ილია მეორემ საქართველოს პრემიერს გიორგობა მიულოცა

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი ქაშვეთის ტაძარში გიორგობის დღესასწაულზე
გიორგი კვირიკაშვილი ქაშვეთის ტაძარში გიორგობის დღესასწაულზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პირველმა პირებმა გიორგობა ტაძრებში აღნიშნეს.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს და მათ შორის საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გიორგობა მიულოცა, აღნიშნულია მთავრობის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შაბათს გიორგობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში სადღესასწაულო წორვა აღევლინა. საქართველოში გიორგობას ორჯერ აღნიშნავენ – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღესა და 23 ნოემბერს – ბორბალზე გაკვრის დღეს.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, გიორგობას. წმინდა გიორგი განსაკუთრებით ახლობელია ჩვენთვის, ყველა ოჯახისთვის. არ არსებობს ისეთი ოჯახი საქართველოში, რომ ერთ ვინმეს მაინც წმინდა გიორგის სახელი არ ერქვას… მოხარული ვართ, რომ წირვა-ლოცვას ესწრება მისი აღმატებულება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი. ვულოცავთ მას გიორგობას. წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი და შემწე თქვენს მძიმე მოღვაწეობაში. მრავალჟამიერი სიცოცხლე მოგანიჭოთ ღმერთმა“, – ბრძანა პატრიარქმა წმინდა გიორგი სახელობის ქაშვეთის ეკლესიაში წირვის დროს.

წმინდა გიორგის ძეგლი - Sputnik საქართველო
საქართველო წმინდა გიორგის ხსენების დღეს ზეიმობს

გიორგობა საქართველოს მიულოცა ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წირვას ამბროლაურში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში დაესწრო.

„გილოცავთ გიორგობას — ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. გიორგობის მადლი შეგეწიოთ თქვენ, თქვენ ოჯახებს, გიორგობის მადლი ფარავდეს ჩვენ ქვეყანას“, – განაცხადა კობახიძემ.

წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის — ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, შუბით გველეშაპის განმგმირავი,  ქართული ცნობიერებისა  და მართლმადიდებლური რწმენის შემადგენელ ნაწილად იქცა და აღბეჭდილია სახელმწიფო  გერბზე. 

წმინდა გიორგის მიმართ პატივის მიგება, ქრისტიანობის დასაწყისიდან დღემდე გრძელდება.  შუა საუკუნეებში, წლის ყველა დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოიშვა წმინდა გიორგის 365 ლოცვა, ასევე  საქართველოს ყველა რეგიონში წმინდა გიორგის პატივსაცემად ტაძარია აგებული.  

 

 

ყველა ახალი ამბავი
0