თბილისი, 19 მაისი — Sputnik. რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგის აღდგენა აუცილებელია პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, მიიჩნევს ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე.
ამის შესახებ ჭყოიძემ განაცხადა ბრიფინგზე თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში თემაზე: „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსი ტურისტებისთვის სახიფათო ქვეყნების სიაში საქართველოს შეტანის შესახებ".
„მე მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებასაც და რუსეთის ხელისუფლებასაც, რომ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რასაც ჰქვია საქართველოში რუსი ტურისტების არჩამოსვლა, ეს არის გადაჭარბებული. ჩვენ ხშირად უნდა ავწონ-დავწონოთ ეს ურთიერთობები, რადგან ისედაც რთული ვითარებაა ქართულ-რუსულ ურთიერობებში და მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ გააუარესებს ჩვენს მომავალ ურთიერთობებს. ეს გაუარესება ავნებს როგორც საქართველოს, ასევე ავნებს რუსეთის ფედერაციას. ამიტომ მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს მსგავსი ტიპის პროვოკაციები, აუცილებელია მოხდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის და რუსეთის პრეზიდენტის, პირველ პირთა შეხვედრა, დაიწყოს ურთიერთობის რეალურ ნორმალიზებაზე საუბარი. უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები, რადგან 21-ე საუკუნეში მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობითაა შესაძლებელი ყველა კონფლიქტის გადაწყვეტა", — განაცხადა ჭყოიძემ.