„ძმაო, თევდორე!
გუშინ მივიღე შენი წერილი, მაგრამ ღმერთმა არ ინება, ისე გამხარებოდა, როგორც უნდოდა. რა იკითხება ლუკასი: დიდი უბედურება გვეწვია და კიდევაც რას გვპირდება ბედი — ღმერთმა უწყის. რაღა სიტყვა გავაგრძელო, ძმაო, ან შენ რა დაგიმალო ან სხვებდა, როცა აღარაფერი იმალება და არც ეშველება რამე გარდასულსა. ლუკა შირაქშია ეს ერთი თვე წასული საოჩხროდ, დღესაც არსად არის… ამ კვირა-ნახევრის უწინ, კეკე ავად გამხდარიყო ღამე და გარდაცვლილიყო. დილაზედ კაცი მომივიდა. მეც წავედი მაშინვე და რაც ჩვენს საწყლობას შეეფერებოდა, გარდავუხადე უკანასკნელი მოვალეობა. მეორე-მესამე დღეს „ნაბლიუდატელიც“ გავისტუმრე და ვაპირებდი ჩარგალს წასვლასა, რომ ჩემსს უფროსს ქალს თამარს, რომელსაც მე „იათამზიას“ ვეძახდი და რომელიც ჩემს სიცოცხლეს მერჩივნა, ქუნთრუშითვე ავად გამიხდა. ვეღარც დოქტორმა მოუსწრო და ერთ დღე-ღამეში ხელში გამიქრა… ისიც დავმარხე, ცოლიც ჩარგალს წავიყვანე პატარა ქალით ნინათი. ლუკას ბალღები ისევ ავადმყოფები იყვნენ. შენი რძალი იქ გავუშვი ბალღების მოსავლელად. მე კიდევ მაღაროსკართ წამოვედ, რადგან პალე და ჩვენი გიორგის ქალი იქ მყავნდნენ. ჩამოვედ. პალეც ავადმყოფი დამხვდა. პალეც ნახა, მაგრამ წამლები კი არა ჰქონდა რა… პალეს გუშინ პირში ჩავხედვდი, შენი წერილის მიღების დროს. დღეს კი თითქოს უკეთესობა ეტყობა. პატარა ნინაც ავადაა… ვეღარც აქ ვანებებ თავს, იქ კი ლუკას ბალღებიც თავმინებებულია. ეს მკვდრები, ეს ამდენი ავადმყოფები და არავინ პატრონი მათი ჩემს გარდა. აი ეს არის ჩვენი აქაური ამბავი. ჩარგალს გუშინ წამლები კი გავაგზავნე და დღესაც კაცსაც ვაგზავნი საქმეების მოსაკეთებლად. ლუკასთვის არ შემიტყობებია: აქეთ ზარალი, იქაც გზა ებნევა. იქნებ ირგოს რამეო, ვიფიქრე. ლევანს ჯერხნობით ნურაფერს ეტყვი.
შენი ძმა ნიკო რაზიკაშვილი. 25 დეკემბერი. 1902 წელი“
ეს წერილი რაზიკაშვილების ყველაზე დიდი, შუქურა ძმის ნიკო (ბაჩანა) რაზიკაშვილის დაწერილია. ვაჟა მზე იყო, მის გვერდით დაიჩრდილა არა მხოლოდ მისი ოჯახი, არამედ ძალიან ბევრი შემოქმედი, მაგრამ ბაჩანას ლექსები ის კატეგორიაა, რომლებსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ შედევრები, რომლებიც გადადის ხელიდან ხელში, ადამიანის გულიდან გულში და ამის საილუსტრაციოდ საკმარისია ვთქვათ რომ, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის ჰიმნი იყო ბაჩანას ლექსი „ვინა სთქვა საქართველოზე?!“
ბაჩანა რაზიკაშვილი 150 წლის წინ დაიბადა. ის მესამე ვაჟი იყო რაზიკაშვილების ნიჭით და ლექსით სავსე ოჯახში. ჯმუხი, ლამაზი და ღონიერიც ერთდროულად. ძმებზე ცოტათი დაბალი იყო. მამას, პავლე მღვდელს დაემსგავსა უფრო. სახელიც თავად მოუგონა თავის თავს და დაუტოვა სხვა ქართველებსაც. ძალიან ნიჭიერი, ძალიან სახელიანი პოეტი იყო ბაჩანა (ნიკო რაზიკაშვილი). მისი ვარსკვლავი მისივე მზე–პოეტი ძმის შუქში მოიჩრდილა, თუმცა თავად მის გვერდით უზომოდ ბედნიერი იყო. ვაჟა–ფშაველაც სცენაზე და ლიტერატურულ საღამოებზე უფრო მის ლექსებს კითხულობდა, ვიდრე თავისას.
