აქ ამზადებენ აბრეშუმს და ოქროს ქსოვილებს... ისეთ ლამაზს, რომლის მსგავსს ვერსად ნახავთ

© Sputnik / Levan Avlabreliაბრეშუმის მუზეუმი თბილისში
აბრეშუმის მუზეუმი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს სიტყვები ცნობილ ვენეციელ მოგზაურსა და ვაჭარს მარკო პოლოს ეკუთვნის. მან ევროპელთაგან პირველმა გაიარა აბრეშუმის გზა და თავის ჩანაწერებში საქართველოს შესახებ ტფილისი დაასახელა საუკეთესო აბრეშუმის მწარმოებელ ქალაქად.

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე გავლისას აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას წითელი აგურით ნაგები ერთი ულამაზესი შენობა. ის დინამო სტადიონს თავის ბუმბერაზობით თითქოს დაუჩაგრავსო. საქმე ის არის, რომ სტადიონი მას გვერდით მოგვიანებით მიაშენეს, რასაც თითქოს უნდა გადაეფარა შენობის მშვენება, მაგრამ შენობას თავისი ხიბლი და პეწი არ დაუკარგავს და ამაყად იმზირება მის ჩრდილქვეშ.

ეს ულამაზესი ნაგებობა აბრეშუმის მუზეუმია, რომელიც 1887 წელს თავდაპირველად, კავკასიაში მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის სპეციალურად დაარსებული სადგური გახლდათ. წელს მისი დაარსებიდან 130 წლის იუბილე აღინიშნება. 

ჩვენ დავინტერესდით მუზეუმის ამჟამინდელი საქმიანობით და მის რამდენიმე თანამშრომელს გავესაუბრეთ. მათ ხალისით გვიამბეს მუზეუმის დაარსების ისტორია და სამომავლო გეგმებიც გაგვაცნეს.

© აბრეშუმის მუზეუმის არქივითბილისის მეაბრეშუმეობის სადგური, გასული საუკუნის დასაწყისი
თბილისის მეაბრეშუმეობის სადგური, გასული საუკუნის დასაწყისი - Sputnik საქართველო
თბილისის მეაბრეშუმეობის სადგური, გასული საუკუნის დასაწყისი

აბრეშუმის მუზეუმის დაარსების ისტორია მუზეუმის კოლექციების კურატორმა სალომე ფაჩუაშვილმა გაგვაცნო: 

— შენობა იყო როგორც მეაბრეშუმეობის სადგური, ისე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მეაბრეშუმეობის უფასო კურსები ტარდებოდა, ასევე იყო ლაბორატორიებიც. ყოველივე ეს მოიცავდა დაახლოებით ოცამდე შენობას მუშტაიდის ბაღის ფარგლებში. მთელი ამ ინსტიტუციის დამაარსებელი იყო რუსი ბიოლოგი ნიკოლაი შავროვი, რომელიც რუსეთის მეფემ კავკასიაში ამ დარგის ასაღორძინებლად მოავლინა. შავროვმა შეისწავლა აქაური სიტუაცია, შემდეგ წავიდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და იქიდან ჩამოტანილი ექსპონატებითა და წიგნებით დაარსა სადგური. 

სადგურის არქიტექტორი პოლონელი ალექსანდრე შიმკევიჩი გახლდათ. მან დააპროექტა როგორც შენობა, ისე ავეჯი, რომელიც დღემდეა შემონახული მუზეუმის ბიბლიოთეკასა და საგამოფენო სივრცეში. უნიკალურია ეს შენობა თავის შერეული სტილით, ფსევდო გოთური, ფსევდო ორიენტალისტური და კლასიცისტური დეტალებით. ფასადის არქიტექტურულ დეტალებში პეპლების და ჭიების გამოსახულებები გვხვდება.

სალომე ფაჩუაშვილი მუზეუმის შენობის პრობლემებზე:

— შენობას ერთხელ ჩაუტარდა ერთგვარი რესტავრაცია, რასაც უფრო რემონტი შეიძლება დავარქვათ. ეს იყო მეოცე საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც შენობა დინამო სტადიონს უნდა გადასცემოდა, ანუ აქ საერთოდ მუზეუმის გაუქმებას აპირებდნენ. როგორც ხედავთ დინამო მუზეუმს გვერდით აუშენეს. ეხლა ჩვენ ვამბობთ, რომ დინამო სტადიონის გვერდით ვართ, მაგრამ სინამდვილეში პირიქით არის. იმ პერიოდშივე გააკეთეს საკმაოდ უხეში რემონტი და შეცვალეს შენობაში ბევრი რამ, თუმცა დღეს იგეგმება რესტავრაცია. შენობას პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნდეს.

