თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ლანჩხუთში, სოფელ მამათში, საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სახლში მემორიალური მუზეუმის გახსნა იგეგმება.
„მამათში ხშირად მოდიან უცხოელები, განსაკუთრებით გერმანელები, ედუარდ შევარდნაძის მშობლიური სახლის სანახავად და ამ მუზეუმის გახსნა, უპირველესად, სოფლის ინტერესებში შედის“, — განუცხადა გამგებლის წარმომადგენელმა გელა პატეიშვილმა „გურია ნიუსს“.
გელა პატეიშვილი ირწმუნება, რომ მამათში მუზეუმის გახსნის ინიციატივა მხოლოდ ადგილობრივებს ეკუთვნით, რომ ამ საქმეში არც შევარდნაძის ოჯახი ჩარეულა და არც ხელისუფლების ზემდგომი ინსტანციები.
მუნიციპალიტეტის საკრებულომ 28 თებერვალს გამართულ სხდომაზე მუზეუმის გახსნის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. დამსწრე 17 დეპუტატიდან ინიციატივას მხარი ჩვიდმეტივემ დაუჭირა.
საქართველოს მეორე პრეზიდენტის სახლს- მუზეუმის გახსნას მის მშობლიურ სოფელში ადგილობრივი მოსახლეობაც მიესალმება. მამათელების ნაწილი მიიჩნევს, რომ ედუარდ შევარდნაძე მსოფლიო დონის პოლიტიკოსი იყო და მუზეუმის გახსნა ცოტა დაგვიანებულიც კია. გარდა ამისა, მათი აზრით, სახლ-მუზეუმი სოფელში უფრო მეტ ტურისტს მიიზიდავს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სათანადო დოკუმენტების მოწესრიგება, რის შემდეგაც ედუარდ შევარდნაძის მშობლიური სახლი სახელმწიფო საკუთრებაში გადავა და იქ პოლიტიკოსის სახელობის სახლ-მუზეუმი გაიხსნება.