მისი დაბადების თარიღი მხოლოდ საპატრიარქოს უნივერსიტეტში გაახსენდათ. არადა, „როგორც მსოფლიო პოეზიაა წარმოუდგენელი ვაჟას გარეშე, ასევე ქართული ლიტერატურაა წარმოუდგენელია ბაჩანას გარეშე!“ ეს სიტყვები მწერალ როსტომ ჩხეიძეს ეკუთვნის და ასე ფიქრობს ყველა, ვინც ქართული სიტყვის ფასი იცის, ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს მისი „ვინა სთქვა საქართველოზე, ეგ არის, ლომი კვდებაო“…
ჩვენ დავესწარით ამ დიდებული პოეტის საღამოს, სადაც არაერთი ცნობილი ადამიანის ჩაწერა შევძელით.
როსტომ ჩხეიძე – პუბლიცისტი, მწერალი
– თქვენი გამოსვლისას საინტერესო ამბავი მოვისმინეთ ბაჩანაზე. იქნებ ჩვენს მკითხველსაც უამბოთ…
– დიახ, ბაჩანა თავის დროზე საკმაოდ პოპულარული მწერალი იყო და ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. ეს არის გალაკტიონის ჩანაწერი: „ერთხელ ბაჩანა შემხვდა შემთხვევით ალექსანდროვის ბაღში. ყოველთვის მიყვარდა და ვეთაყვანებოდი მისი ლექსებს, მის შემოქმედებას… და რომ დავინახე, მაშინვე მივეახლე, თავი დავუხარე და ვუთხარი, თქვენი მუხა, თქვენი კესანე, ეს არის შედევრები–მეთქი. მან თავი ძალიან უხერხულად იგრძნო, დაიხარა ჩემს წინაშე და ეს ვაჟკაცი კაცი პატარა ბავშვივით სულ გაწითლდა. მე გამეღიმა. და, აი, ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა თავისი უბრალოებისა და თავმდაბლობის გამო“.
ეთერ თათარაიძე — ფოლკლორისტი, პოეტი.
– ქალბატონო ეთერ, ცნობილია, რომ თქვენ შეხვედრილი ხართ ბაჩანას შვილთან გიგლა რაზიკაშვილთან. იქნებ გაიხსენოთ ის დღე…
– ბედნიერი ვარ, რომ დაინტერესდით ამ უზარმაზარი პოეტის ცხოვრებითა და შემოქმედებით. ახალგაზრდა თაობა აუცილებლად უნდა იცნობდეს ბაჩანას შემოქმედებას.
მინდა გავიხსენო ბაჩანას ოჯახის შინა ამბები. მე და ამირანი (ამირან არაბული – ფოლკლორისტი, ლიტერატორი, ეთერ თათარაიძის მეუღლე – რედ.) ძალიან ბედნიერები ვიყავით იმით, რომ შევხვდით ცოცხალ გულქან რაზიკაშვილს, ვაჟა–ფშაველას ქალიშვილს და ასევე ბაჩანას შვილს გიგლა რაზიკაშვილს. ეს იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, მართლა ღვთაებრივი, ინტელიგენტი. ახლა უფრო გონს ვარ, მაშინ უფრო პატარა ვიყავ, და ახლა ვხვდები, თუ როგორ ადამიანთან გვქონდა ურთიერთობა. რამდენ რამეს გვასწავლიდა. მასთან ყოფნა დიდი სიხარული იყო ჩვენთვის… ბოლოს, როცა უკვე შეუძლოდ შეიქმნა, დაგვიძახა მე და ამირანს და გადმოგვცა თავისი ძმების მოგონებები, ჩანაწერები და დაგვიბარა, რომ ამისთვის მიგვეხედა. დღეს უკვე გამზადებული გვაქვს დიდი ალბომი დასაბეჭდად, მაგრამ ალბომს ვერ ეღირსა დღის სინათლე. 8 წელი ვიმუშავეთ ამ ალბომზე. ეს იქნება სრულიად გამორჩეული ყველა კლასიკოსის მიძღვნითი ალბომებისგან, რადგან აქ გახლავთ ვაჟას ნამყოფი ადგილები ბუნებრივად, რა თქმა უნდა, მისი ადგილსამყოფელები, სადაც ისინი ასწავლიდნენ და ა.