ნიუ-იორკი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი – ნატა ბერეჟიანის ვოიაჟი

© Courtesy by Nata Berezhianiნატა ბერეჟიანი
ნატა ბერეჟიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ვოიაჟი და მარიაჟი" მსახიობ ნატა ბერეჟიანს წარმოგიდგენთ.

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი მსახიობი ნატა ბერეჟიანია. ნატასთვის მოგზაურობა ძალიან მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს. როგორც მსახიობმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის ძალიან დიდი, დადებითი ემოცია სწორედ მოგზაურობას მოაქვს.

დროის სიმცირის გამო ყველა მუზეუმს „გადარბენით“ ათვალიერებს, უნდა ყველა ღირსშესანიშნაობის ნახვა მოასწროს. ყველაზე მეტად კი შოპინგისთვის დაკარგული დრო ენანება, ამიტომ უცხო ქვეყანაში თითქმის არასოდეს ხარჯავს დროს შოპინგზე.

© FB/ Nata Berezhianiნატა ბერეჟიანი ფილადელფიაში მეგობრებთან ერთად
ნატა ბერეჟიანი ფილადელფიაში მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
ნატა ბერეჟიანი ფილადელფიაში მეგობრებთან ერთად

მოგზაურობა ჩემთვის…

მოგზაურობა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესია. ამ დროს ეცნობი ახალ ხალს, კულტურას, ტრადიციებს. ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მოაქვს მოგზაურობას, ისეთი, რაც მანამდე არ გამოგიცდია. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია უცხო ქვეყანაში სტუმრობა. ვფიქრობ, ადამიანისთვის ეს აუცილებელიცაა. თუ გაქვს ამის საშუალება, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა წახვიდე სამოგზაუროდ. ზოგადად, ვთვლი, რომ მოგზაურობისთვის არ არის აუცილებელი ბევრი ფული გქონდეს და „ფეშენ“ სასტუმროში დაისვენო, ან ბრენდირებულ მაღაზიებში იშოპინგო. ყველაზე მეტად დრო რაშიც მენანება, სწორედ შოპინგია. მირჩევნია მუზეუმებში ვიარო, ვიდრე შოპინგზე. თავიდან, როცა პირველად წავედი უცხო ქვეყანაში, ძალიან ბევრი მუზეუმი ვნახე. გარკვეული დროის მერე მივხვდი,  ისეთი სისწრაფით დავრბოდი დარბაზიდან დარბაზში, რომ როცა გამოვდიოდი, თითქოს ემოცია არ მრჩებოდა. ბოლოს ვიყავი ნიუ-იორკში გასტროლებით. როცა მივდიოდი, გადავწყვიტე, რომ მუზეუმებისთვის დიდი დრო აღარ დამეთმო, უფრო მეტად ქუჩაში მევლო. რატომღაც ასე მგონია, ქუჩაში სიარულით უფრო მეტად შეიცნობ იმ ქვეყანას, ქალაქს, სადაც ხარ. ჩემდა სასიხარულოდ, პროფესიიდან გამომდინარე ხშირად მიწევს საზღვარგარეთ გასტროლებზე სიარული. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა.

© FB/ Nata Berezhianiნატა ბერეჟიანი ნიუ-იორკში მეგობრებთან ერთად
ნატა ბერეჟიანი ნიუ-იორკში მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
ნატა ბერეჟიანი ნიუ-იორკში მეგობრებთან ერთად

მეგზური

ჩემი აზრით, სამოგზაუროდ წასვლა ბევრად უფრო სასიამოვნოა, როცა იმ გარემოში და იმ ადამიანებთან ხარ, სადაც თავს კომფორტულად გრძნობ. არავინ გიქმნის დისკომფორტს და შენი მეგზურების თანამოაზრე ხარ. ჩემდა სასიხარულოდ ყოველთვის ასეთ გარემოში მიწევს მოგზაურობა. თუ გასტროლებზე მივდივართ, იმ ადამიანებთან მიწევს მოგზაურობა, ვინც ძალიან მიყვარს და მათთან ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. თუ გასტროლების გარეშე მივდივარ სამოგზაუროდ, მაშინაც საყვარელ ადამიანებთან ერთად მივდივარ, რაც ძალიან სასიამოვნოა.

