თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების კაპიტანი და "გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრალური მოთამაშე ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც NBA-ს კონფერენციის ჩემპიონი გახდა.
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეოთხე მატჩში "უორიორზმა" ანგარიშით 129:115 "სან-ანტონიო სპერსი" დაამარცხა და მოიგო სერია ანგარიშით 4:0.
თავად ფაჩულია მოედანზე არ გამოსულა, რადგან სერიის მეორე მატჩში მცირე დაზიანება მიიღო.
NBA-ს ისტორიაში "უორიორზი" პირველი გუნდი გახდა, რომელმაც კონფერენციის ფლეი-ოფის ყველა მატჩი მოიგო.
NBA-ს ფინალში "გოლდენ სტეიტი" შეხვდება "კლივლენდ კავალიერსისა" და "ბოსტონ სელტიკსის" წყვილის გამარჯვებულს. ამ გუნდებს შორის სერიის მესამე მატჩის შემდეგ "კავალიერსი" წინ არის — 2:1.
უნდა აღინიშნოს, რომ ტრავმის გარდა ფაჩულიაზე ფსიქოლოგიური ზეწოლაც მიმდინარეობს. საქმე ისაა, რომ კალათბურთელის ოჯახის მისამართით მუქარები ისმის.
ამასთან დაკავშირებით სკოლაში, სადაც ქართველი კალათბურთელის შვილები სწავლობენ, დაცვაც კი გაძლიერდა, ხოლო ფაჩულიამ Instagram-ში საკუთარი პროფილი გააუქმა. სწორედ იქ მიუვიდა კალათბურთელს მუქარის შემცველი შეტყობინებები.
მუქარის საბაბი გახდა ეპიზოდი, რომელიც "სან-ანტონიოს" წინააღმდეგ სერიის პირველ მატჩში მოხდა. თამაშის ერთ-ერთ მომენტში ფაჩულიამ "სან-ანტონიოს" ლიდერ კავაი ლეონარდის სროლის დაბლოკვა სცადა და უნებლიედ ფეხი ისე ჩაუდგა, რომ ლეონარდმა კოჭის ტრავმა მიიღო.
ამის შემდეგ "სან-ანტონიოს" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ფაჩულიას მისამართით მკვეთრი კრიტიკა გამოთქვა და მომხდარს "არაგანზრახ მკვლელობა" უწოდა.
ფაჩულიას თქმით, ფანების მხრიდან ასეთი აგრესიული მოქმედებები სწორედ პოპოვიჩის სიტყვებმა გამოიწვია.
ამ დროს თავად ლეონარდი მიიჩნევს, რომ ქართველი ცენტრალური თავდამსხმელის მოქმედებაში არანაირი ბოროტი განზრახვა არ ყოფილა.