თბილისი, 15 მაისი — Sputnik. რუსეთის ტელეარხ НТВ-სა და საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტის Ты супер! ქართველი წარმომადგენელი ნანა ვარძელაშვილი მოსკოვში კვლავ გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს ვოკალური კონკურსის ფინალურ კონცერტში, რომელიც კრემლში 26 მაისს გაიმართება.
საქართველოს წარმომადგენელმა ნანა ვარძელაშვილმა ვოკალური კონკურსის Ты супер! მეორე ტურში გადასვლა ვერ მოახერხა. ნანას კანდიდატურა წინასწარი კასტინგების საფუძველზე შეირჩა. 12 წლის ნანამ НТВ-ს ეთერში "თბილისო" იმღერა.
„ემოციებს ვერ გადმოვცემ. არ მჯეროდა, რომ მოსკოვში ისევ მივემგზავრები, ისევ ვნახავ მეგობრებს და მაყურებლის წინაშე ვიმღერებ. რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობ და რაღაც ჯადოსნურის და მშვენიერის მოლოდინში ვარ. მინდა ღირსეულად წარვდგე, ბევრს ვმუშაობ", — უთხრა "Sputnik-საქართველოს" ნანამ.
ვოკალის გაკვეთილები, მეცადინეობა, გამები — ნანას დაძაბული გრაფიკი აქვს. მაყურებლის წინაშე გამოსასვლელად ის სერიოზულად ემზადება. ამბობს, რომ მისი მთავარი მტერი ნერვიულობაა.
„ჩემ თავზე ვმუშაობ, რომ იგივე შეცდომა არ დავუშვა. შევეცდები აღარ ვინერვიულო, უბრალოდ გამოვიდე და ვიმღერო, მივიღო სიამოვნება. მაშინ ასე ძალიან რომ არ მენერვიულა, ბევრად უკეთესად ვიმღერებდი. მაგრამ ჩემი ხმაც არ მესმოდა, ისე ძლიერად და ხმამაღლა მიცემდა გული. კარგი გამოცდილება მივიღე და, ვფიქრობ, ამჯერად ყველაფერი შესანიშნავად იქნება", — თქვა ნანამ.
ნანა მოსკოვში ორი კვირას გაატარებს. ამ დროს ის ფინალური კონკურსისთვის მოემზადება, შეხვდება მეგობრებს, რომელებიც მოსკოვში ყოფნისას შეიძინა და ცნობილ მუსიკოსებსა და არტისტებს გაიცნობს.
„ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ ისევ შემიძლია ვნახო მოსკოვი და დიდ სცენაზე ვიმღერო, მოვისმინო აპლოდისმენტები, ვიგრძნო ის სითბო, რომელიც პროექტზე გვაჩუქეს. ყველას დიდი მადლობა ასეთი შესაძლებლობისთვის!" — განაცხადა ნანამ.
ნანა ვარძელაშვილი ქარელში ცხოვრობს. ნანას დედა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მამას ის, ფაქტობრივად, ვერ ხედავს. ბებიას უცხოეთში მუშაობა მოუწია იმისთვის, რათა დაობლებულ შვილიშვილზე ეზრუნა. ახლა ნანა მეზობლებთან ცხოვრობს, რომლებიც გოგონას დატოვებაზე დათანხმდნენ, სანამ ბებია სხვა ქვეყანაში მუშაობს. ნანა ყოველთვის მღეროდა. ამბობს, რომ უფრო მეტს იმეცადინებს, რათა აისრულოს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ დედის ოცნებაც — გახდეს მომღერალი.
ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილენი არიან ვოკალისტები რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.