ნოდარ ბერიძე ქართული დროშით რუსეთში მოგზაურობს. ვლადივოსტოკი, ირკუტსკი, კრასნოიარსკი უკან დარჩა. ახლა ნოდარი საქართველოშია და გზის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტებს აფორმებს. მას გეზი მოსკოვის, ბელარუსის, უკრაინის გავლით ევროპისკენ უჭირავს, ის ესპანეთამდე წასვლას გეგმავს.
ნოდარმა „Sputnik-საქართველოს“ უამბო, რაშია ველომოგზაურობის ხიბლი, რატომ უნდა დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი და რას ემსახურება მისი გრძელი გზა.
ექვსი ათასი კილომეტრი ველოსიპედით
საერთოდ, რატომ უნდა იმოგზაურო ველოსიპედით? ნოდარ ბერიძის ველოტურის მისია — მშვიდობისა და ტოლერანტობის პროპაგანდა, სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ქვეყნებს შორის კეთილმზობლური ურთიერთობების მოგვარებაში წვლილის შეტანა და პროგრამის „მელოდეს“ ფარგლებში ადამიანებს შორის დაკარგული კავშირების აღდგენა.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ვლადივოსტოკიდან ტრასაზე დაახლოებით 6000 კილომეტრი გაიარა. მარშრუტიდან ხშირად გადაუხვევია, სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში შეუვლია — კომსომოლსკ-ამურზე (ეს +400 კმ), ზეა, ბლაგოვეშენსკი…
„ვფიქრობ, იმაზე მეტი გავიარე, ვიდრე დაანგარიშებული მაქვს. თანაც ეს მკაცრი ციმბირული ზამთრის პერიოდი იყო, როდესაც ჰაერის ტემპერატურა მინუს 30-35 გრადუსამდე ეცემოდა. ბევრი სირთულე იყო: ეს ადგილები ნაკლებად არის დასახლებული, მძიმე ზურგჩანთა მქონდა აკიდებული, ბევრი ტანსაცმელი მეცვა… რთულია, რა თქმა უნდა“, — იხსენებს ნოდარ ბერიძე.
ქართული დროშა გზაზე
„ადამიანებს ხშირად უკვირთ, რატომ დავდივარ ქართული დროშით. კონფლიქტებიც ხდება. ვფიქრობ, უნდა ვისწავლოთ მოლაპარაკება. მაგრამ, თუ დამჭირდა, ჩემს უფლებას მხოლოდ სიტყვებით არ დავიცავ…“, — საუბრობს ნოდარ ბერიძე.
გზაზე ბერიძეს სხვადასხვა ადამიანები ხვდებიან, კეთილგანწყობილი და სტუმართმოყვარე, ზოგჯერ არც ისე. მაგრამ უმეტესად ისინი ამ პროექტს დადებითად უყურებენ.
„დილით ადრე ვიღვიძებ და ნოყიერად ვსაუზმობ. ჩემი წუხანდელი მასპინძლები მაცილებენ. ვიწყებ პედლების ტრიალს… პეიზაჟი იგივეა, კილომეტრები გარბიან, დღეს საღამო ცვლის. დროა ღამის გასათევი ვეძებო.
„შევდივარ უახლეს დასახლებულ პუნქტში. ვკითხულობ, ცხოვრობენ თუ არა აქ ქართველები. თუ არა, დახმარებას ვითხოვ. ვინმე მაინც გამომეხმაურება ხოლმე. ბევრი მეკითხება დროშაზე, ჩემს მოგზაურობაზე. ყოველთვის სიხარულით ვუამბობ ჩემს ისტორიას. ადამიანებს ვუმტკიცებ, რომ სპორტი და საერთოდ ცხოვრების ჯანსაღი წესი ძალიან მნიშვნელოვანია“, — აცხადებს ბერიძე.
მოგზაურობის სიყვარული
მოგზაურობის სიყვარული, ალბათ, ქართველ ხალხს სისხლში არ აქვს. ბერიძის თქმით, ისე მოხდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საყოფაცხოვრებო პირობები ბევრად უარესი იყო, ვიდრე სხვა რესპუბლიკებში. ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკა არ არსებობდა. არ იყო განვითარებული კაპიტალიზმი და მისი მთავარი ასპექტი — კონკურენცია. შესაბამისად, მოგზაურობის შესაძლებლობა მსოფლიოში, თუნდაც ქვეყნის შიგნით, არ არსებობდა.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოგზაურობა — ეს ამავე დროს ფიზიკური შრომაა, თუნდაც თუ მოტოციკლეტით ან მანქანით მოგზაურობ, მითუმეტეს ველოსიპედით. ბერიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მოგზაურობის კულტურის დანერგვა არის საჭირო. მაგალითად, უნდა გაღრმავდეს სკოლადამთავრებულთა მიერ საქართველოს ისტორიული ადგილების მონახულების ტრადიცია. ბავშვებს უნდა შეუწყონ ხელი იმოგზაურონ ერთი, ორი თვით ან მთელი ზაფხულის განმავლობაში. ასეთი პროგრამების განხორციელება განათლების სამინისტროს შეუძლია.
„მოგზაურობის ხიბლი იმაშია, რომ შენი ცნობიერება იცვლება. ეს უნდა შეიგრძნო… ახალ ადამიანებს, ახალ სამყაროს ეცნობი. დღეს უკვე კარგი ფსიქოლოგი გავხდი — გზა ადამიანების გაგებაში გეხმარება“, — აცხადებს ბერიძე.
დროშით წინ
ამ პროექტის ფარგლებში ნოდარ ბერიძეს ბევრი გეგმები აქვს. კრასნოიარსკში გზას გააგრძელებს მოყვარული ველოსიპედისტების ჯგუფთან ერთად, რომლებიც გზის ნაწილს მასთან ერთად გაივლიან. შემდეგ იქნება ტომსკი, კემეროვო, ნოვოსიბირსკი, ბარნაული, ასტანა, ომსკი, შემდეგ კი მოსკოვი.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ნოდარ ბერიძეს მხოლოდ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი ეხმარება. მას იმედი აქვს, რომ როდესაც ევროპაში წასვლის დრო დადგება, პროექტში ქართული მხარეც ჩაერთვება. ბერიძე პროექტს საკუთარი სახსრებით ახორციელებს, მაგრამ ის მოხარული იქნებოდა, ვინმე რომ დაინტერესდეს და პროექტს ფინანსურად დაეხმაროს.
„ძალები საიდან მაქვს? ყოველთვის, როდესაც გამიჭირდება, დედაჩემს ვიხსენებ. ერთი ძმა და სამი და მყავს. ფაქტობრივად, დედამ ხუთი შვილი მარტომ გაგვზარდა, მამა მეზობელ სოფელში მუშაობდა და სახლიდან დილით ადრე გადიოდა, ბრუნდებოდა კი გვინ საღამოს. ყველა საქმეს დედა უძღვებოდა, თანაც არანაირი პირობები არ არსებობდა. და მე ვიცი, რომ დედაჩემის შვილი ვარ. ესე იგი, სირთულეებს მოვერევი. და ვერევი კიდევაც, ქართული დროშით ხელში!“, — აცხადებს ბერიძე.