სან-რემოში ქართველის „სპონტანური“ გამარჯვება - ვინ არის ლიზი წერეთელი

გამოწერა
„Sputnik-საქართველო“ გთავაზობთ ექსკლუზიურ მასალას ლიზი წერეთლის შესახებ, რომელმაც სიმღერის პრესტიჟულ იტალიურ კონკურსზე sanremoJunior 2017 სან-რემოში გაიმარჯვა.

საერთაშორისო ფესტივალები და კონცერტები ახალგაზრდა მუსიკოსებს მუსიკალურ სამყაროში კარს უხსნის — ისინი მუსიკალური კარიერის დასაწყებად მათთვის ნამდვილ კვარცხლბეკს წარმოადგენენ.
ასე მოხდა 11 წლის ლიზი წერეთლის შემთხვევაშიც, რომელმაც 6-დან 16 წლამდე ასაკის სოლო-მომღერლების სიმღერის პრესტიჟულ იტალიურ კონკურსზე sanremoJunior 2017-ზე საქართველო ღირსეულად წარადგინა.
ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა კონკურსზე შეასრულა ამერიკელი მომღერლის ალიშა ქეის ცნობილი სიმღერა If I Ain't Got You. მომღერალს აკომპანემენტს სიმფონიური ორკესტრი უწევდა. ლიზის შესანიშნავ ხმას, მის არტისტულობასა და დამაჯერებლობას მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრები გულგრილი არ დაუტოვებია. შედეგად ლიზიმ უმაღლესი ჯილდო — გრან-პრი მიიღო.
ყველაფერი კი ოთხი წლიდან დაიწყო, როდესაც პატარა ლიზიმ სიმღერა დაიწყო. გოგონა ყველგან და გამუდმებით მღეროდა, ამიტომ მშობლებმა ის ბავშვთა მუსიკალურ ანსამბლში მიიყვანეს.

© Jacopo Gugliotto - FB / sanremoJunior (official page)ლიზი წერეთელი
Выступление Лизи Церетели на итальянском конкурсе песни sanremoJunior 2017  - Sputnik საქართველო
ლიზი წერეთელი

 „შემდეგ რამდენიმე კლიპი გადავიღეთ, ვოკალის პედაგოგთან აქტიურად ვმეცადინეობდი. ფანდურზე ვუკრავ და არამარტო ფოლკლორულ სიმღერებსა და მელოდიებს, არამედ თანამედროვე ინგლისურ სიმღერებს, ინსტრუმენტზე მათ თავად ვაწყობ. გიტარაზეც ვუკრავ. მუსიკა ჩემთვის ყველაფერია. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ განწყობაზე ვარ — მუდმივად ვმღერი“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ლიზიმ.
ლიზისათვის ასეთი მასშტაბის  გამოსვლა პირველი იყო. ამბობს, რომ ძალიან ნერვიულობდა, და როდესაც შეიტყო, რომ გაიმარჯვა, ცრემლები ვერ შეიკავა.
 „ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო, მე ხომ ორკესტრის თანხლებით ვმღეროდი. გამარჯვება მოულოდნელობა იყო, მართლა არ მეგონა, რომ მთავარ პრიზს ავიღებდი“, — აღიარა ლიზიმ.
ქანთრი, ჯაზი, ფოლკლორი, პოპ-მუსიკა, როკი — ლიზის თითქმის ყველა მუსიკალური მიმართულება მოსწონს, მას შთააგონებს Sia-ს, The Rolling Stones-ის, Led Zeppelin-ის შემოქმედება.

© Jacopo Gugliotto - FB / sanremoJunior (official page)ლიზი წერეთელი sanremoJunior 2017-ზე
Выступление Лизи Церетели на итальянском конкурсе песни sanremoJunior 2017  - Sputnik საქართველო
ლიზი წერეთელი sanremoJunior 2017-ზე

