მოინახულეთ ლისაბონი - მხიარულებისა და სევდის საოცარი ქალაქი

გამოწერა
ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი, რაც საკუთარ თავს შეიძლება, გაუკეთო, ქვეყნის გარეთ გასვლა და დაუვიწყარი ადგილების მონახულებაა. მოგზაურობა რელაქსაციის მშვენიერი საშუალებაა: დადიხარ უცხო ქალაქებში, ივსები უჩვეულო განცდებით და ქვეყნად არაფერი საქმე არ გაქვს, გარდა უცხო ხალხისა და კულტურის გაცნობისა.

ზოგს ფეხით ხეტიალი და ქუჩებში ბოდიალი ანიჭებს სიამოვნებას, ზოგისთვის საუკეთესო დასვენება მუზეუმების, განუმეორებელი სილამაზის შენობების დათვალიერებასთან ასოცირდება, ზოგისთვისაც მოგზაურობა ზღვასთან, მზესთან და ქვიშასთანაა დაკავშირებული.

ლისაბონი იდეალური ქალაქია მათთვის, ვისაც მზიან მხარეში დასვენება და თანაც, ქვეყნის კულტურის გაცნობა სურს — ერთი სიმაღლის ფერადი სახლებით, ქვაფენილით მოკირწყლული ვიწრო ქუჩებით, ძველი ციხესიმაგრით, ოკეანის პირას რამდენიმე შუქურით, ოქროსფერი პლაჟებით. იქ ყოფნისას თვალში მოგხვდებათ მისი განსხვავებულობა დანარჩენი ევროპისგან, როგორც ქალაქის იერსახის, ისე ცხოვრების სტილის მხრივ. მას მატარებლით მხოლოდ ნახევარ საათიანი მგზავრობა აშორებს სანაპირო ქალაქებს — კაშკაიშს და ეშტორილს. გარდა ამისა, ლისაბონი ცნობილია ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, მუზეუმებითა და ტაძრებით, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ პორტუგალია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე იაფი დასასვენებელი ადგილია.

CC BY 2.0 / Flickr/ Alonso Javier Torres / Lisbon - Viewsლისაბონი, პორტუგალია
ლისაბონი, პორტუგალია - Sputnik საქართველო
ლისაბონი, პორტუგალია

ლისაბონი პორტუგალიის დედაქალაქია ნახევარ მილიონზე მეტი მცხოვრებით, ხოლო მთელს აგლომერაციაში ცხოვრობს დაახლოებით 2 700 000 ადამიანი. ლისაბონი, თავისი შემოგარენით, ევროკავშირში რიგით მე-11 ყველაზე დიდი ურბანული არეა. პორტუგალიის დედაქალაქი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, ხოლო დასავლეთ ევროპის მასშტაბით — ყველაზე ძველი ქალაქია.

საზღვარგარეთ დაუვიწყარი არდადაგების მოწყობა არც ისე ძვირი სიამოვნებაა, მთავარია, მოგზაურობის სწორად დაგეგმვა და ყველაზე იაფი გზების მონახვა. ჩვენს რუბრიკაში დაგეხმარებით, როგორ მონახოთ ასეთი გზები ლისაბონის მოსანახულებლად, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა არ უნდა დაგრჩეთ უნახავი ამ ლამაზ ქალაქში.

დაჯავშნეთ ბილეთები:  www.aviasales.com ესაა საიტი, რომლის მეშვეობით თქვენ შეძლებთ, რომ მოძებნოთ და დაჯავშნოთ ავიაბილეთები ლისაბონის მიმართულებით ყველაზე იაფად. ინტერნეტის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ უამრავი მსგავსი ვებგვერდი, რომელიც უამრავი ავიაკომპანიის ფასს ერთმანეთს ადარებს და მომხმარებელს პირველ რიგში სთავაზობს ყველაზე დაბალფასიან ვარიანტს. თუ თქვენ მოგზაურობას რამდენიმე თვით ადრე გეგმავთ, ხშირად შეამოწმეთ ავიაბილეთების ფასები, რომლებიც საკამაოდ ცვალებადია, და აუცილებლად მიაგნებთ თქვენთვის მისაღებ და ხელმისაწვდომ ბილეთს.

