ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერში, "მანჩესტერ არენას" სტადიონზე 22 მაისის საღამოს აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავდა 59 ადამიანი.
პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და განაცხადა, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. აფეთქებამდე სტადიონზე ცნობილი ამერიკელი მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტი ტარდებოდა. ღონისძიებას უამრავი ბავშვი და მოზარდი ესწრებოდა, ვინაიდან მომღერალი მათი კუმირია.
ბრიტანეთი გლოვობს. ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერმა ჯერემი კორბინმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიის შეჩერების შესახებ განაცხადა, რომელიც 8 ივნისის არჩევნებს ეძღვნებოდა.
ბოლო 25 წლის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოზე არაერთხელ განხორციელებულა ტერორისტული შეტევა, რომელთა ნაწილიც რელიგიური შინაარსის იყო, ხოლო დანარჩენები ირლანდიაში წინააღმდეგობას უკავშირდებოდა.