თბილისი, 13 მაისი-Sputnik. დედაქალაქის გზების იმ მონაკვეთებზე სადაც საგზაო შემთხვევები გახშირდა, ახალი შუქნიშნები დამონტაჟდება, იუწყება თბილისის მერიის სატრანსპორტო განყოფილების პრესსამსახური.
ახალი შუქნიშნები დაიდგმება წერეთლის გამზირისა და გორის ქუჩის, ბერძენიშვილისა და აბაშიძის, მიცკევიჩისა და ტაშკენტის ქუჩების გადაკვეთაზე. ამას გარდა ახალ შუქნიშნებს დაამონტაჟებენ 414-ე ანაპის დივიზიის სახელობის ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც თბილისის ზღვისკენ მიემართება, ხოშარაულის N29-სთან და მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. სულ საუბარია 18 ახალ შუქნიშანზე.
დღეს თბილისში ფუნქციონირებს 240 შუქნიშანი, აქედან 164 ე.წ. „ჭკვიანი“, რომლებიც კონტროლის ინტელექტუალურ სისტემას წარმოადგენენ. ადაპტირებული რეგულირება გულისხმობს მწვანე შუქის ოპტიმიზაციას იმ მიმართულებით, სადაც მოძრაობა გადატვირთულია.
ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს დაახლოებით 6900-მდე საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 507 ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით. ბოლო მონაცემებით, 2017 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში საგზაო შემთხვევებმა 1300 ერთეულს გადააჭარბა.