თბილისი, 7 მაისი — Sputnik. მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში მოგზაურობს, წერს Facebook-გვერდზე რუსეთში საქართველოს ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეს-მდივანი ანდრო ივანოვი.
ექს-მერი თბილისს მეუღლესთან, ელენა ბატურინასთან და მოსკოვის ბუნაბათსარგებლობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, ლეონიდ ბოჩინთან ერთად ეწვია.
რუსეთიდან ჩამოსულმა სტუმრებმა სოფელ ქანდაში მდებარე 13 ასურელი მამის მონასტერი მოილოცეს, რადგან სურდათ იქაური ტაძრის წინამძღვრის, სქემარქიმანდრიტ სერაფიმე ბით ხარიბის გალობის მოსმენა.
„გაუმარჯოს ხალხთა შორის მეგობრობას და მშვიდობას ჩვენს მიწაზე!“, — წერს ივანოვი.
სოფელ ქანდას 13 წმინდა ასურელი მამის სახელობის მონასტერი მართლმადიდებლურ სამყაროში ერთადერთი ადგილია, სადაც წირვა ორ ენაზე — ქართულსა და არამეულზე მიმდინარეობს. სოფელ ქანდაში ძირითადად ასურელები ცხოვრობენ.