თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ქართველმა ხალხმა უნდა უერთგულოს და იცხოვროს იმ ღირებულებებით, რომლებიც უკვე 850 წელს ითვლის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
პრემიერის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს იმითაა გამორჩეული, რომ ის შოთა რუსთაველსა და მის პოემა „ვეფხისტყაოსანს“ ეძღვნება.
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველები „მსოფლიოს უდიდესი საგანძურის პატრონი ერია“ და ამიტომ ყველანი ვალდებული ვართ, ვიცხოვროთ ამ უძველესი ღირებულებებით.
„ჩვენ მსოფლიოს უდიდესი საგანძურის პატრონი ერი ვართ და, როგორც რუსთაველის შთამომავლები, ვალდებული ვართ, ვუერთგულოთ და ვიცხოვროთ იმ ღირებულებებით, რომელიც 850 წელს ითვლის. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ქართველი კაცის გაუტეხელობამ, ღირსებამ, სიმამაცემ, თავგანწირვამ და რაინდობამ სამშობლო შეგვინარჩუნა. დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა და არაფრის ფასად არ დათმობს ამ უდიდეს მონაპოვარს“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა სამხედრო ფიცის შემდეგ.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მთელ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, სამხედროებს, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და პატივი მიაგო საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.