თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქვეყნის სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მათ გამორჩეულობას გაუსვა ხაზი.
„სამშობლოს დაცვა რჩეულის ხვედრია, რომელსაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და ქვეყნის ღირსების დასაცავად, თავგანწირვის ღვთიური ძალა გააჩნია. ქვეყნისათვის თავდადება მუდამ იყო და არის ქართული მხედრული სულის სიმტკიცის საფუძველი. ამიტომაც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ქართული მხედრობის ლოცვა, ერის განსაკუთრებული მადლიერების გამოხატულებაა“, — აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისალოც სიტყვაში იზორიამ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედროებს და აღნიშნა, რომ ამით ისინი სწორედ სამშობლოს უსაფრთხოებას, მისი დემოკრატიული და თავისუფალი განვითარების იდეას ემსახურებიან.
საქართველოს სამხედრო ძალები 1999 წლიდან ღებულობს მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. დღეისათვის 870 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს ავღანურ მისიაში „გადამწყვეტი მხარდაჭერა“ (Resolute Support). გარდა ამისა, ქართული არმია წარმოდგენილია მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მისიებშიც.