მწვერვალების დამპყრობელი და კლდის ვეფხვი: მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის გზა სვანეთიდან

© courtesy of Anastasia Schreiberმიხეილ ხერგიანი
მიხეილ ხერგიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სვანეთის შუაგულში, მშვენიერ მესტიაში, ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე არის ერთი ლეგენდარული პიროვნების - სვანი მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის პატარა, მაგრამ ძალიან ამაყი სახლ-მუზეუმი.

კლდის ვეფხვი, ცამდე აწვდილი მწვერვალების მასპინძელი და მთების უშიშარი დამპყრობელი. რა წოდებებით არ შეამკეს ეს გამოჩენილი ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, სსრკ-ის შვიდგზის ჩემპიონი და სპორტის დამსახურებული ოსტატი, „საპატიო ნიშნის“ ორდენის კავალერი.
მუზეუმების საერთაშორისო დღეს, რომელიც 18 მაისს აღინიშნება, „Sputnik-საქართველოს“ კოლუმნისტი ანასტასია შრაიბერი უნიკალური სპორტსმენის სახლში სტუმრობდა და მთების გმირის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

© Личный архив Анастасии Шрайберმიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
Фото Михаила Хергиани в музее - Sputnik საქართველო
მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი

ლტოლვა მთებისკენ
„ჟურნალისტებისათვის  მუზეუმში შესვლა თავისუფალია“, — ღიმილით გამომელაპარაკა ცისფერთვალება, გარუჯული გიდი. მას მივყავარ სახლში, სადაც მიხეილ ხერგიანი დაიბადა.
ეს 1932 წლის 20 მარტს მოხდა. სვანეთის ერთ-ერთი პირველი მთამსვლელის ბესარიონ ხერგიანის სახლში, რომელმაც 1937 წელს უშბა დაიპყრო, დაიბადა საოცრად ძლიერი და ჯანმრთელი ბიჭი. ნათლობისას მას სახელი ჩხუმლიანი დაერქვა. თავად ხერგიანი კი საკუთარ სახელზე შემდეგს ამბობდა:
„სამი სახელი მაქვს. ჩემი ნამდვილი სახელია ჩხუმლიანი. ნათლობისას ეს სახელი ჩვენი შორეული წინაპრის საპატივცემულოდ დამარქვეს. ჩემი მეორე სახელია მინანი, ასე მეძახიან სახლში მამა, ძმები, დები, ახლო ნათესავები. ჩემი მესამე სახელი რუსულია — მიხეილი. მიშა, მიხეილი — ასე მომნათლეს ალპინიზმის ინსტრუქტორების სკოლაში, ჩხუმლიანს ვერ გამოთქვამდნენ“.

© Личный архив Анастасии Шрайберმიხეილ ხერგიანი მამასთან ერთად
Миахил Хергиани с отцом Виссарионом Хергиани - Sputnik საქართველო
მიხეილ ხერგიანი მამასთან ერთად

მთამსვლელის სახლის სტუმრების მისაღებ ოთახში ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ადრე იყო. კერია, აკვანი, სანათი, სასადილო მაგიდა, რომლის ირგვლივ ოჯახი იკრიბებოდა, კედლებზე მამის, ნაადრევად გარდაცვლილი დედის, მამის მეორე ცოლის, ძმების და დების სურათებია.
მიშა ბავშვობიდან მთების სიყვარულში იზრდებოდა. მამის გარდა, ალპინისტები იყვნენ მისი ბიძა და ბიძაშვილი. მოზარდობისას მიშა მთებზე ასვლის აღტაცებულ ამბებს ისმენდა. და თავადაც იქით მიიწევდა — დადიოდა მთებში, ცოცავდა კლდეებზე და სამთო-სათხილამურო სპორტით იყო გატაცებული.

© Личный архив Анастасии Шрайберმიხეილ ხერგიანის ოთახი
Комната Михаила Хергиани  - Sputnik საქართველო
მიხეილ ხერგიანის ოთახი

ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, 1951 წელს, მიხეილ ხერგიანი ალპინიზმის ინსტრუქტორების საკავშირო სკოლას ამთავრებს. ერთი წლის შემდეგ პრიელბრუსიეში, ადირ-სუს ხეობაში მდებარე ალპინისტურ ბანაკ „მეტალურგში“ ინსტრუქტორად იწყებს მუშაობას. 1956 წლიდან მიხეილი — შხელდას ხეობაში ალპინისტური ბანაკ „სპარტაკის“ სამაშველო რაზმის უფროსია.
1952 წელს ქართველმა სპორტსმენმა ალპინიზმის მეორე თანრიგის ნორმები შეასრულა და კლდეზე ცოცვაში ჩემპიონი გახდა, 1956 წელს ტიუტიუ-ბაშის ჩრდილოეთ კედლის პირველი დაპყრობისათვის სსრკ-ის სპორტის ოსტატის და ჩემპიონის წოდება დაიმსახურა. 1957 წელს სვან ალპინისტ იოსებ კახიანთან ერთად დონღუზ-ორუნის ჩრდილო-დასავლეთ კედლის პირველი დაპყრობისათვის სსრკ-ის ჩემიონატზე მიხეილ ხერგიანმა მესამე ადგილი დაიკავა, 1963 წელს — სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი გახდა, ხოლო 1966 წელს გამოჩენილი სპორტული მიღწევებისათვის „საპატიო ნიშნის“ ორდენი მიიღო.