შ. აქ ასევე წაიკითხავთ რამდენიმე უცნობ მოგონებას ძმები რაზიკაშვილების შესახებ. ამჯერად კი ყურადღება მინდა გავამახვილო გულქანის (ვაჟას ქალიშვილის) ნაამბობზე. შვიდჯერ წამოიწყებს ის ბაჩანაზე მოგონებას და შვიდჯერვე ამთავრებს ლოცვა–კურთხევით თავისი ბიძის ცოლზე, მარიამ გურასპაულზე, და ისეთი შთაბეჭდილება გრჩება – განა მარტო გაიზარდა ობლობაში, ამათ სახლში მთელ სიყვარულს, სითბოს იღებს ბაჩანას ოჯახისგან. პირველად როგორ ისწავლა ანბანი და როგორ გამოიქცა სკოლიდან. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ბაჩანას ცოტათი შეეშლება როგორც მასწავლებელს. ანუ ტაქტიანად ვერ მოექცევა. გულქან რაზიკაშვილი გვიყვება: „როცა ვისწავლე ანბანი, გავხდი ფრიადოსანი. ბაჩანა იყო ჩემი მასწავლებელი, ის გვასწავლიდა ჩარგალსა. გამომიძახა და მითხრა: თქვი ლექსიო, მე უცბად ამ ლექსის სათაური დამავიწყდა და პირდაპირ დავიწყე ლექსის თქმა. მომიბრუნდა, ფანჯარასთან იდგა, გაიხედა, შემდეგ მომიახლოვდა და სამჯერ ჩამიკაკუნა თავში: „რაო–რაო?!“ ამ დროს ბავშვებმა გადაიხარხარეს და ეს სიცილი ჩემმა გულმა მიიღო სხვანაირადა. გამოველ სკოლიდან და მივედი შინ და იმ დღიდან სკოლაში არ დავბრუნებულვარ. ახლაც, სანამ შემეძლო იმ სკოლის შენობამდე ავლა, ყველა გავლაზე იმ ბალღების სიცილი მახსენდება. მოვიდა ბიძა, ეს იყო არაჩვეულებრივი ადამიანი. იქვე მამა იდგა და ორივემ ერთად მთხოვეს, რომ დავბრუნებულიყავი, მაგრამ უარი ვთქვი. დაბრუნდიო, ბიძა კიდევ ერთხელ შემეხვეწა, და ისეთ ბაღდადს მოგიტან, შენ რომ გიყვარს, შიგ რომ გუგულები ისხდნენ და გუგულს იძახოდნენო. ოღონდ დაბრუნდიო. მაპატიე, ასე რომ მოგექეციო. მაშინ მამა ბიძას მიუბრუნდა და უთხრა – ნუღარ ეტყვი ნურაფერს, ეგ მე მგავ ხასიათში – რომ იტყვის, აღარ დაბრუნდებაო. მე ვთქვი, თუ ძალათ წამიყვანთ, ჩარგლულაში დიდი ლოდი რომ არის, მაგაზე ავალ და გადავფრინდები, დამანებეთ თავი–მეთქი. და, მართლაც, იმის შემდეგ აღარც წავსულვარ სკოლაში და დავრჩი ასეთი უწიგნური“.
საღამოზე ასევე შევხვდით ბაჩანას შვილთაშვილს, ვაჟა–ფშაველას ფონდის დირექტორს, ქალბატონ ლელა რაზიკაშვილს.
– ქალბატონო ლელა, თქვენთვის განსაკუთრებით ემოციური დღეა, რას ნიშნავს თქვენთვის მისი შვილთაშვილობა და რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მას ვაჟა–ფშაველას ცხოვრებაში?
– პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს დღე გაიხსენა. ჩემს ეთეროს და ამირანს, ყველას, თითოეულ ადამიანს. მოგეხსენებათ, წელს ჩემი პაპა და ყველა ქართული ლიტერატურის მოყვარულის პაპა 150 წლის გახდა. ჩემთვის ის ოჯახის წევრია, მიუხედავად იმისა, რომ არ მინახავს. გასაგებია, რომ ოჯახში ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნავთ, მაგრამ ის იმსახურებდა იმას, რომ სახელმწიფოსაც რაიმეთი მაინც აღენიშნა. მადლობელი ვარ საპატრიარქოს უნივერსიტეტის, სადაც მისი 150 წლისთავი აღინიშნა სამეცნიერო კონფერენციით. ჩვენი გამოჩენილი მწერლები და პოეტები უნდა გვახსოვდეს, ჩვენ თუ არ გვახსოვს, ვერ გადავცემთ მომავალ თაობას.
