თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფი Aerosmith-ი ქართული პოლიფონიური მუსიკით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ინტერნეტში ცნობილი სიმღერის Dream on-ის ქართული ქავერი გაჩნდა, განაცხადა Black Sea Arena-ს დირექტორმა ანა კავლელიშვილმა.
ქართული კოლექტივ GeoFolk Band-ის მიერ ტრადიციული ქართული მრავალხმიანობით შესრულებული Dream on-ის ქართული ქავერი Aerosmith-ის Facebook-გვედრზე გაჩნდა და მას უკვე 83000 მნახველი ჰყავს, მან დაიმსახურა 11000-ზე მეტი მოწონება, 1500 "გადაზიარება" და უამრავი აღტაცებული კომენტარი.
„როგორც იცით, გაკეთდა "აეროსმიტის" ერთ-ერთი სიმღერის ქართული ვერსია, რომელიც როკ ჯგუფის ოფიციალურ Facebook-გვერდზე დაიდო კიდეც. ამის შემდეგ, დაგვიკავშირდა ჯგუფის მენეჯერი და გვითხრა, რომ ჯგუფის წევრებს ძალიან მოეწონათ ქართული პოლიფონიური მუსიკა და ზოგადად ფოლკლორი, ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ მოვახერხებთ ქართული ფოლკლორის პრეზენტაციის გაკეთებას მათთვის", — განაცხადა აჭარის მაუწყებელთან „ბლექ სი არენას" დირექტორმა ანა კავლელიშვილმა.
Aerosmith-მა დაპოსტა Facebook-გვერდზე Dream on-ის ჰიტის ქართული ქავერი, რომელიც ქართული მრავალხმიანობის სტილში მუსიკალურმა კოლექტივმა Geo Folk Tour-მა შეასრულა.
ქავერის ვიდეოკლიპი გადაღებულია თბილისის ზღვაზე, მონუმენტ "საქართველოს ისტორიის" ტერიტორიაზე. ჩოხაში გამოწყობილი მონაწილეები ასრულებენ Dream on-ის ქავერს მონუმენტების ფონზე, კლიპი სრულდება ქართული მრავალხმიანობით და ხანჯლური ცეკვით.
„მოტივირებულები ვართ, რომ ბათუმი დავათვალიერებინოთ, ძალიან გვინდა ქართული გასტრონომიული ტურნე მოვუწყოთ ჯგუფის წევრებს. როგორც იცით, კონცერტი ტარდება Check in Georgia-ს ფარგლებში, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის საქართველოზე ბევრი ინფორმაცია მიიღოს ჯგუფის წევრებმა და დაჩექინდნენ საქართველოში. ეს ბოლო ტურნეა ამ ლეგენდარული ჯგუფის, ამიტომ ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ ვართ და ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით ჯგუფის წევრებთან ერთად ქვეყანაში" — განაცხადა ანა კავლელიშვილმა.
კავლელიშვილის თქმით, კონცერტზე იქნება გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები. „ბლექს სი არენას" დარბაზში არ დაიშვებიან ადამიანები ფოტოაპარატებით და ვიდეოკამერებით, ასევე აკრძალულია სელფის ჯოხების შეტანაც.
Aerosmith-ის კონცერტი შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე 20 მაისს გაიმართება.
კონცერტის ყველა 10 000 ბილეთი ორ საათში რამდენიმე თვის წინ გაიყიდა. ბევრი ბილეთი უცხოეთიდან შეიძინეს.
საქართველო მეორე ქვეყანაა, სადაც Aerosmith-ი 2017 წლის ტურნეს ფარგლებში კონცერტს გამართავს. ლეგენდარული კოლექტივის კონცერტს დაესწრებიან ფანები რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.
საქართველომდე მუსიკოსები ისრაელს ესტუმრნენ, საქართველოს შემდეგ მათ ელიან რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, დანიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში. საკულტო კოლექტივი Aerosmith-ი საქართველოში ევროპული ტურნეს Aero-Vederchi Baby! ფარგლებში ჩამოდის.
Aerosmith-ის კონცერტი საქართველოში სამთავრობო პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება, რომლის მიზანია საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოპულარიზაცია.
ამერიკული ჰარდ-როკ-ჯგუფი Aerosmith მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონში 1970 წელს დაარსდა. ანსამბლს გამოშვებული აქვს 15 სტუდიური ალბომი. ოქროს, პლატინისა და მულტიპლატინის ალბომებით Aerosmith პირველია ამერიკულ ჯგუფებს შორის, მას მიღებული აქვს ასევე ოთხი "გრემი".