ზაფხულის თვეებში თბილისიდან ლისაბონის მიმართულებით ორმხრივი ავიაბილეთი 396$-დან 550$-მდე მერყეობს თურქეთის გავლით, ეკონომ კლასით, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ფასები საკმაოდ ცვალებადია. დღევანდელი მონაცემებით, ლისაბონისკენ ფრენას ყველაზე ხელმისაწვდომ ფასებში Turkish Airlines გთავაზობთ. აღნიშნული ავიაკომპანიის სერვისით სარგებლობისას ბილეთის ფასში შედის მცირე, 14 კგ-იანი ხელბარგი.

CC BY 2.0 / Flickr/ Pedro Ribeiro Simões / Lisbon seen from "Senhora do Monte"ლისაბონი, პორტუგალია
ლისაბონი, პორტუგალია - Sputnik საქართველო
ლისაბონი, პორტუგალია

დაჯავშნეთ სასტუმრო/ჰოსტელი/ბინა — ბილეთის დაჯავშნის შემდეგ, მცირებიუჯეტიანი მოგზაურობისას შედარებით იაფფასიანი სასტუმროს შერჩევაც დაგჭირდებათ. სასტუმროების მოყვარულებს სასურველი ნომრების შერჩევაში დაგეხმარებათ საიტები hotelscombined.com ან booking.com. თუ სასტუმრო გეძვირათ, ამავე საიტებზე, შეგიძლიათ, შეარჩიოთ უფრო დაბალფასიანი ჰოსტელის დამოუკიდებელი ნომერიც, საკმაოდ დიდი არჩევანია. ჰოსტელებში ორადგილინი ოთახის ერთი ღამით დაქირავებას დაახლოებით 60 ლარიდან შეძლებთ. 100 ლარიდან კი სასტუმროს ნომერსაც დაიქირავებთ პლაზმური ტელევიზორით, უფასო wi-fi-ით, გათბობით, საზიარო აბაზანით.

რომელი სჯობს, სასტუმრო თუ აპარტამენტი – ეს მოგზაურობის მოყვარულების ერთ-ერთი აქტუალური განსახილველი თემაა. თუ ოჯახი ან მეგობრების ჯგუფი მიდიხართ სამოგზაუროდ, უკეთესია, აპარტამენტი აარჩიოთ, სივრცეც მეტია, საკვების მომზადების თავისუფლებაც და უფრო იაფადაც ნახავთ ბინას. აპარტანენტები შეგიძლიათ Airbnb.com- ზე შეარჩიოთ. დაახლოებით 30$-დან საკმაოდ კარგ ბინას დაიქირავებთ უფასო wi-fi-ით, საკაბელო ტელევიზიით, მყუდრო და მოსახერხებელი ოთახებით. რა თქმა უნდა, ყურადღება მიაქციეთ აპარტამენტის ვარსკვლავების რაოდენობას. ისინი ბინის პირობებს, მის სისუფთავეს, მფლობელის კომუნიკაბელობას და მის სანდოობას ასხავენ.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Maria Eklind / Lisbon viewლისაბონი, პორტუგალია
ლისაბონი, პორტუგალია - Sputnik საქართველო
ლისაბონი, პორტუგალია

აიღეთ სამოგზაურო დაზღვევა — ერთჯერადი სამოგზაურო დაზღვევა დღეში 1 ლარიდან ღირს. სამოგზაურო დაზღვევის შეძენა სადაზღვევო კომპანიების სერვის ცენტრებში შგიძლიათ, აგრეთვე, ინტერნეტითაც, სახლიდან გაუსვლელად.

