თბილისი, 17 მაისი — Sputnik. პოლონეთის სეიმის მარშალი, მარეკ კუხჩინსკი საქართველოს ივლისში ესტუმრება, ამის შესახებ კუხჩინსკის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი კობახიძის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
კობახიძე ვარშავაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე მონაწილეობის მიღების მიზნით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის სპიკერი მაღალი რანგის რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
„შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის, მათ შორის, პარლამენტებს შორის თანამშრომლობისა და ზოგადად, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები“, — აღნიშნა კობახიძემ შეხვედრის დასასრულს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოები საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ფორმატში აქტიურად ითანამშრომლებენ.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტი ვარშავაში 17 მაისს დაიწყო და 20 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 20-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, ხორვატიის, ყაზახეთის, ლიტვის, ლატვიის, მოლდოვის, თურქეთის, უკრაინისა და უნგრეთის წარმომადგენლები.
2017 წელს საქართველო და პოლონეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. ამ პერიოდში საქართველოსა და პოლონეთს შორის გაფორმდა 15 საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც არეგულირებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონალური განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სფეროში.