ინსტრუმენტებზე დაკვრის და სიმღერის გარდა, ლიზის ძალიან უყვარს ცეკვა, ის კარგად ცეკვავს ქართულ, სამეჯლისო ცეკვებს, ჰიპ-ჰოპს.
 „ეს ჩემი სტილია, ის, რაც მომწონს. ახლა ხელოვნებით ვარ გატაცებული, მაგრამ ძალიან მინდა იურისტი გამოვიდე და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარო“, — აცხადებს ლიზი.
ცნობილი ქართველი მუსიკალური პროდიუსერის ნატო დუმბაძის თქმით, ჯილდო მართლაც „სპონტანური“ იყო, იმის გათვალისწინებით, თუ რა მოკლე დროში მოხერხდა ყველაფრის ორგანიზება.
 „იტალიაში ხშირად დავდივარ. იქ ბევრი მეგობარი მყავს, ერთ-ერთი უახლოესი ვასილ თედორაშვილია. მან საბავშვო კონკურსის sanremoJunior-ის პრეზიდენტი პაოლო ალბერტი გამაცნო, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის მონაწილეების შესარჩევი ტური უკვე დასრულებული იყო, განაცხადა, რომ ჩართავს საქართველოს, თუ ორ კვირაში კონკურსანტის პოვნას შევძლებდი“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ დუმბაძემ.
ასეთი შანსის დაკარგვა არცერთ პროდიუსერს არ უნდა, მით უმეტეს დუმბაძეს, რომელიც ამ სფეროში დიდი ხანი მუშაობს და კარგად იცის, რომ ასეთი კონკურსი ბავშვისათვის და მისი კარიერისათვის გადამწყვეტი შეიძლება გახდეს.

© FB / Marika Gelovaniლიზი წერეთელი sanremoJunior 2017-ზე
Лизи Церетели - Sputnik საქართველო
ლიზი წერეთელი sanremoJunior 2017-ზე

 „ჩემთვის მაჩვენებელია ის, რომ ბავშვი ეროვნულ ინსტრუმენტზე უკრავს. ეს უკვე იმას მოწმობს, რომ მას კარგი მუსიკალური მონაცემები აქვს“, — აღნიშნა დუმბაძემ.
კონკურსისათვის მომზადება სწრაფად და სპონტანურად დაიწყო. ნატო დუმბაძემ პროდიუსერ გიგა კუხიანიძესთან და ვოკალის პედაგოგ მაკა დავითაიასთან ერთად შეუძლებელი შეძლო. პრაქტიკულად სადღეღამისო მეცადინეობამ დადებითი შედეგი მოიტანა. ლიზი შეარჩიეს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე მიიწვიეს.
 „ლიზას გააჩნია ინდივიდუალიზმი, კარგი ხმა, ვოკალი და შესრულების მანერა. როდესაც მოვუსმინე, როგორ მღერის, მივხვდი, რომ აუცილებლად პრიზით დავბრუნდებოდით. პირველივე რეპეტიციაზე დირიჟორმა დაიწყო შეძახილები „პერფექტო“, „ბელისიმო“ და მითხრა, რომ ლიზას მეტი რეპეტიცია აღარ სჭირდება“, — ხაზგასმით აღნიშნა დუმბაძემ.

© FB / Marika Gelovaniლიზი წერეთელი და ნატო დუმბაძე
Лизи Церетели и музыкальный продюсер Нато Думбадзе - Sputnik საქართველო
ლიზი წერეთელი და ნატო დუმბაძე

გამარჯვებულის სახელი და გვარი სულ ბოლოს გამოაცხადეს, გვიამბო დუმბაძემ, იმ მომენტში, როდესაც ლიზის და დედამისს ეგონათ, რომ დიპლომსაც არ გადასცემდნენ.
კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ ლიზასთან და მის პროდიუსერთან უცხოელი პროდიუსერები და მუსიკოსები მივიდნენ და თანამშრომლობა შესთავაზეს.
 „ჩვენი მთავარი გამარჯვება იმაშია, რომ ევროპას ძალიან მოეწონა. პირველ რიგში, იტალიელები გვაფასებდნენ, მაგრამ ის, რომ გარკვეული წინადადებებით მოდიოდნენ ფრანგები, რუმინელები, ესპანელები — ეს ბევრ რამეს ცხადყოფს“, — განაცხადა დუმბაძემ.
სულ კონკურსზე 17 ქვეყნის 22 მონაწილე გამოვიდა. ლიზი და მისი პროდიუსერი კონკრეტულ გეგმებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ზაფხულში ლიზი სხვადასხვა ევროპულ მუსიკალურ ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.

ყველა ახალი ამბავი
0