© თამარ კაპანაძის პირადი არქივითბილისის მეაბრეშუმეობის სადგური, გასული საუკუნის დასაწყისი
თბილისის მეაბრეშუმეობის სადგური, გასული საუკუნის დასაწყისი - Sputnik საქართველო
თბილისის მეაბრეშუმეობის სადგური, გასული საუკუნის დასაწყისი

სალომე ფაჩუაშვილმა მუზეუმის ფონდებსა და კოლექციებზეც ისაუბრა:

— ეს მუზეუმი იმითაც არის საინტერესო, რომ ამგვარი მუზეუმი მსოფლიოში სულ რამდენიმეა, მათ შორის კი ერთ-ერთი საქართველოში. განსხვავებით სხვა აბრეშუმის მუზეუმებისგან, აქ ინახება მრავალფეროვანი კოლექცია. 

იმდენად, რამდენადაც თავის დროზე აღნიშნულ მუზეუმს საგანმანათლებლო ფუნქცია გააჩნდა, ფონდებში წარმოდგენილია აბრეშუმის წარმოების ყველა ეტაპი, დაწყებული თუთის თესლიდან, დამთავრებული ქსოვილით. გარდა ამისა გვაქვს ბიბლიოთეკა — 20 ათასამდე წიგნი. ეს წიგნები და ენციკლოპედიები მეაბრეშუმეობისა და ზოგადად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესახებ არის. მუზეუმში წარმოდგენილია ნიჟარებიც კოლექციაც, რაც დროებითი გამოფენაა. ის ჩვენი თანამშრომლის ვალერი პეტროვის პირადი კოლექციას წარმოადგენს.

© თამარ კაპანაძის პირადი არქივინიჟარების კოლექცია აბრეშუმის მუზეუმში
ნიჟარების კოლექცია აბრეშუმის მუზეუმში - Sputnik საქართველო
ნიჟარების კოლექცია აბრეშუმის მუზეუმში

მუზეუმის საზოგადოებრივი პროგრამების კოორდინატორმა მარიამ შერგელაშვილმა მუზეუმის მუშაობის სპეციფიკაზე გვიამბო:

— მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ მუზეუმი, როგორც ისტორიული ინსტიტუცია, არ იფარგლება მხოლოდ წარსულის წარმოჩენით და მუდმივად ცდილობს თანამედროვეობის, სიახლის და ინოვაციების მიმართ იყოს ღია, ამ მხრივ კი ცდილობს დამთვარიელებლის ფოკუს ჯგუფი გაზარდოს. 2007 წლიდან, როდესაც მუზეუმმა დაიწყო ფუნქციონირება, ის ყოველთვის იყო  დაკავშირებული თანამედროვეობასთან სხვადასხვა ღონისძიებებით, მაგალითად, მუზეუმი გახლდათ არტისტერიუმის პარტნიორი, ტარდებოდა ვორკშოპები… ამდენად ჩვენი მუზეუმი ყოველთვის კარს უღებს ამ დროისთვის აქტუალურ თემატიკას და არ იფარგლება კონკრეტულად იმ სპეციფიკით რაც არის აბრეშუმი და აბრეშუმის მუზეუმის ისტორია. გარდა ამისა, ჩვენს ძირითად ვიზიტორებს სკოლის ასაკის ბავშვები წარმოადგენენ, რომელთათვისაც შემუშავებულია სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები.

© თამარ კაპანაძის პირადი არქივიაბრეშუმის მუზეუმი
აბრეშუმის მუზეუმი - Sputnik საქართველო
აბრეშუმის მუზეუმი

საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით მისი ხელმძღვანელი მარიამ გოჩელაშვილი გვესაუბრა:

— საგანმანათლებლო პროგრამები გულისხმობს როგორც აქ მომსვლელი ვიზიტორების მიღებას, ისე მათთვის გიდ-ტურის ჩატარებასა და სპეციალურ პროგრამებს, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვცდილობთ დავაინტერესოთ პატარა დამთვალიერებლები. ზოგადად საგანმანათლებლო პროგრამების მუშაობის პრინციპია, რომ ერთის მხრივ ბავშვებს მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია, მეორეს მხრივ მაქსიმალურად სახალისოდ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. გარდა ამისა, გვინდა, რომ მათ დარჩეთ მუზეუმისგან ისეთი რამ, რაც შემდგომშიც გაახსენებდათ მუზეუმს, ამიტომ ყველა პროგრამა ისეა აწყობილი, რომ თეორიულის გარდა მოიცავს პრაქტიკულ ნაწილსაც. ბავშვები თავის ხელით ქმნიან ნივთებს სხვადასხვა მასალებისგან და მიაქვთ სახლში.

