მშვენიერი სქესის წარმომადგენლები, რომლებიც მანიკიურით არიან გატაცებული და ფრჩხილის ლაქის კოლექციას აგროვებენ, 15 მაისს ლაქის მანიაკის დღეს აღნიშნავენ. სწორედ მათ უწოდებენ ლაქის მანიაკებს ან ლაკომანებს. თარიღი საერთო კენჭისყრით შეირჩა, რომელიც 2016 წლის აგვისტოში ინტერნეტ-მაღაზიამ ЛакоДом ჩაატარა. ყველაფერი კი 2009 წელს დაიწყო, როდესაც LiveJournal-ში შიქმნა საზოგადოება Nail_ru, სადაც გოგონები ერთმანეთს ნაყიდ ლაქებზე შთაბეჭდილებებსა და აკურატული მანიკიურის საიდუმლოებებსა და სხვადასხვა ფერის ლაქის შესახებ შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ.
ამ დღეს "Sputnik-საქართველო" თბილისის ერთ-ერთი მანიკიურის სალონის სპეციალისტს ირინა ბარანეცკაიას ესაუბრა, რომელმაც გვიამბო, თუ რომელი მანიკიურია მოდაში და რომელ სტილს ირჩევენ ქართველი ქალბატონები.
"ნეილ-ინდუსტრია საქართველოში სამი-ოთხი წლის წინ არც ისე კარგად იყო განვითარებული, ქართველი ქალები კი ირჩევდნენ მუქ ფერებს ან ფრანგულ მანიკიურს, შემდეგ კი რძის ფერებს. ამჟამად ნეილ-ინდუსტრია ვითარდება, გოგონები სიახლეებს ინტერნეტით ეცნობიან და საკუთარ ფრჩხილებზე სტრაზების და სხვადასხვა ხელნაკეთი ნახატების ხილვა სურთ. ფრენჩი და მუქი შვინდისფერი უკანა პლანზე გადავიდა და მოდაშია კაშკაშა, ცოცხალი ფერები", — განუცხადა Sputnik-ს ბარანეცკაიამ.
ქართველი ქალბატონები უპირატესობას კაშკაშა, თვლებიან მანიკიურს ანიჭებენ, თუმცა, ბანკებისა და ოფიციალური სტრუქტურების თანამშრომლები უფრო ხშირად ფრანგულ მანიკიურს იკეთებენ, ან სადა და ნათელ ფერებს ირჩევენ. თუმცა, როდესაც ისინი დასასვენებლად მიდიან, ითხოვენ ფრჩხილების შეღებვას კაშკაშა ლაქით, ან სტრაზებით, ან ლამაზი დიზაინით გაფორმებას.
"საქართველოში პოპულარობით პირველი ადგილი უკავია ფრანგულ და ომბრე მანიკიურს, მეორე — პასტელის ფერებს დიზაინით ან თვლით ერთ თითზე, მესამე ადგილზეა ფრჩხილების მოხატვა, სტრაზები და თვლები, ანუ რთული დიზაინი", — აღნიშნა ბარანეცკაიამ.
იმისათვის, რომ ფრჩხილები მუდამ ფორმაში იყოს, საჭიროა სპეციალისტთან სამ კვირაში ერთხელ მისვლა, აღნიშნა ბარანეცკაიამ.
"შელლაქით" ანუ გელით დაფარვა საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ის ფრჩხილზე ორ კვირაზე მეტხანს ჩერდება.
ბარანეცკაიას თქმით, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ გელით დაფარვის შემდეგ მანიკიური ფრჩხილზე ერთი თვე უნდა გაჩერდეს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ის ფრჩხილზე ორ კვირაზე მეტხანს ჩერდება, რაც ფრჩხილის ფირფიტაზე და მის ანატომიურ აგებულებაზეა დამოკიდებული.
იმ აზრს, რომ გელით დაფარვა ფრჩხილისთვის საშიში და მავნებელია, ბარანეცკაია არ ეთანხმება. ის მიიჩნევს, რომ კორექტულად წასმისას, ხარისხიანი მასალების გამოყენებისა და სწორი დამოკიდებულების დროს არანაირი დაზიანება არ მოხდება.
