ნინი რაზმაძე
– რამდენი ხანია, რაც ცეკვა სამკურნალო საშუალებად გამოიყენება?
— ეს დატვირთვა ცეკვას 1946 წლიდან აქვს. როდესაც ვეცნობოდი ფსიქოლოგიურ ნაშრომებს, აღმოვაჩინე, რომ არსებობდა მოძრაობის თერაპიები და დავიწყე მათი შესწავლა. მოძრაობის თერაპია ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოაჩინეს. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში საშინლად დაძაბული გარემო იყო მთელ მსოფლიოში. ქორეოგრაფი მარიან ჩეისი აკვირდებოდა მასთან მისულ ადამიანებს და აგროვებდა მონაცემებს მოძრაობის თერაპიამდე და შემდგომი ფსიქოემოციური მდგომარეობის შესახებ. იგი ხედავდა, რომ მუსიკის ფონზე მოძრაობით ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლებოდა და მიხვდა, რომ სხეული და გონება განუყოფელია. პირველი კვლევები ქორეოგრაფმა, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან ერთად შეასრულა. სწორედ აქედან დაიწყო მოძრაობის თერაპიის ისტორია. პირველად ამერიკაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოსცადეს ცეკვის თერაპიის ზეგავლენა და აღმოაჩინეს, რომ ყველაზე რთული პაციენტიც კი თერაპიას დაექვემდებარა და ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე დამშვიდდა. ამერიკაში მოძრაობის თერაპია დანერგილია ონკოლოგიურ საავადმყოფოებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სკოლებში და სხვადასხვა საზოგადოებრივ ადგილებში.
– რა რის მოძრაობის, ანუ ცეკვის თერაპია?
— ეს არავერბალური კომენიკაციაა, რომელიც გვეხმარება სოციუმთან ადაპტაციაში. სხვადასხვა დაავადების დროს სხვადასხვა მიდგომა და მუსიკაა საჭირო.
– დღეს ცეკვის თერაპია მსოფლიოს თითქმის ყველა წარმატებულ ქვეყანაში ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ ყველაზე მეტად გამოყენებულ თერაპიულ მიმართულებად ითვლება, საქართელოში რამდენად პოპულარულია იგი?
— მოძრაობის თერაპია საქართველოში რეალურად არ არის ფეხმოკიდებული. როგორც წესი, ყველა ქვეყანაში ეს პროექტი მთავრობის პატრონაჟის ქვეშ დაიწყო. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ მოხდა. ეს სიახლეა, რომელიც ბევრმა არც იცის. თუ ვინმე ერთხელ მოსულა ჩვენთან და თერაპიის შედეგი საკუთარ თავზე გამოუცდია, აქედან აღარ წასულა. ადამიანი კარგად იცნობს საკუთარ შესაძლებლობებს, აქ კი საშუალება ეძლევა გამოავლინოს ის, რაც არის მის ქვეცნობიერში დალექილი.
– ძირითადად რა პრობლემებით მოგმართავენ?
— ძირითადად მოგვმართავენ ადამიანები სტრესით, გულისა და პარკინსონის დაავადებით. მსოფლიო შედეგებს თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ პარკინსონით დაავადებულ ადამიანებში საუკეთესო შედეგებია.
– მოძრაობის თერაპია რა დაავადებებს კურნავს?
— საკმაოდ ბევრ დაავადებას კურნავს, მაგალითად: იშემიური დაავადებები, დაძაბული ნერვული ფონის მოხსნა, პლეგიები, როდესაც შეზღუდულია გადაადგილება. ამ თერაპიას იყენებენ ჰიპერაქტიის და აუტიზმის დროს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოძრაობის თერაპიას ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანებთანაც იყენებენ და საუკეთესო შედეგები აქვთ. შვეიცარიის, გერმანიისა და სხვადასხვა ქვეყნების ონკოლოგიურ საავადმყოფოებში დანეგილია მოძრაობის თერაპია. მოძრაობა არის ადამიანის საბაზისო მდგომარეობა, მოძრაობის გარეშე ჩვენ არაფერი არ ვართ. არავერბალური კომუნიკაცია გვეხმარება ადაპტაციაში.
– მისი ეფექტიანობა რამდენად მაღალია?
