თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევა იზორიამ ჟურნალისტებთან.
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) პარასკევს გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 11%-ს მიაჩნია, რომ საქართველო ეროვნული უსაფრთხოების კუთხით სრულად დაცული ქვეყანაა, ხოლო ნაწილობრივ — 41%-ს. საქართველო დაუცველ ქვეყნად მიაჩნია გამოკითხულთა 40%-ზე მეტს. დანარჩენ რესპონდენტებს აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ.
„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის საფრთხეები, რაც დღეს მსოფლიოში ტერორიზმთან დაკავშირებით არსებობს. გარდა ამისა, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის მზარდი პოზიტიური დინამიკაც, რომელიც საქართველოს ტურიზმთან დაკავშირებით აქვს. წელს ჩვენ გაცილებით მეტ ტურისტს ველოდებით”, — განაცხადა ლევან იზორიამ.
ცნობილი პორტალ Numbeo-ის მიერ მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარებული კვლევების თანახმად, მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველომ 125 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა.
ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიკურად ვითარდება — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი დამსვენებლების რიცხვი. ზაფხულის სეზონზე ტურისტების ძირითადი ნაკადი ზღვისპირა რეგიონს სტუმრობს.
2016 წელს საქართველოს 6,3 მილიონი უცხოელი ვიზიტორი ეწვია, მათგან 1,4 მილიონი ადამიანი აჭარას ესტუმრა. 2016 წელს აჭარას ეწვია ტურისტები თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან. მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ირანიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და საუდის არაბეთიდან.