თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისში უშუს ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართა, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი.
ტურნირში ევროპის კონტინენტის 28 ქვეყნის 800-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
14-15 მაისს ტურნირი სახეობა ვინ-ჩუნში ჩატარდა, 17-დან 20 მაისის ჩათვლით კი სპორტსმენები ტრადიციულ უშუში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
უშუს ევროპის ჩემპიონატი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა და საქართველოში ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება. ევროპის ჩემპიონატი ხორციელდება პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში.
უშუ — ტერმინია, რომელიც როგორც ჩინური საბრძოლო ხელოვნებების, ასევე მათ საფუძველზე შექმნილი სპორტის თანამედროვე სახეობების აღსანიშნავად გამოიყენება. „უშუ“ დაახლოებით ითარგმნება როგორც სამხედრო/საბრძოლო ხელოვნება/ტექნიკა. ხშირად უშუ და კუნგ-ფუ სინონიმებია, მაგრამ ეს მხოლოდ საბრძოლო ხელოვნებას ეხება.
უშუს სხვადასხვა სტილი არსებობს. ყველაზე ცნობილი მსახიობები, რომლებიც უშუს (კუნგ-ფუს) ოსტატები არიან, არიან ბრიუს ლი, ჯეკი ჩანი და ჯეტ ლი.