ცხოვრება ლისაბონში:

CC BY 2.0 / Flickr/ Jónatas Luzia / lisboa, portugalსაზოგადოებრივი ტრანსპორტი ლისაბონში
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ლისაბონში - Sputnik საქართველო
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ლისაბონში

ტრანსპორტი — ლისაბონის საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა საკმაოდ კარგად მუშაობს. აეროპორტი დაკავშირებულია ქალაქის ცენტრთან.  თქვენ შეგიძლიათ, ისარგებლოთ როგორც სპეციალური ავტობუსებით, ისე მეტროთი, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალურ უბანს უკავშირდება. ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ერთჯერადი მგზავრობა ცოტა ძვირი ღირს (1.80€), თუმცა, მოქმედებს სამგზავრო ბარათები საკმაოდ იაფი ფასებით.

7 Colinas or Viva Viagem არის მრავალჯერადი სამგზავრო ბარათი, რომელიც იტენება. ბარათი ღირს 0.5€ და ერთი წელი აქვს მოქმედების ვადა. მას შეიძენთ მეტროსადგურებში, გაზეთების ჯიხურებში, ჩარიცხავთ თანხას და იმგზავრებთ ბევრად იაფად. მისი მეშვეობით ერთჯერადი მოგზაურობა ღირს 1.40€, ხოლო ერთდღიანი ლიმიტის გააქტიურებაა — 6€. თავად გადაწყვიტეთ, რამდენად ხშირად აპირებთ ტრანსპორტის გამოყენებას ერთი დღის განმავლობაში და ღირს თუ არა 6 ევროს გადახდა.

ლისაბონში მოქმედებს ქალაქის ღირსშესანიშაობების დასათვალიერებელი ბარათიც, ე.წ. The Lisboa Card. მისი შეძენის შემთხვევაში, უფასოდ შეხვალთ 26 მუზეუმში, მიიღებთ ფასდაკლებებს სხვადასხვა ტურებზე, ულიმიტოდ იმგზავრებთ ქალაქის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. 24 საათიანი ბარათი 18.50€ ღირს, 48სთ- 31.50€, ხოლო 72სთ- 39€.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Sludge G / Circuito Turistico tram, Lisboa, 1997ტრამვაი ლისაბონში
ტრამვაი ლისაბონში - Sputnik საქართველო
ტრამვაი ლისაბონში

ტრამვაი — ლისაბონში ყველაზე კომფორტული და ადვილი გადაადგილების საშუალებაა. საკმაოდ მიმზიდველია ტურისტებისთვის და ქალაქის დათვალიერების საუკეთესო გზაა. ტრამვაების უმეტესობა ძველმოდურია — პატარა, ნოსტალგიის გამომწვევი და ქალაქის ნამდვილი ემბლემა. ხუთი ძირითადი მარშრუტიდან ყველაზე პოპულარული ორია: 1. №28 — ხის ვაგონები სხვა ეპოქაში გადაგიყვანთ, მოძრაობს ქალაქის ვიწრო და გრძელ ქუჩებში. გირჩევთ, აუცილებლად იმგზავროთ ამ ტრამვაით, ის უამრავ ტურისტულ სანახაობას მოგატარებთ. 2. №15 — მას ყველაზე ხშირად იყენებენ ლისაბონში, თანამედრო ვაგონები თითქმის სულ ტურისტებითაა გადაჭედილი.

ავტობუსი — ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქში გადასაადგილებლად, რადგან მოძრაობის საკმაოდ ფართო ქსელი აქვს, გარეუბნებისა და აეროპორტების ჩათვლით.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Bert Kaufmann / Joyrideფუნიკულიორი ლისაბონში
ფუნიკულიორი ლისაბონში - Sputnik საქართველო
ფუნიკულიორი ლისაბონში

საბაგიროები — ლისაბონი ძირითადად განლაგებულია ფერდობზე, აქვს მკვეთრი აღმართები. ამიტომაც, ქალაქში კარგადაა განვითარებული საბაგიროების სისტემა. ისინი ჰგავს ტრამვაებს. ქალაქს სამი ფუნიკულიორი აქვს.