რაც შეეხება პაპაჩემს, ის იყო ერთ–ერთი ყველაზე გამოჩენილი მწერალი თავის დროზე. იყო ძალიან პოპულარული ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მთა, თავზე ედგა ვაჟა–ფშაველა. მიუხედავად ამისა, ბაჩანას პოპულარობა არასოდეს აკლდა. ის იყო საპროგრამო პოეტი და თავადაც ათეულობით წლების განმალობაში პედაგოგი გახლდათ, ამასთან ყველაზე საყვარელი პოეტი ვაჟა–ფშაველასთვის. როგორც კი ვაჟას მიეცემოდა საშუალება, როცა სადმე მიიწვევდნენ, პირველ რიგში, თავისი ძმის ლექსებს კითხულობდა. მაშინ საქართველო ცხოვრობდა თეატრით, პოეტური, ლიტერატურული საღამოებით, სადაც თითქმის ყველგან ბაჩანა, ვაჟა და თედო იყვნენ საპატიო სტუმრები. არაჩვეულებრივად მღეროდა და ცეკვავდა, ასევე ჰქონდა საოცარი კალიგრაფია. როგორც კი ის გორის საოსტატო სემინარიაში ჩაირიცხა, უმალ შეამჩნია ყველა პედაგოგმა და მას შემდეგ გადამწერად მუშაობდა. მაშინ სტამბები ჭირდა და გაზეთისთვის ხელით ხდებოდა რამდენიმე ეგზემპლარად გადაწერა. მისი ცხოვრება არ იყო ადვილი, ძალიან რთული ცხოვრებით ცხოვრობდა. ბევრი შვილის მამა იყო და ძალიან ტრაგიკული, უბედური მამა, რადგან შვილების დასაფლავება მოუწია. პირველი ბიჭი გარდაეცვალა, შემდეგ გოგო, ზუსტად იმ დღეებში, როცა ვაჟას პირველი ცოლი გარდაიცვალა. ბაჩანა იყო ადამიანი, რომელიც უვლიდა არა მარტო თავის, არამედ ვაჟას ოჯახსაც. ის თავის შვილებსაც ასწავლიდა და მეზობლებისაც. როცა ვაჟას შვილები დაობლდნენ, ვაჟამ ბაჩანასთან ჩაიყვანა ეს ბავშვები და მიაბარა, სანამ მეორე ცოლი არ მოყვანა. ბაჩანა საერთოდ ფხუკიანი იყო. ის ერთადერთი იყო ოჯახში, ვინც ვაჟას ხმამაღლა ეკამათებოდა ლიტერატურულ საკითხებზე. საქართველოს პრესაში ირჩეოდა – ერთმანეთს ეპაექრებოდნენ ძმები. იმდენად საქვეყნო იყო მათი კამათი, მათი საუბარი, მათი მოსაზრებები, რომ ის ერთ პატარა ბჟუტავ სანთელზე არ შეიძლებოდა დატეულიყო და ის თავის ძმას ეხმიანებოდა ჟურნალში, ვაჟა ეხმიანებოდა გაზეთით და ასე დაუსრულებლად… ეს იყო მართლა საოცარი ოჯახი.
სამწუხაროდ, ბაჩანას ნაბეჭდი გამოცემები თითქმის არ არსებობს. მან სიცოცხლეშივე მოუყარა თავი თავის ჩანაწერებს, გაუკეთა კორექტირება და გადასცა მწერალთა კავშირს დასაბეჭდად, მაგრამ კრებულის გამოცემას ვერ მოესწრო. მისი ნაწერები პირველად 1937 წელს გამოიცა სოლომონ ყუბანეიშვილის რედაქტორობით და შემდეგ მხოლოდ 1988 წელს მოხერხდა მცირეტირაჟიანი კრებულის დაბეჭდვა. ამჟამად კრებული მზად აქვთ გამოსაცემად ამირან არაბულსა და ეთერ თათარაიძეს. რამდენადაც ცნობილია, ამ მიმართულებით ცნობილი მკვლევარი ტრისტან მახაურიც მუშაობს და, იმედია, მოხერხდება ამ დიდებული პოეტის ნაწარმოებების გაცნობა ფართო მკითხველისთვის.