ისწავლე კმაყოფილებით: თბილისში ახალი მედიათეკა გაიხსნა

© FB / Мэрия Тбилисиმედიათეკა ნაძალადევში
მედიათეკა ნაძალადევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ე. წ. კიკვიძის პარკში ახალი მედიათეკა გამოჩნდა, სადაც ყველა მსურველს შეუძლია სამკითხველო დარბაზში სტუმრობა, ინტერნეტით სარგებლობა და ფილმების ნახვა.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. თბილისში, ნაძალადევის რაიონის ვეტერანთა დასვენების პარკში ახალი მედიათეკა გაიხსნა, აღნიშნულია დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

2013 წლიდან თბილისში ორი მედიათეკა ფუნქციონირებს — ვაკის პარკსა და ვარკეთილში.

"ახალი მედიათეკა არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის, რომელიც არა მხოლოდ ნაძალადევის რაიონს, არამედ მთელ ქალაქს მოემსახურება. სამივე ფილიალში ამ დროისათვის 20 000-მდე წიგნი ინახება და ეს ფონდი მომავალშიც განახლდება", — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორშაბათს ახალი ფილიალის გახსნის ცერემონიაზე.

მისი თქმით, მედიათეკის ახალ შენობაში განთავსებულია სამკითხველო დარბაზები, კომპიუტერული სივრცე და მულტიმედიური ოთახები, სადაც გაიმართება ფილმების ჩვენებები, კონფერენციები და სხვადასხვა შეხვედრები. გარდა ამისა, გამოყოფილია ადგილი ბავშვებისთვის.

პროექტის განხორციელებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მლნ 87 ათასი ლარი გამოიყო.

"თბილისის მედიათეკების გაერთიანება" მულტიმედიური ბიბლიოთეკების ქსელია, რომელიც მერიის ინიციატივით 2013 წელს გაიხსნა და კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმას წარმოადგენს.

მედიათეკების გაერთიანება თავის წევრებს წიგნების (სხვადასხვა ენაზე) მუდმივად განახლებად ფონდს სთავაზობს. გარდა ამისა, მედიათეკაში მისულ სტუმრებს აქვთ წვდომა ელექტრონულ რესურსებთან, იყენებენ სამუშაო სივრცეებს. ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები.

ყველა ახალი ამბავი
0