ნინი რაზმაძე
- თამარ, რამდენი ხანია, რაც ხატავ?
— 6 წლის ასაკში ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს ხატვის წრეზე მივეყვანე, ალბათ, ათვლაც აქედან იწყება… თუმცა, ბუნებრივია ამ ასაკში ბავშვი შედევრს ვერ შექმნის, მაგრამ ნიჭის გამოვლენა და მისი შემჩნევა ძალიან ადვილია. ამის გამო ყოველთვის ჩემი მშობლების მადლიერი ვიქნები.
- როდის გააცნობიერე, რომ ხატვა შენი „საქმე იყო“?
— ალბათ, საკმარისია რაიმე საქმე სიამოვნებს განიჭებდეს და თუნდაც სულ მცირე წარმატებას აღწევდე, რომ მიხვდე ამას. საბედნიეროდ, მოხდა ისე, რომ მალევე აღმოვაჩინე,,ჩემი საქმე''. გარშემომყოფებსაც, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვით, რადგან მაშინდელი ასაკიდან გამომდინარე, ძნელი იყო გავრკვეულიყავი ჩემს თავში და მიზნებში. ამისთვის სულ მცირე დახმარება აღმოჩნდა საჭირო და რაც მთავარია, არანაირი ძალდატანება. აქვე არ შემიძლია არ ვთქა და რჩევა არ მივცე ისეთ მშობლებს, რომლებიც შვილის ნიჭის აღმოჩენას რეპეტიტორებთან ცდილობენ, უბრალოდ, საკმარისია ბავშვთან მეტი დროის გატარება და დაკვირვება, რითიც ზედმეტ,,ექსპერიმენტებს'' ააცილებენ საკუთარ თავსაც და მათ შვილებსაც.
- პირველი ნამუშევარი და პირველი წარმატება…
— მართალი გითხრათ, პირველი ნამუშევარი თითქმის არ მახსოვს, მაგრამ დღემდე საგულდაგულოდ არის ჩემს ოჯახში ყველა ჩემი ნახატი შენახული. რაც შეეხება პირველ წარმატებას, ვთვლი, რომ ნებისმიერი გამოფენა წარმატება იყო. გამოფენებში კი ხშირად ვიღებდი მონაწილეობას.
- რომელი კონკურსი იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი?
— ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსი და გამარჯვება ეს იყო 10 წლის ასაკში. ამ ნახატმა მართლაც დიდი მოწონება დაიმსახურა საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ეს იყო ევროკავშირის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მე და ჩემმა ნახატმა საქართველოს სახელით გავიმარჯვეთ.
- ვინ არის ადამიანი, ვისი შეფასებაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია?
— ერთ-ერთი პირველი შემფასებელი და კრიტიკოსი მამაჩემია. ბავშვობაში ზოგჯერ ისეთ შენიშვნას მომცემდა, რომ მწყინდა, მაგრამ ყოველთვის მართალი იყო. ახლა ჩემი მთავარი კრიტიკოსი ჩემი მეუღლეა, რადგან პირველი ის ნახულობს ჩემს ახალ ნამუშევრებს. ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ხელოვანია და ეს ძალიან მეხმარება მუშაობაში, რადგან ვიცი, რომ ისინი კომპეტენტურები არიან ამ საკითხში და შემიძლია თავისუფლად მივიღო მათგან ნებისმიერი სახის შეფასება.
- მუშაობის პროცესზე მოგვიყევი…
— მუშაობის პროცესი დასვენებასთან და განტვირთვასთან ასოცირდება. არ მიყვარს, როცა ხელს მიშლიან. ამ დროს, ყოველთვის მირჩევნია მარტო ვიყო სიმშვიდეში, ჩემი საყვარელი მუსიკის თანხლებით.
- რის მიხედვით არჩევ რა უნდა დახატო?
