან.
აღსანიშნავია, რომ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს არ დასწრებია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც გიორგი მარგველაშვილი დიასპორის წარმომადგენლებისადმი ზერელე დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.
„დღევანდელი ფორუმი პრეზიდენტის მიერ უნდა ყოფილიყო გახსნილი. ის ფაქტი, რომ არ ყოფილა არც წერილი, არც მიმართვა, არც ბოდიში და არც ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ მოვიდა, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რომ პრეზიდენტი არ თვლის, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლები მისი მფარველობის ქვეშ არიან“, — განაცხადა მან.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომლის განცხადებითაც, ქართულ დიასპორას შეუძლია წვლილი შეიტანოს ქვეყნის წინსვლაში.
„ჩვენს დიასპორას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში და თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში. მჯერა, რომ სწორედ თქვენთან ერთად, მთელ მსოფლიოში გაფანტულ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად, ჩვენ შევძლებთ, ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ“, — განაცხადა პრემიერმა.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემაც.
„რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნებულიყავით სამშობლოში. ახლა მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ, სადაც ბრძანდებით. მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში. ეს საჭიროა უპირველეს ყოვლისა საქართველოსთვის და მე მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ სამშობლოსთვის“, — ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა.
დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი სახელწოდებით „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით იმართება.