თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თავისუფალი სტილით ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა (-125 კგ) სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი UWW.
მეოთხედფინალში პეტრიაშვილი თავის ძველ მეტოქეს — რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, თურქ ტაჰა აკგულს შეხვდა. თანასწორი ბრძოლა პეტრიაშვილს არ გამოუვიდა და აკგულმა დიდი უპირატესობით მოიგო — 14:4.
თურქი მოჭიდავის შეჩერება ნახევარფინალშიც ვერ მოხერხდა. სწორედ ამის გამო პეტრიაშვილმა რეპეშაჟში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, სადაც დანილო კარტავი ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
ბრინჯაოსთვის ბრძოლაში პეტრიაშვილმა უნგრელ დანიელ ლიგეტის ანგარიშით 4:2 მოუგო.
ამ წონით კატეგორიაში დამსახურებულად გაიმარჯვა აკგულმა, რომელიც თავისი კარიერის განმავლობაში ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში შეჯიბრების დასასრულს საქართველოს ნაკრების აქტივში ოთხი მედალი აქვს - ერთი ოქრო — ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (-61 კგ), სამი ბრინჯაო — ზაურ იაკობაშვილი (-65 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (-97 კგ), გენო პეტრიაშვილი (-125 კგ). თავისუფალ სტილით ჭიდაობაში საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა შემაჯამებელ ოქმში მეოთხე ადგილი დაიკავა. გამარჯვებული თურქეთია, რომელმაც კონტინენტურ პირველობაზე უმაღლესი სინჯის სამი მედალი მოიპოვა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას 6 და 7 მაისს დაიწყებენ.