თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ინგლისში, „მანჩესტერ არენას“ სტადიონზე, არიან გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მომხდარი აფეთქების შედეგად, პოლიციის მონაცემებით, დაიღუპა 19 და დაშავდა 50 ადამიანი, იტყობინება РИА Новости.
მანჩესტერის სამართალდამცველებმა სტადიონზე მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს და განაგრძობენ თვითმხილველთა და სხვა ინფორმაციების მოპოვებას, განაცხადა ქალაქ მანჩესტერის პოლიციის ხელმძღვანელმა იან ჰოპკინსმა.
აფეთქება არიან გრანდეს კონცერტზე თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, იუწყება NBCNews, რომელმაც ეთერში პირველმა გადასცა მანჩესტერის სტადიონზე მომხდარი აფეთქების ამბავი.
ამ დროისათვის არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია თავის თავზე პასუხისმგებლობა მომხდარზე. ბრიტანეთში 2005 წელს მეტროში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ეს არის ყველაზე ფართომასშტაბიანი ტერორისტული შეტევა. ყველა ბრიტანულმა პარტიამ გააკეთა განაცხადი მომხდართან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის შეჩერების შესახებ.