თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს უჩვეულო ანტისხეული, რომელიც უერთდება იმუნურ უჯრედებს და მათ კიბოს სიმსივნეზე შეტევას აიძულებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ჟურნალ Science Immunology–ში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით.
„მე, როგორც ნეირობიოლოგს, არასდროს მიფიქრია, რომ გამოვაქვეყნებდი კიბოს იმუნოთერაპიასთან დაკავშირებულ სტატიას. როდესაც Т–უჯრედების განსაკუთრებულ ჯგუფს ვსწავლობდით, რომელიც, სავარაუდოდ, აუტოიმუნური დაავადებების განვითარებას აბრკოლებს, გაგვიჩნდა იდეა – თუ კიბო ამ დაავადებების თავისებური ანტიპოდია, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მუშაობის შედეგების გამოყენება იმისთვის, რომ „ჩავრთოთ“ იმუნური სისტემა და არა „გამოვთოთ“ ის“, – განაცხადა ჰოვარდ უაინერმა (Howard Weiner) ჰარვარდის უნივერსიტეტიდან (აშშ).
როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, ჩვეულებრივ, იმუნური სისტემა კარგად უმკლავდება პირველადი სიმსივნეების შეჩერებას, რომელთა უჯრედები ყოველთვის მათ შიგნითაა. როდესაც უჯრედები დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს იძენს, ჩნდება მეტასტაზები, რომლებსაც იმუნური სისტემა, რაღაც მიზეზით, უბრალოდ ვერ ხედავს და კიბოს უჯრედების „შებოჭვას“ არ ცდილობს.
მეორე მხრივ, იმუნური უჯრედები ძალზე იშვიათად ცდილობენ სიმსივნის შეგნით შეჭრას და მის შიგნიდან განადგურებას. ამის მიზეზი ჯერჯერობით ექიმებისა და ბიოლოგების დისკუსიის საგნად რჩება. ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ კიბოს უჯრედებს შეუძლია განსაკუთრებული „პანიკის სიგნალების“ გამომუშავება, რაც იმუნიტეტის მთავარ „დირიჟორებს“ – „მარეგულირებელ Т–უჯრედებს“ აიძულებს, სხვა იმუნურ უჯრედებს კიბოზე შეტევის ნება არ მისცეს.
უაინერის თქმით, მისი გუნდი რამდენიმე წელია გაფანტული სკლეროზის მკურნალობაზე მუშაობს. ესაა აუტოიმუნური დაავადება, რომლის განვითარებისას იმუნური უჯრედები ტვინის ნეირონებზე შეტევას იწყებს. მეცნიერებს იმედი ჰქონდათ, რომ შექმნიდნენ ისეთ ანტისხეულს, რომელიც ამ უჯრედებს „ასწავლიდა“, არ დასხმოდნენ თავს ნერვულ ქსოვილს და გადართავდნენ ადამიანის ჯანმრთელობის რეალურ საფრთხეზე.
თაგვებზე ცდების ჩატარებისას ბიოლოგებმა შენიშნეს, რომ ჯანმრთელ მღრღნელებს უჩვეულოდ ბევრი განსაკუთრებული Т–უჯრედები ჰქონდათ. თაგვებს გაფანტული სკლეროზით ეს უჯრედები ნერვულ ქსოვილში არ ჰქონდათ და ამასთან, ჰქონდათ კიბოს სიმსივნეების უმეტეს ნაწილში.
ამ აღმოჩენამ უაინერი და მისი კოლეგები მიიყვანა აზრამდე, რომ ამ უჯრედებს, რომლებიც იცავენ ტვინს იმუნიტეტის შეტევისგან, შეუძლიათ ხელი შეუშალონ იმუნური სისტემის სხვა უჯრედებს, შეიჭრან კიბოს სიმსივნეებში. ეს იდეა მათ შეამოწმეს ანტისხეულების მეშვეობით, რომელიც მსგავსი Т–უჯრედების დასათრგუნავად თაგვების ტვინზე ექსპერიმენტებისას შექმნეს.
ამ ანტისხეულების იმუნური უჯრედების კულტურებში დამატებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მათი კიბოს საწინააღმდეგო აქტიურობა შესამჩნევად გაიზარდა Т–უჯრედების „პანიკის სიგნალების“ გამომუშავების უნარის, ასევე ბეტა–TGF–ის მოლეკულების ლიმფოციტების (რომლებიც „აფრთხობენ“ სიმსივნის საზღვრებს გარეთ ერთეულ კიბოს უჯრედებს) დაბლოკვის ხარჯზე.
შემდეგ მეცნიერებმა შეამოწმეს, შეძლებს თუ არა ეს ანტისხეულები, ხელი შეუწყოს თაგვების სხეულში სიმსივნეების განადგურებას. როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, ანტისხეულები ნამდვილად აიძულებდა იმუნურ უჯრედებს, შეეღწია სიმსივნის შიგნით და ამის წყალობით მისი ზრდა შეენელებინათ ან სრულად შეეჩერებინათ.
უფრო მეტიც, რამდენიმე თვის შემდეგ სიმსივნის ხელახალი იმპლემენტაცია წარუმატებლად მთავრდებოდა – თაგვების ორგანიზმმა კიბოს მიმართ თავისებური „იმუნიტეტი“ გამოიმუშავა და მისგან აქტიურად იცავდა თავს.
როგორც უინერი აღნიშნავს, ამ აღმოჩენით უკვე დაინტერესდა კომპანია Tilos Therapeutics, რომელიც მეცნიერებს ამ ანტისხეულების ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შესწავლაში და კლინიკური ცდების ჩატარებაში დაეხმარება. ბიოლოგების ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, ამ პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდება, ამიტომ არ ღირს დალოდება, რომ კიბოს წამალი ამ ანტისხეულების ბაზაზე ხვალვე გამოჩნდება აფთიაქებში.