პარტია "თეთრების" ლიდერს მიაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების განსაზღვრა მეცნიერულ მიდგომას საჭიროებს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ რა მოსაზრება გამოთქვა ქართველმა პოლიტიკოსმა თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში.
პარტია "თეთრების" ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი შეუერთდა სამეცნიერი ინტელიგენციის წარმომადგენელთა მრგვალ მაგიდას თემაზე "სამეცნიერო ელიტის როლი სახელმწიფოს განვითარებაში".
"როდესაც ინტელიგენცია მეცნიერულად ჩამოაყალიბებს იმას, თუ რას ნიშნავს ქართული ინტერესი, ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვებს გარკვეული შეზღუდვებიც უწესდებათ და ხელიც ეხსნებათ, თუ როგორ იმოქმედონ სხვასთან. მე დღეს ვერ ვხედავ დოკუმენტს, სადაც იქნება ჩამოყალიბებული ქართული ინტერესი. მე ვერ ვისაუბრებ ამერიკასთან, ევროპასთან ან, თუნდაც, რუსეთთან, იმიტომ, რომ არ არის ჩამოყალიბებული ქართული ინტერესი. უპირველეს საკითხად მე მიმაჩნია ის, რომ მეცნიერებამ უნდა ჩამოაყალიბოს, თუ რას ნიშნავს ქართული ინტერესი. ჩვენ დღეს არ გვაქვს დოკუმენტი იმის შესახებ, თუ რა პოტენციალი გააჩნია ქვეყანას. ჩვენ პარალელურად არ გვაქვს დოკუმენტი იმის შესახებ,თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანა. ხელისუფლების თქმით, ყველაფერი კარგად არის, თუმცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ყველაფერი ცუდად არის. აქ არის მეცნიერის როლი საჭირო, რომელიც აღწერს ქვეყნის რეალურ მდგომარეობას. თუ არ ვიცით ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და თუ არ ვიცით რეალურად რა მდგომარეობაში ვართ, ვეღარ შევადგენთ სამუშაო პროგრამას, ჩვენ ვმუშაობთ სიბნელეში", — განაცხადა თეიმურაზ შაშიაშვილმა.
"თეთრების" ლიდერის აზრით, მეცნიერთა გამოცდილებისა და ცოდნის წარმატებით გამოყენებაა შესაძლებელი, რაც პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გადაჭრაში გამოდგება.