© FB/ Nata Berezhianiნატა ბერეჟიანი მეგობრებთან ერთად
ნატა ბერეჟიანი მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
ნატა ბერეჟიანი მეგობრებთან ერთად

ევროპა

ევროპაში ძალიან მომეწონა ბერლინი. არაჩვეულებრივი ქალაქია. სულ მესმოდა, რომ გერმანელები ცივი ხალხია, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს ბერლინში. ყველანაირ თავგადასავალს, დასვენებას გთავაზობს ეს ქალაქი. მშვიდად დასვენება გინდა ბუნებაში? მშვიდად დაისვენებ. გიტაცებს ღამის ცხოვრება? არაჩვეულებრივი ღამის კლუბებია და შეგიძლია დრო სასიამოვნოდ გაატარო. ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი, ლამაზი არქიტექტურა, ლამაზი ქუჩები და ა.შ. ეს არის ადგილი, სადაც თავს უცხოდ არ გრძნობ. შედარებისთვის გეტყვით, ლონდონში რომ ჩადიხარ, იქ გრძნობ რამხელა ქალაქში მოხვდი. გგონია, რომ ჭიანჭველა ხარ. ბერლინი უფრო თავისუფალი ქალაქია. აქ ბევრი სხვადასხვა ეროვნების ადამიანია თავშეყრილი.

არაჩვეულებრივი ქალაქია ედინბურგი. შოტლანდიის ამ ულამაზესმა ქალაქმა ძალიან მომხიბლა. ედინბურგში არის განსაკუთრებული არქიტექტურა, რის გამოც იგი ევროპაში ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად არის აღიარებული. თითქოს ღრუბლებიც სხვა ფერია — ნაცრისფერია, ხშირად ცრის წვიმა, რაღაც საოცარი ჰაერია იქ, განსხვავებული კლიმატია. როცა მზეა, მაისურით ხარ, საკმარისია მზე ღრუბლებს მოეფაროს, რომ ისე გცივა, გინდა ზამთრის თბილი ტანსაცმელი ჩაიცვა.

© FB/ Nata Berezhianiნატა ბერეჟიანი მეგობრებთან ერთად
ნატა ბერეჟიანი მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
ნატა ბერეჟიანი მეგობრებთან ერთად

აზია

სამწუხაროდ, აზიის ქვეყნებში არ ვარ ნამყოფი, ამიტომ ვერ ვილაპარაკებ იმაზე, რაც არ მინახავს. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ვესტუმრები აზიასაც.

განსაკუთრებული შთაბეჭდილებები

სადაც კი ვარ ნამყოფი, ჩემში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა და ემოცია გამოიწვია ნიუ-იორკმა. მგონია, რომ ასეთი ენერგია და მუხტი არც ერთ ქალაქს არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ნიუ-იორკი ქალაქი კი არა, ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ძალიან სწრაფად მოძრაობს. თითქოს იქ ჰაერის ჩასუნთქვასაც ვერ ასწრებ. პირველად რომ ჩავედი ნიუ-იორკში, სასტუმროში დავყარეთ ჩემოდნები და მაშინვე გარეთ გავედით. სასტუმროს კარი რომ გავაღე, შეგრძნება მქონდა, თითქოს სუნთქვა შემეკრა. ეს იმიტომ არა, რომ სხვა რომელიმე ქალაქზე ლამაზია, უბრალოდ რაღაც განსაკუთრებული მუხტი და ენერგია აქვს მას. იქ არ აქვს ეროვნებას მნიშვნელობას, თუ თავდაუზოგავად შრომობ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევ. ეს არის ქალაქი, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი… თუმცა, ამ ასაკში, როცა უკვე გათხოვილი ვარ, შვილი მყავს, ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია, შესაძლოა, არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება. რომ ვიყო ცხრამეტი წლის, გასათხოვარი და ახლა ვირჩევდე ცხოვრების გზას, აუცილებლად წავიდოდი საცხოვრებლად ნიუ-იორკში.

საოცნებო ქალაქი

ასეთი იყო ჩემთვის ნიუ-იორკი. იმდენად შორეული ჩანდა ჩემთვის ამერიკა, რომ მეგონა, ამ ოცნებას ვერასოდეს ავიხდენდი, თუმცა ავიხდინე. ძალიან ბევრი ქვეყანა და ქალაქია, რომლის ნახვაზეც ვოცნებობთ. ასე კონკრეტულად მხოლოდ ერთს ვერ გამოვყოფ. ძალიან მინდა აზიის ქვეყნები მოვინახულო. რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს, რა ქონებაც არ უნდა შეიძინო ადამიანმა, ვფიქრობ, ვერაფრისგან ისეთ სიამოვნებას ვერ მიიღებ, რამხელა სიამოვნებასაც იღებ მოგზაურობით. ძალიან მინდა საქართველოში ყველა ადამიანს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ წელიწადში ერთხელ მაინც წავიდეს სამოგზაუროდ, გაეცნოს უხო ქვეყნების კულტურას. ეს დიდ გავლენას იქონიებს ჩვენს საზოგადოებაზე, სულიერად გაიზრდები, მეტ გამოცდილებას მიიღებ, სიახლეებს აითვისებ. როგორც წიგნის კითხვა ავითარებს ადამიანის გონებას, მეტად სუფთას ხდის მის სულს, ასევეა მოგზაურობაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0