თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ყოველწლიური ტრადიციული „ახალი ღვინის ფესტივალი“, რომელიც თბილისში 13 მაისს გაიმართება, შეკრებს ღვინის პროდუქციის მწარმოებლებს, სომელიეებსა და კრიტიკოსებს, აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორის – საქართველოს ღვინის კლუბის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
მთაწმინდის პარკში 11:00–დან 18:00 საათამდე ღვინის მწარმოებელი კომპანიები ფესტივალის სტუმრებს 2016 წლის მოსავლის ღვინოს წარუდგენენ. სტუმრებს დღის განმავლობაში სხვადასხვა ღვინის დაგემოვნება შეეძლებათ.
წელს „ახალი ღვინის ფესტივალში“ 113 კომპანია მონაწილეობს – მცირე/ოჯახური, საშუალო და დიდი მეღვინეობები.
ყველაზე მეტი დასახელების ღვინო წარმოდგენილი იქნება კახეთიდან, თუმცა, წელს აქტიურობენ ასევე იმერეთი, ქართლი, რაჭა–ლეჩხუმი, გურია, აჭარა და სამცხე–ჯავახეთი.
ღვინის კლუბი ფესტივალს მერვედ ატარებს. მისი მთავარი მიზანია პოპულარიზება გაუწიოს ქართულ ღვინოს და ასევე, აამაღლოს ღვინის განათლებისა და სამომხმარებლო კულტურის დონე.
ტრადიციულად, „ახალი ღვინის ფესტივალი 2017“ ქვევრის საზეიმო გახსნით დაიწყება. ფესტივალზე იქნება მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრები და სხვა.
ფესტივალზე ასევე გაიმართება ტრადიციული და თანამედროვე ხელნაკეთი ნიმუშების გამოფენა, ასევე, სტუმრები თიხისგან ნაკეთობების საკუთარი ხელით დამზადებას შეძლებენ.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის მხარდამჭერი არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.