თბილისი, 10 მაისი — Sputnik. პირველი კომერციული სამგზავრო ავიარეისი საქართველოში 1923 წლის 10 მაისს შესრულდა, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
თვითმფრინავმა Junkers F13-მა რეისი თბილისი-მანგლისის მიმართულებით მხოლოდ ერთი მგზავრით შეასრულა, რომელსაც მეთაური შპილი და ბორტტექნიკოსი საღარაძე მართავდნენ.
Junkers F 13 ავიაციის ისტორიაში პირველი თვითმფრინავია, რომელიც თავდაპირველად დაპროექტებული იყო როგორც სამგზავრო, და მსგავსი დანიშნულების პირველი მანქანა, რომელსაც მთლიანად ლითონის კონსტრუქცია ჰქონდა.
პროექტი შემუშავდა კონსტრუქტორ ოტო როიტერის ხელმძღვანელობით, რომელიც იმ გამოცდილებას დაეყრდნო, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავების, უპირველეს ყოვლისა, ორადგილიანი გამანადგურებლისა და მოიერიშის „იუნკერს“CL.I (J10) შექმნისას დაგროვდა.
პროტოტიპი ჰაერში პირველად 1919 წლის 25 ივნისს აფრინდა. სერიული გამოშვება 30-იანი წლების დასაწყისამდე გაგრძელდა.
საერთო ჯამში აიგო 322 თვითმფრინავი (დაახლოებით 60 მოდიფიკაცია ძრავის ტიპისა და სხვა დეტალების მიხედვით), მათგან 110-ის ექსპლუატაცია გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფტჰანზამ“ განახორციელა, დანარჩენები კი მსოფლიოს ათობით ქვეყანაში საექსპორტოდ გაიგზავნა.