მეტრო — ლისაბონის მეტრო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, კარგად მოვლილი და სუფთა ადგილია ევროპაში. მას ოთხი ხაზი აქვს: ლურჯი, ყვითელი, მწვანე და წითელი.

CC BY 2.0 / Flickr/ Yusuke Kawasaki / Lisbon Santa Justa Liftსანტა ხუსტას ელევატორი
სანტა ხუსტას ელევატორი - Sputnik საქართველო
სანტა ხუსტას ელევატორი

სანტა ხუსტას ელევატორი (Santa Justa Lift) —მოჩუქურთმებული ქუჩის ლიფტი ტურისტებს ცენტრალური ლისაბონის ერთი დონიდან მეორეზე ფეხით ასვლისაგან იცავს. ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სატრანსპორტო საშუალებაა. დაარსებიდან ის უზარმაზარი წარმატებით სარგებლობს. საინტერესოა, რომ ლიფტს 20 ადამიანის აწევა შეუძლია, თუმცა ქვემოთ მხოლოდ 15 ჩამოჰყავს. გახსნის დღეს კი მან 24 ადამიანი აიყვანა.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Brian Johnson & Dane Kantner / Lisbon subwayლისაბონის მეტრო
ლისაბონის მეტრო - Sputnik საქართველო
ლისაბონის მეტრო

კვება: ხარჯებში გაითვალისწინეთ კვებისთვის საჭირო თანხები, ლისაბონის ფასები თბილისისგან დიდად არ განსხვავდება. 2017 წლის მაისის მონაცემებით:

▪ ახალი, თეთრი პური (0.500კგ)- 2.67 ლარი

▪ ადგილობრივი ყველი (1კგ) – 20.25ლ.

▪ ქათმის ფილე(1კგ) –13.15ლ.

▪ ძროხის ხორცი (1 კგ) – 22.71ლ.

▪ ვაშლი (1კგ) – 4.16ლ.

▪ ბანანი (1კგ) – 2.71ლ.

▪ პომიდორი (1კგ) – 3.64ლ.

▪ კარტოფილი (1კგ) —2.10ლ.

▪ რძე (1ლ) – 2.67ლ.

▪ კვერცხი(12ცალი) – 4.36ლ.

▪ ბრინჯი (1კგ) –2.20ლ.

▪ კომბოსტო (1 თავი) —2.48ლ.

▪ წყალი(1.5ლ) – 1.41ლ

▪ კაპუჩინო — 3.56ლ

▪ ერთი კოლოფი მარლბორო —13ლ

▪ ადგილობრივი ლუდი (0.5ლ) —4.06ლ

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Maria Eklind / Restaurants by the dockრესტორანი ლისაბონის ნავსადგომთან
რესტორანი ლისაბონის ნავსადგომთან - Sputnik საქართველო
რესტორანი ლისაბონის ნავსადგომთან

იაფფასიან რესტორანში სადილობა, დაახლოებით, 22 ლარი დაგიჯდებათ. პორტუგალიური სამზარეულო განსაკუთრებით გამოირჩევა თევზის მრავალფეროვანი კერძებითა და შესანიშნავი ღვინის ასორტით. Rua dos Portas de Santo Antao შესანიშნავი ადგილია, სადაც უხვად არის რესტორნები თავმოყრილი.

შოპინგის მოყვარულებისთვის იდეალური ადგილია ვასკო და გამას, ამორეირასა და კოლუმბის სავაჭრო ცენტრები, რომლებიც ღამის 11 საათამდეა ღია.

CC BY 2.0 / Flickr/ ceiling / Shopping Center Vasco da Gamaვასკო და გამას სახელობის სავაჭრო ცენტრი ლისაბონში
ვასკო და გამას სახელობის სავაჭრო ცენტრი ლისაბონში - Sputnik საქართველო
ვასკო და გამას სახელობის სავაჭრო ცენტრი ლისაბონში

ლისაბონი ხასიათდება რბილი, წვიამიანი ზამთრითა და ცხელი, მშრალი ზაფხულით. იგი მშვენიერი ამინდითაა ცნობილი, მთელი წლის განმავლობაში უმეტესად თბილა, ცა მოწმენდილია.