© Личный архив Анастасии Шрайберხერგიანის განუმეორებელი ღიმილი
Ослепительная улыбка Миахила Хергиани - Sputnik საქართველო
ხერგიანის განუმეორებელი ღიმილი

მიხეილ ხერგიანი კლდეზე ცოცვაში სსრკ-ის ჩემპიონი შვიდჯერ გახდა. და რაც მთავარია — რთული კლდოვანი მარშრუტების სასწაული სისწრაფით გავლის უნარისათვის ინგლისელი მთამსვლელებისგან წოდება „კლდის ვეფხვი“ დაიმსახურა.
ხერგიანის სახლ-მუზეუმში ნახავთ უამრავ პორტრეტს, ფოტოსურათს, გაზეთ-ჟურნალებიდან ამოჭრილ სურათებს, რომლებიც მის შთამბეჭდავ პროფესიულ გამოცდილებას ადასტურებენ. ალპინისტის ბრწყინვალე ღიმილი და მისი ვაჟკაცური სახე მუზეუმის დამთვალიერებლებს მის ძლიერ, ლამაზ, მიზანდასახულ და ღრმა ბუნებას უჩვენებს.

იქვე ინახება მიხეილ ხერგიანის ალპინისტური ინვენტარი, მისი აღჭურვილობა, ტანსაცმელი, საგზაო ჩანაწერები, შემთხვევითი და არაშემთხვევითი ფოტოკადრები, რომლებიც მთების მის მრავალრიცხოვან დალაშქრვას აღბეჭდავს.

ხერგიანის დაღუპვა

1969 წელს მიხეილ ხერგიანი ალპინისტთა ჯგუფთან ერთად იტალიურ ალპებში გაემგზავრა, მწვერვალებზე რამდენიმე ეფექტური დალაშქვრის მიზნით. ბოლო მარშრუტი იყო მთა სუალტოს 700-მეტრიანი კედელი, სადაც ხერგიანს რეკორდი უნდა დაემყარებინა. მასთან ერთად მოსკოველი ალპინისტი ვიაჩესლავ ონიშჩენკო იყო.
პირველი ხერგიანი მიდიოდა. ერთ მომენტში ხერგიანი მოწყდა და დიდი ლოდების გროვასთან ერთად დაბლა ეცემოდა. ონიშჩენკო კლდის მეორე მხარეს იყო და მოწყვეტის მომენტი არ დაუნახავს. საშინელი ხმაურისა და ყვირილის ხმის გაგონებისას, მოემზადა იმისათვის, რომ თოკი მოწყდებოდა, მაგრამ მაშინვე იგრძნო, რომ თოკი დაჭიმული აღარ არის. თოკი ქვებმა გადაჭრეს, რომლებიც ხერგიანთან ერთად მოწყდა.

© Личный архив Анастасии Шрайберხერგიანის საბედისწერო თოკი
Последняя веревка Михаила Хергиани - Sputnik საქართველო
ხერგიანის საბედისწერო თოკი

ხერგიანი 600 მეტრის სიმაღლიდან მოწყდა და ქვებზე დაეცა. ალპინისტის სხეული საშინლად დასახიჩრებული იყო. მიხეილის მამამ შვილის ამოცნობა მხოლოდ ქამრით შეძლო. ალპინისტი კი მხოლოდ 37 წლის იყო.
სახლის ზედა ნაწილში, კლდის მსგავს კედელზე, ინახება ის ავბედითი თოკი, წითელი ფერის. საშინელი სანახავია…

ხერგიანის ხსოვნა

მიხეილ ხერგიანის სახელი საქართველოს და არამარტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა. 1971 წელს საბჭოთა კავშირში კლდეზე ცოცვაში ხერგიანის სახელობის პრიზი დაწესდა. მისი სახელი მიენიჭა ყირიმის ერთ-ერთ კლდეს, რომელიც კლდეზე ცოცვაში შეჯიბრების ჩატარების ადგილად იქცა, ასევე თურქისტანის ქედის პამირო-ალაიზე ერთ-ერთ მწვერვალს და ბულგარეთში ვრაჩანის მასივში ალპინისტურ სექტორსა და მარშრუტს. ქართველი ალპინისტის მემორიალური დაფები არის ალპინისტურ ბანაკ „შხელდაში“, ყირიმში კრესტოვაიას მთაზე და მწვერვალ სუალტოზე. მის მშობლიურ მესტიაში ყოველ ზაფხულს ტარდებოდა ხერგიანისადმი მიძღვნილ დღესასწაულები — „მიშას დღეები“.

1985 წელს ხერგიანის მშობლიურ სახლში მემორიალური სახლ-მუზეუმი მოეწყო. ორი წლის შემდეგ აშშ-ში სმითსონის ობსერვატორიის მცირე პლანეტების საერთაშორისო ცენტრმა,  საბჭოთა ასტრონომის ნიკოლაი ჩიორნიხის წინადადებით, ხერგიანის სახელი ეწოდა მცირე პლანეტას (მცირე პლანეტების კატალოგში #3234), რომელიც მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის ასტეროიდების რგოლში მდებარეობს.


ხერგიანმა კულტურაშიც შესამჩნევი კვალი დატოვა. მასზე დაწერილია წიგნები, მოთხრობები, კომპოზიციები, იური ვიზბორმა და ევგენი ევტუშენკომ მას ლექსები მიუძღვნეს. ვლადიმირ ვისოცკიმ მიხეილ ხერგიანს მიუძღვნა შესანიშნავი სიმღერა К вершине.
დღეს მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმში ჩანაწერების წიგნი ინახება. მასში ნებისმიერ მსურველს რამდენიმე სიტყვის დატოვება შეუძლია მიშა ხერგიანის შესახებ, კლდის ვეფხვზე და დიდ ადამიანზე, რომელიც, გადაჭარბების გარეშე, სვანეთის ლეგენდას წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0