ხუთ თამაშში რვა გოლი გავიდა და აქედან ხუთი — ერთ მატჩში.
ორი ლიდერის შეხვედრა
საანგარიშო ტურის ცენტრალური შეხვედრა სატურნირო ცხრილის პირველ ორ ადგილზე განთავსებული გუნდების შეხვედრა იყო. ამჟამინდელი სეზონის ლიდერი თბილისის "დინამო" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, "სამტრედიას" მასპინძლობდა.
სამწუხაროდ, "დინამო არენას" ტრიბუნები ამჯერადაც ცარიელი იყო. ბილეთის მინიმალური ფასი ორი ლარი იყო, ხოლო მაქსიმალური — ხუთი; არადა ამ მატჩის ნახვა ნამდვილად ღირდა.
გუნდებმა მატჩი თავიდანვე სწრაფ ტემპში დაიწყეს. პირველი გოლი 25-ე წუთზე გავიდა. ბაჩანა არაბულმა მასპინძლები დააწინაურა.
გოლის შემდეგ ინიციატივა დინამოელების ხელში გადავიდა. უპირატესობა მალე გოლშიც აისახა — ამჯერად ბურთის ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა — 2:0.
შესვენების შემდეგ გააქტიურდნენ სტუმრები, რასაც დინამოელების მოდუნებამაც შეუწყო ხელი. 63-ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილმა შეამცირა განსხვავება ანგარიშში, ხოლო 13 წუთის შემდეგ დათუნაშვილმა წონასწორობა აღადგინა.
თუმცა სასურველი ფრეს შენარჩუნება სტუმრებმა მაინც ვერ შეძლეს — მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში "დინამომ" მაინც შეძლო გამარჯვების გოლის გატანა (გოლის ავტორი — არაბული).
ეს გამარჯვება "დინამოსთვის" ზედიზედ მეათე გამარჯვებაა.
ლოკომოტივმა წააგო
თბილისის "ლოკომოტივმა" მეორედ წააგო. ამჯერად გიორგი დევდარიანის გუნდმა გასვლით თამაშში ქუთაისის "ტორპედოსთან" წააგო — 0:2.
ტამაშში ძირითადი მოვლენები მეორე ტაიმში გათამაშდა — 50-ე და 67-ე წუთებზე სტუმრებმა ოთხი გაფრთხილება მიიღეს.
ასევე "ლოკომოტივის" მეკარის, ბექა ქურდაძის შეცდომის "წყალობით" ლაშა კუჭუხიძემ პირველი გოლის გატანა შეძლო.
საბოლოო ანგარიში მატჩში 85-ე წუთზე ბექა ტუღუშმა დაადგინა — 2:0.
გამარჯვების შედეგად სატურნირო ცხრილში "ტორპედომ" გაუსწრო "სამტრედიას" და მეორე ადგილზე განთავსდა.
ერთი საფეხურით
კარგ შედეგებს იძლევა "დილა", რომელსაც უკვე ოთხი მატჩია, არ წაუგია. ბოლო ტურში მან თბილისის "საბურთალოს 1:0 სძლია.
ერთნაირი — 0:0 ანგარიშით დასრულდა ბათუმის "დინამოსა" და საჩხერის "ჩიხურას" და ქობულეთის "შუქურასა" და ფოთის "კოლხეთის" დაპირისპირება. ამ უკანასკნელის შედეგი ნამდვილი სენსაციაა, რადგან ქობულეთელი ფეხბურთელებისთვის ეს პირველი მატჩია ამჟამინდელ სეზონში, რომ საკუთარ კარში ბურთი არ გაუშვეს.
XIII ტურის მატჩების შედეგები:
თბილისის "დინამო" – "სამტრედია —3:2
ქუთაისის "ტორპედო" — თბილისის ლოკომოტივი 2:0
თბილისის "საბურთალო" — გორის "დილა" 0:1
ბათუმის "დინამო" — საჩხერის "ჩიხურა" 0:0
ფოთის "კოლხეთი" — ქობულეთის "შუქურა" 0:0
XIV ტურის მატჩები 23 და 24 მაისს ჩატარდება.