— იშვიათად თუ მიხელმძღვანელია რაიმეთი და ისიც მაშინ, როცა სწავლის პროცესში ვიყავი. თუ ეს მომხდარა, აუცილებლად აღვნიშნავ ხოლმე. არაფერი სჯობს იმას, როცა ნამუშევარი თავიდან ბოლომდე შენ გეკუთვნის. საერთოდ ჩემთვის რაიმეს შექმანა ხაიათზეა დამოკიდებული, რაც ყოველთვის იგრძნობა არა მხოლოდ ჩემს, არამედ ყველა შემოქმედის ნამუშევარში.
- როდის გადაწყვიტე ნახატების ნივთეზე გადატანა?
— ამაზე დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია. ყოველთვის მომწონდა განსხვავებული ნივთები, ტანსაცმელი და ა.შ. ამის მისაღებად კი მივხვდი, რომ სულაც არ იყო საჭირო სხვის იდეებზე დაყრდნობა. რა არის იმაზე კარგი, როცა შეგიძლია შენი ხელით შეტანილი მცირე შტრიხებით რაღაც უბრალო ორიგინალური გახადო და გქონდეს მხოლოდ შენ. ამით ვცდილობ ყველაფერს მეტი ორიგინალურობა და ჩემი ხასიათი შევძინო. არ ვსაუბრობ მხოლოდ ტანსაცმელზე ან ფეხსაცმელზე. ყველაფერთან ერთად, ასეთი ნივთები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს ხალხში, რაც ძალიან სასიამოვნოა.
- ფეხსაცმლის გარდა, კიდევ გადაგაქვს რაიმეზე ნახატები?
— სულ ახლახანს ჩემი ქურთუკი მოვხატე. გარდა ამისა, მაქვს ჩემი მოხატული მაისურები და სხვადასხვა მცირე ნივთებიც.
- საზოგადოება როგორ შეხვდა „ფიროსმანს ფეხსაცმელზე“?
— ამ იდეას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ უარყოფითი კომენტარი არავისგან მსმენია. პირიქით, ძალიან მოეწონათ და როგორც ვთქვი, რამდენიმე ადამიანმა სურვილიც გამოთქვა მსგავსი ფეხსაცმელი მისთვისაც გამეკეთებინა. ვინმესგან კრიტიკაც რომ მომესმინა, არ გამიკვირდებოდა, თუმცა, ხალხი ახლა უკვე სხვანაირად აზროვნებს, მათაც სიამოვნებთ რაღაც განსხვავებულის ნახვა, ეს კი ჩემთვის დიდი მოტივაციაა.
- რატომ ფიროსმანი?
— თავიდან მეც დავუსვი იგივე კითხვა ჩემს თავს და პასუხიც მალევე ვიპოვე. ვფიქრობ, ამის მიზეზი წინა დღეებში ძველ თბილისში გასეირნება იყო, აშკარად ამან იქონია გავლენა იდეაზე და მგონი ცუდი არ გამოვიდა. სხვათაშორის, ბევრმა გამოთქვა სურვილი ჰქონოდა მსგავსი ნახატით ფეხსაცმელი. საერთოდ ძალიან მიხარია, რომ ზოგადად, ხალხში გაჩნდა რაღაც ტენდენცია, რაც ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციას და მოწონებას უკავშირდება.
- აპირებ კიდევ სხვა ნახატების გადატანას ნივთებზე?
— რა თქმა უნდა, ვაპირებ. ახლაც რამდენიმე ნივთზე ვმუშაობ.
- შენი სამომავლო გეგმები გაგვიზიარე…
— რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ისინი საკმაოდ მრავალფეროვანია. ამ ეტაპზე მე და ჩემი მეუღლე ხეზე კვეთას, ხატვას და ორიგინალურ იდეებს ვაერთიანებთ. ვქმნით ხის ხელნაკეთ ნივთებსა და აქსესუარებს და შეძლებისდაგვარად მათ რეალიზაციას ვცდილობთ. კონკრეტულად ჩემს სფეროს რაც შეეხება, მიფიქრია მის მეტად განვითარებაზე, მაგრამ ბოლო დროს ხელნაკეთი ნივთებისადმი საზოგადოების განსაკუთრებულმა დაინტერესებამ, მეტი მოტივაცია გამიჩინა რომ უფრო სერიოზულად მოვეკიდო ამ საქმიანობას.