საქართველოში გადაიღებენ ქართულ-ფრანგულ-იტალიურ ფილმს რაგბიზე საპატიმროში

© photo: Sputnik / Ivan Rudnev / გადასვლა მედიაბანკშიგამოსასწორებელი კოლონია
გამოსასწორებელი კოლონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ-ფრანგულ-იტალიური დრამის სიუჟეტი არასრულწლოვანი პატიმრების ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების სპეციალურ პროგრამაზე მოგვითხრობს.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოში შემოდგომაზე ქართულ-ფრანგულ-იტალიური მხატვრული ფილმის გადაღებები დაიწყება. ფილმის სახელწოდებაა „უარყოფითი რიცხვები" და ის პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში რიგით მეექვსე ფილმი იქნება.

ფილმის სიუჟეტი, რომელსაც საპროდიუსერო კომპანია Magnet Films გადაიღებს, რეალურ მოვლენებს ეფუძნება. ის მოგვითხრობს საქართველოს რაგბის ეროვნული კავშირისა და UNICEF-ის ერთობლივ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში პატიმრებისთვის, ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების მიზნით, რაგბის ვარჯიშები დაინიშნა.

დრამა „უარყოფით რიცხვებს" რეჟისორი უტა ბერია გადაიღებს.

გადასაღები მოედანი ავჭალის ყოფილ მეათე საპყრობილეში მოეწყობა. 31 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფილმის გადასაღებად უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით „მაგნეტ ფილმს" გადასცა.

კრუაზეტის სანაპირო კანის 69-ე ფესტივალის მოლოდინში - Sputnik საქართველო
ქართველი კინემატოგრაფისტები კანის ფესტივალისთვის ემზადებიან

გადაღებები სექტემბერში დაიწყება და ერთ თვეს გასტანს. ფილმზე მუშაობის დროს 40 ადგილობრივი მცხოვრები დაკავდება, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

"გადაიღე საქართველოში" ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროების ერთობლივად შემუშავებული პროგრამაა. პროექტს მეწარმეობის განვითარების სააგენტო და ეროვნული კინოცენტრი ახორციელებენ.

პროექტი ითვალისწინებს ნაღდი ფულის დაბრუნების მექანიზმს, რაც ნიშნავს, რომ კინომწარმოებელი საქართველოში ფილმის გადაღებაზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 25%-ს უკან მიიღებს.

2017 წლის აპრილის მონაცემებით, პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხუთი პროექტი განხორციელდა. შედეგად საქართველოში დაიხარჯა დაახლოებით 7,3 მილიონი ლარი და დასაქმდა 650 ადგილობრივი მოსახლე.

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში კიდევ რამდენიმე პროექტის გადაღებებზე, აღნიშნავენ სამინისტროში.

ყველა ახალი ამბავი
0