გიცდიათ პურის საკუთარი ხელით გამოცხობა? გიფიქრიათ ტრადიციულ რეცეპტზე სანელებლების დამატება? კულინარიის აკადემიის სტუდენტი ალეკო ბაინდურაშვილი „Sputnik–საქართველოს“ მკითხველებს სანელებლებით გამომცხვარი პურის სამ რეცეპტს სთავაზობს.
პურის სანელებლებით გამოსაცხობად თქვენ დაგჭირდებათ: ერთი კილოგრამი ფქვილი, 0,6 ლიტრი წყალი, 20 გრამი მარილი, 15-20 გრამი საფუარი, 5-10 გრამი შაქარი, 5-10 გრამი მცენარეული ზეთი.
სანელებლები პურის სახეობის მიხედვით: 15-20 გრამი აჯიკა, სამი კბილი დაფქული ნიორი, 100 გრამი თხლად დაჭრილი ნიგოზი, 15-20 გრამი "ორეგანო" (თავშავა).
ფქვილს დაუმატეთ შესაბამისი სანელებლები: მარილი, შაქარი, საფუარი, და თბილ წყალში მოზილეთ. შემდეგ მიღებული ცომი დაამუშავეთ მცენარეული ზეთით, ზემოდან დააფარეთ და თბილ ადგილზე შეინახეთ. 20-30 წუთის შემდეგ, როდესაც ცომი ზემოთ ამოვა, დაყავით ის რამდენიმე ნაწილად, მიეცით სასურველი ფორმა და 180 გრადუსზე აცხვეთ დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში.
გვერწმუნეთ, ამ პურს უჩვეულო გემო და არომატი აქვს! გემრიელად მიირთვით!