— ეს არის თერაპიის ერთადერთი საშუალება, რომელსაც უარყოფითი შედეგი არ აქვს. ადამიანები ივსებიან სიცოცხლით, ხდებიან ენერგიულები და, რაც მთავარია, მოძრაობის თერაპია თვითშეცნობის ძალიან კარგი საშუალებაა. ჩვენ უნებლიეთ ვიწყებთ ისეთ მოძრაობას, რანიც ვართ.
– ცეკვის თერაპიის მთავარი უპირატესობა რა არის, რით გამოირჩევა იგი სხვა სამკურნალო საშულებებისგან?
– როცა სული ჯანმრთელია, სხეულიც ჯანმრთელია. მოძრაობის თერაპია არის არავერბალური კომუნიკაცია. როდესაც ფსიქოლოგთან მოდიან კონსულტაციაზე, ძალიან ხშირად ცდილობენ, რომ არ გაამჟღავნონ ის, რაც რეალურად აწუხებთ. როდესაც ჩვენთან მოდიან, მათ არაფერს ვეკითხებით, ჩვენ მათი მოძრაობით ვხვდებით, თუ რა ხდება მათში. ადამიანი ვერასდროს ვერ მალავს სხეულის ენას.
– თქვენ მიღწევებზე მოგვიყევით…
— ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც თავის ტვინზე სიმსივნური წანაზარდი, რომელიც 13 მმ იყო, სადღაც ექვს თვეში 6 მმ-მდე დაპატარავდა. ამ ეტაპზე სიმსივნური წანაზარდის ზომა 3 მმ-ია, პაციენტს ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, მაგრამ უკვე საჭირო აღარ არის. კარგი შედეგები გვაქვს, უბრალოდ, საზოგადოება ჩვენ შესახებ სათანადოდ ინფორმირებული არ არის.
– მართალია, რომ თქვენ ცეკვის თერაპიით თავადაც დაამარცხეთ კარცინომა?
— დიახ, მართალია და ეს ყველას უკვირს. როდესაც მითხრეს, რომ უნდა ჩამეტარებინა სხივური თერაპია და, ალბათ, ქიმიოთერაპიაც დამჭირდებოდა, თავი დავანებე ყველაფერს და მთლიანად ცეკვა-თერაპიით დავკავდი. განმეორებითი ანალიზები როცა ავიღე, ჩემი ორგანიზმი ჯანმრთელი აღმოჩნდა. რადგან ჩემ თავზე გამოვცადე და საუკეთესო შედეგიც მივიღე, ამის შემდეგ უფრო აქტიურად დავიწყე მოძრაობის თერაპიის შესწავლა.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
— ჩვენ გვყავდა პაციენტი, რომელსაც აუტიზმის პრობლემები ჰქონდა, ძალიან აღგზნებული იყო. ამ ბავშვს საერთოდ უფასოდ ვუმკურნალეთ. თუ ვინმეს სჭირდება დახმარება, მოვიდეს და ჩვენ მინიმალურ თანხებში დავემხარებით. მინდოდა ცეკვის თერაპია როგორც სოციალური პროექტი, ისე გამეკეთებინა, ქალაქის მერიას ვთხოვე, რომ ფართით დაგვხმარებოდა და კვირაში ერთი დღე ყოფილიყო აბსოლუტურად უფასო მომსახურება ყველასთვის. ფართი ნაქირავები გვაქვს, საკმაოდ ძვირს ვიხდით და შეუძლებელია იქ ამ სურვილის განხორციელება. ისეთი ადგილი გვინდოდა, სადაც იქნებოდა პანდუსები, რადგან ბევრი გვიკავშირდება, რომელსაც გადაადგილების პრობლემა აქვს. რაც შეეხება მერიის პასუხს, ახალი პროექტი ჯერ არ შემიტანია, ვაპირებ უფრო დეტალურად მივაწოდო ინფორმაცია ცეკვის თერაპიის შესახებ. ყველა ქვეყანაში მოძრაობის თერაპია ზენიტშია, საქართველოში კი ბევრმა რეალურად არც იცის მისი არსებობის შესახებ. ძალიან მინდა რომ ეს მიმართულება დაინერგოს საქართველოში.