"სანამ გელით დაფარვა გაკეთდება, ფრჩხილების ვიზუალური დათვალიერება უნდა მოხდეს, რათა ფრჩხილის ფირფიტის სოკოვანი ან სხვა დაავადება გამოირიცხოს. ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს სპეციალისტმა, რომელსაც სპეციალური ცოდნა და დიპლომი აქვს მიღებული. მან უნდა იცოდეს ანატომია, ფიზიოლოგია და არა მარტო ის, თუ როგორ გააკეთოს მანიკიური", — აცხადებს ბარანეცკაია.
მსოფლიოში დღეს ტრენდშია აპარატული მანიკიური. ეს ფრჩხილის მოვლის ისეთი მეთოდია, როდესაც სპეციალისტი არ იყენებს მაკრატელს ან მკვნეტარას. კანი კი არ იჭრება, მისი თხელი ზედაპირის მოხსნა ხდება, რის შემდეგაც რჩება გლუვი ზედაპირი. თუმცა, ეს პროცედურა საქართველოში ჯერჯერობით აქტუალური არ არის.
ევროპაში ასევე მოდაშია ექსპრეს-მანიკიური, რომელიც დატვირთული დღის გრაფიკის მქონე ქალებისთვის ძალიან სწრაფი და მოხერხებული პროცედურაა. ექსპრეს-მანიკიურში მკვნეტარას ან აპარატის გამოყენებით ნუნების დეტალური დამუშავება გათვალისწინებული არ არის. აქ გამოიყენება სხვადასხვა დამარბილებლები, სკრაბები, ნიღბები, რაც პროცედურას სასიამოვნოს, ხოლო კანს მოვლილს ხდის.
"საქართველოში ქალები ნუნების საგულდაგულო ამოჭრას ითხოვენ. ამით ზიანდება ფრჩხილის ფირფიტა და, შედეგად, ფრჩხილი არასწორ ზრდას იწყებს. ექსპრეს-მანიკიურის დახმარებით გარქოვანებული კანის ზედა ფენას ვაცილებთ, ანუ მკვდარი კანის უჯრედებს ვაშორებთ, ხოლო მაკრატლით და მკვნეტარათი მუშაობისას მიკრონახეთქები ჩნდება. ამიტომაც ჩნდება უფრო ხშირად აქერცვლა, კანი უფრო სწრაფად იზრდება და სპეციალისტთან მანიკიურის გასაკეთებლად ვიზიტი უფრო ხშირად გვიწევს", — აცხადებს ბარანეცკაია.
სპეციალისტი მანიკიურის სალონის სტუმრობისას ყველა ქალს ურჩევს დააკვირდნენ, რამდენად კარგად ხდება იარაღების სტერილიზება და რა მასალებით მუშაობენ, ასევე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილის სისუფთავე, და „მხოლოდ ფასებით ნუ დაინტერესდებიან“.
ბარანეცკაიას თქმით, მანიკიურის სპეციალისტის პროფესია საქართველოში ძალიან პოპულარულია, მაგრამ არ არის საკმარისი სკოლები, სადაც მომავალი სპეციალისტები ისწავლიან. საქართველოში, ძირითადად, ინტერნეტით სწავლობენ, მაგრამ საჭიროა უცხოელი სპეციალისტების მასტერ-კლასები და ლექციები, რომლებიც დამწყებ სპეციალისტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
"ამ პრობლემას ხშირად ვაწყდები, როდესაც პერსონალს სამსახურში ვიღებ და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. სასურველია, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ სპეციალისტები და ადგილობრივი კადრების შესწავლა დაიწყონ. მასტერ-კლასები და კურსები აუცილებელია. თუმცა, ყველაფერი სპეციალისტზეა დამოკიდებული: თუ მათ კვალიფიკაციის ამაღლება უნდათ, გამოსავალს იპოვიან", — აღნიშნა ბარანეცკაიამ.
ლამაზი და მოვლილი ფრჩხილები — თანამედროვე საქმიანი ქალის სრულფასოვანი იერსახის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ თუ გსურთ გამოიყურებოდეთ მოდურად და საკუთარ თავში დარწმუნებული იყოთ, ყური უგდეთ სპეციალისტების რჩევებს, შეარჩიეთ შესაბამისი მანიკიური და, რაც მთავარია, ხშირად შეიცვალეთ ის, რათა ახალი მანიკიურის ორიგინალურობით და სილამაზით ირგვლივ მყოფთა გაკვირვება გამოიწვიოთ.