ლისაბონი მეზობლური ურთიერთობების ქალაქია, პორტუგალიელები საკმაოდ გულღია, მხიარული ხალხია, ლაპარაკობენ ხმაურიანად, ემოციებით. საღამოთი ქუჩაში ნამდვილი ზეიმი ეწყობა: სამსახურის შემდეგ ადგილობრივები განტვირთვას სხვადასხვა გზით ცდილობენ: ცეკვავენ, მღერიან, ცდილობენ უცხოებიც ჩაითრიონ საერთო მხიარულებაში. მართლაც, ლისაბონი ევროპის ლათინური ამერიკაა.

რა არ უნდა გამოგრჩეთ ლისაბონში მოგზაურობისას:

CC BY 2.0 / Flickr/ Still ePsiLoN / Jerónimos Monasteryხერონიმოს მონასტერი
ხერონიმოს მონასტერი - Sputnik საქართველო
ხერონიმოს მონასტერი

ხერონიმოს მონასტერი Jerónimos Monastery

პორტუგალიის ძალისა და სიმდიდრის ყველაზე შთამბეჭდავი სიმბოლო, მოგზაური ვასკო და გამას დასასვენებელი ადგილი, რომელიც ახლა დიდებული ეკლესიაა. შესასვლელშია მოთავსებული ვასკო და გამას აკლდამაც. აშენებულია 1500-იან წლებში. მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მონასტრებს შორისაა აღიარებული და შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

შესვლა 6 ევროა, თუმცა The Lisboa Card-ით აქ უფასოდ შეხვალთ. შესვლა უფასოა ყოველი თვის პირველ კვირა დღეს. მონასტერთან №15 ტრამვაი მიგიყვანთ.

CC BY 2.0 / Flickr/ Romain MOREL / Tower of Belem - Portugal (Lisbon)ბელემის კოშკი
ბელემის კოშკი - Sputnik საქართველო
ბელემის კოშკი

ბელემის კოშკი Belém Tower

ბელემის კოშკი ლისაბონის სახეა. აშენებულია 1500-იან წლებში ქალაქის ნავსადგურის დასაცავად. შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. აგებულია მდინარეში და ნამდვილად შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენს. აქედან შეგიძლიათ, ფეხით გაისეირნოთ სანაპიროზე, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება მდინარეზე და ჩანს ქრისტეს ბრაზილიური ქანდაკების ასლი.

შესვლა 5€ ღირს, თუმცა The Lisboa Card-ით აქ უფასოდ შეხვალთ. კოშკთან №15 ტრამვაი მიგიყვანთ.

CC BY 2.0 / Flickr/ Shadowgate / Sao Jorge Castleსან ხორხეს სასახლე
სან ხორხეს სასახლე - Sputnik საქართველო
სან ხორხეს სასახლე

სანტ ხორხეს სასახლე São Jorge Castle

ამ უძველესი ციხე-სიმაგრიდან თითქმის მთელს ქალაქს მოავლებთ თვალს. იშლება ლისაბონის ულამაზესი ხედი. მისი უძველესი ნაწილები მე-6 საუკუნით თარიღდება. შიგნით არის პატარა არქეოლოგიური მუზეუმი, ქვემოთ — ტერასები.

სასახლესთან №37 ავტობუსი მიგიყვანთ, შესვლა კი 8.5€ ღირს.

CALOUSTE GULBENKIAN MUSEUM

დასავლეთის და აღმოსავლეთის საგანძური, შეგროვებული ერთი კაცის მიერ, ამ მუზეუმშია თავმოყრილი. ესაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ხელოვნების ნიმუშების პირადი კოლექცია, მათ შორის რემბრანდტის და რუბენსის, ნამუშევრები.

მუზეუმამდე მეტროთი მიხვალთ, თუმცა შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება.

