თბილისი, 6 მაისი – Sputnik. უცნობმა პირმა კრისტოფერ ვულის ნახატი „უსახელო 2004“, რომელიც თითქმის სამ მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული, გაანადგურა. შემთხვევა კოლორადოს შტატის ქალაქ ასპენში საოპერო გალერეაში მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости Aspen Times–ზე დაყრდნობით.
ინციდენტი გალერეის ვიდეოკამერამ დააფიქსირა. მამაკაცი შავი სათვალითა და კეპით მიუახლოვდა ტილოს და მას დანა ორჯერ დაუსვა. შემდეგ მიტრიალდა და გალერეა დატოვა. შენობაში მან სულ 15 წამი დაჰყო. მამაკაცის ვინაობის დადგენა და მითუმეტეს, დაკავება, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
როგორც გალერეის მფლობელმა გრეგორი ლაჰმიმ განაცხადა, ნახატი პრაქტიკულად განადგურებულია, თუმცა კვლავ საგამოფენო დარბაზში რჩება.
ლაჰმის ასისტენტმა დასძინა, რომ დამნაშავე მიზანმიმართულად გაეშურა სწორედ ვულის ტილოსკენ და ყურადღება არც კი მიუქცევია პაბლო პიკასოსა და მარკ შაგალის ნახატებისთვის.
მუზეუმის თანამშრომლები ასევე იხსენებენ, რომ შემთხვევამდე რამდენიმე კვირით ადრე მათთან უცნაური სატელეფონო ზარები შევიდა. უცნობები აზუსტებდნენ, ნამდვილად მათ გალერეაშია თუ არა ვულის ნახატი.