© თამარ კაპანაძის პირადი არქივიაბრეშუმის მუზეუმი
აბრეშუმის მუზეუმი - Sputnik საქართველო
აბრეშუმის მუზეუმი

მარიამ შერგელშვილი ბოლო წლების მნიშვნელოვან პროექტებზე:

— წელს ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ შვეიცარიის ფონდის მხარდაჭერით. ეს იყო მუზეუმის, როგორც რეზიდენციის წარმოდგენა თანამედროვე არტისტებისთვის, სადაც შესაძლებელი გახდა თანამედროვე ხელოვნების ინტერვენციების განხორციელება. ამ გამოფენასაც ასე ერქვა, „არტ-ინტერვენცია მუზეუმში“. მის ფარგლებში კი განხორციელდა ოთხი პროექტი, რომლის დროსაც მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ კურატორის და თანამედროვე არტისტის თანამშრომლობა ისტორიულ სამუზეუმო სივრცეში. თავად ეს სივრცე, მუზეუმის შენობა, არქიტექტურა და კოლექციები ინსპირაციის წყაროდ იქცა აქ მომუშავე ხელოვანთათვის.

© თამარ კაპანაძის პირადი არქივიაბრეშუმის მუზეუმი
აბრეშუმის მუზეუმი - Sputnik საქართველო
აბრეშუმის მუზეუმი

სალომე ფაჩუაშვილმა და მარიამ შერგელაშვილმა მუზეუმის სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილეს:

სალომე: 

— მაისში მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გვექნება რამდენიმე ღონისძიება სწორედ ჩვენს საიუბილეო წელთან დაკავშირებით. პირველ რიგში აღსანიშნავი მოვლენაა, რომ ჩვენთან მუზეუმში ჩამოდის ნორვეგიული, ციფრული ჟაკარდული დაზგა. ეს ინოვაციური დაზგა დაკავშირებულია ფოტოშოპთან, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ნებისმიერი ფოტოს გადატანა ქსოვილზე. დაზგა სამი თვე დარჩება მუზეუმში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ დროის განმავლობაში შევაგროვებთ თანხებს და ვიყიდით მას. 

ამ პერიოდში ჩატარდება ასევე ვორკშოპიებიც. გვექნება კონფერენცია მუზეუმის შესახებ, სადაც ჩვენი თანამშრომლებიც წაიკითხავენ მოხსენებებს და იქნებიან ჩამოსული სტუმრებიც. ჩვენ დავუკავშირდით სხვა აბრეშუმის მუზეუმებს და მათ გამოგვიგზავნეს თავიანთი პოსტერები, რითიც გამოხატეს მხარდაჭერა ჩვენი მუზეუმის მიმართ, ანუ გვექნება გამოფენაც სახელწოდებით „მანიფესტი“. 

© თამარ კაპანაძის პირადი არქივი მოსწავლეები აბრეშუმის მუზეუმში
 მოსწავლეები აბრეშუმის მუზეუმში - Sputnik საქართველო
მოსწავლეები აბრეშუმის მუზეუმში

მარიამი: 

— დიახ,  ჩვენც ვართ მათი ნაწილი და ეს ურთიერთობები მომავალში შეიძლება გადაიქცეს პროექტებად, სადაც მუზეუმი კიდევ უფრო ფართოდ, საერთაშორისო მასშტაბში დაგეგმავს ღონისძიებებს. ტექსტილის ინოვაციური დაზგის ჩამოტანა შვეიცარიულმა კომპანიამ უზრუნველყო. ამასთან დაკავშირებით მართლაც დიდი პროექტი გვაქვს ჩაფიქრებული. მუზეუმი სამომავლოდ შეიძლება იქცეს შემოქმედებითი ინდუსტრიის და ინოვაციების ცენტრად.

სე რომ, გირჩევთ მიადევნოთ თვალი აბრეშუმის მუზეუმის საქმიანობას. წინ ბევრი საინტერესო ღონისძიება გელით!

 

თამარ კაპანაძე

 

ყველა ახალი ამბავი
0