დედის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პრიმა-ბალერინაა

© Sputnik / Alexander Imedashviliდანაშაულის ადგილი
დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასმედიის მონაცემებით, ყოფილი პრიმა-ბალერინა ანა მურადელი, რომელიც დედის მკვლელობაშია ბრალდებული, დეპრესიაში იყო.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. თბილისში დედის მკვლელობაში ბრალლდებული ანა მურადელი, ოპერისა და ბალეტის თბილისის სახელმწიფო თეატრის ყოფილი პრიმა-ბალერინა აღმოჩნდა, წერს გაზეთი "რეზონანსი".

თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა მურადელს პატიმრობა უკვე შეუფარდა.

მკვლელობა ორთაჭალაში 20 მაისს, საღამოს მოხდა. ბრალდებული, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, დედას თავში ბლაგვი საგნით სასიკვდილო დარტყმა მიაყენა, ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე პატიმრობის ვადით ითვალისწინებს.

გამოცემის ინფორმაციით, დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა. მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ანა მურადელმა ოპერისა და ბალეტის თეატრში ერთ-ერთი წამყვანი პარტია შეასრულა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში შვილმა დედა მოკლა

კოლეგები მურადელს დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ მას საკუთარი პროფესიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ოპერისა და ბალეტის თეატრში ის 15 წელი მოღვაწეობდა.

„ის არაჩვეულებრივი მოცეკვავეა, არაჩვეულებრივი და ულამაზესი გოგოა, ჩვენ ყველა შოკში ვართ. არ ვიცით რა მოხდა. საშინელი ტრაგედიაა", — ციტირებს "რეზონანსი" საბალეტო დასის ერთ-ერთი წევრის სიტყვებს.

ყოფილი პრიმა-ბალერინა დეპრესიაში იყო. საქმე ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ ის მეუღლეს დაშორდა. წყვილს შვილები არ ჰყავდა.

გაზეთი ამტკიცებს, რომ ქმართან დაშორების შემდეგ ანა მურადელი ალკოჰოლს მიეძალა. რამდენიმე წლის წინ კი მან ფეხის ტრავმა მიიღო და პირველხარისხოვან როლებს ვეღარ ასრულებდა.

ოპერის თანამშრომლები ამბობენ, რომ მურადელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განსაკუთრებით ზრუნავდა პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი. სწორედ მისი დახმარებით ანა მურადელს ფეხზე ოპერაცია და ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ სამკურნალო კურსიც ჩაუტარდა.

"რეზონანსის" ინფორმაციით, ანა მურადელის მამა იყო ლევან მურადელი, ცნობილი მუსიკოსი, სახელმწიფო კაპელას ერთ-ერთი წევრი.

ყველა ახალი ამბავი
0