Parcoes das narcoes

ქალაქის უძველესი უბნებისგან განსხვავებით, ეს 21-ე საუკუნის რაიონია, ევროპაში ყველაზე გრძელი ხიდით. ის მოიცავს სახელმწიფო აკვარიუმს, კაზინოს, მშვენიერ პორტს. აქ სამი ღირსშესანიშნაობაა — ვასკო და გამას ხიდი, თანამედროვე აკვარიუმი, ორიენტეს თვალისმომჭრელი სადგური.

CC0 / Flickr/ Jon Ander / MUSEU COLEÇÃO BERARDOბერარდუს მუზეუმი
ბერარდუს მუზეუმი - Sputnik საქართველო
ბერარდუს მუზეუმი

ბერარდუს მუზეუმი Berardo Collection Museum

პორტუგალიელი მილიონერის ჟოზე ბერარდუს მიერ მოგროვებული ხელოვნების ნიმუშები. ბერარდუს პირადი კოლექციიდან 820 ნამუშევარია წარმოდგენილი,მათ შორის პიკასოსა და დალის ნამუშევრები. ამ ტილოების საერთო ღირებულება 410 მილიონ დოლარს შეადგენს.

მიხვალთ №15 ტრამვაით, ყველაზე საუკეთესო ისაა, რომ შესვლა უფასოა.

Madre de deus convent (tile museum)

მსოფლიოში უნიკალური მუზეუმი ნამდვილად ღირს მოსანახულებლად. მუზეუმი შედგება 1300 თეთრი და ლურჯი ფილის კომპოზიციისგან.

მიხვალთ №794 ავტობუსით, The Lisboa Card-ით შესვლა უფასოა.

არ დაივიწყოთ სანაპიროები

ლისაბონთან ახლოს მშვენიერი, ქვიშიანი სანაპიროებია.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ F Mira / Sintraსინტრა
სინტრა - Sputnik საქართველო
სინტრა

სინტრა

სინტრა არისტოკრატული პატარა ქალაქია ულამაზესი არქიტექტურული ძეგლებით, რომლის ნახვის შესაძლებლობაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ ხელიდან. მდებარეობს ქალაქის დასავლეთით,ზღაპრული სასახლებით, ფერადი ყვავილების ბაღებითა და ველური ტყეებით გარშემორტყმული. აქაა ყოფილი საზაფხულო რეზიდენცია და მავრების ეპიკური ციხესიმაგრე. ეს ადგილი ლისაბონიდან მატარებლით 45 წუთის სავალზე მდებარეობს. შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.

და ბოლოს, აუცილებლად გაისეირნეთ ღამის ლისაბონში, განსაკუთრებით ძველ ქალაქში. ოკეანის სანაპიროზე მოჩანს მოსრიალე იახტები, ლისაბონის ცნობილი ხიდი, ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობა განათებულია, დატკბით ლისაბონური ღამით — ფადოს ღამით! ფადო პორტუგალიურად ბედს ნიშნავს და მუსიკის ეს მიმდინარეობა სწორედ ლისაბონის ერთ-ერთ კვარტალში გაჩნდა მე-19 საუკუნეში. დღეს უკვე ფადო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ქალაქის უძველეს, ვიწრო ქუჩებში თითქმის ყველა კუთხიდან, ნახევრადგანათებული რესტორნებიდან გაისმის გულისმომკვლელი სიმღერა უიღბლო სიყვარულის შესახებ ცოცხალი შესრულებით. ლისაბონი ამ სევდიანი და პოეტური მუსიკითაა ცნობილი.

ლისაბონი იდეალური ადგილია ხანმოკლე ევროპული დასვენებისათვის, ის ადგილია, სადაც კიდევ უნდა დაბრუნდეთ, რათა კიდევ ერთხელ განიცადოთ აქაური ყავის საოცარი არომატი და თავიდან შეიგრძნოთ ამ ბებერი, მხიარული, ფერადი ქალაქის ხიბლი.

ხატია გიგოლაშვილი

 

ყველა ახალი ამბავი
0