როგორ გვხედავენ შვილები, ანუ ბიჭის თხზულება თემაზე "დედაჩემის გარეგნული აღწერილობა"

გამოწერა

სკოლაში ბავშვებს ხშირად ავალებენ, დაწერონ თემა დედაზე. და თითოეული მათგანი დიდი გულმოდგინებითა და სიყვარულით წერს, რომ მისი დედა ყველაზე ლამაზია, ყველაზე კეთილი და ყველაზე ჭკვიანი.

თუმცა, იყო ასეთი შემთხვევაც: თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მეორეკლასელ ბავშვებს დაავალეს აღეწერათ დედა. მწერალ ოტია იოსელიანის შვილიშვილმა, თავადაც ოტია იოსელიანმა, შინ რომ მივიდა და დავალების შესასრულებლად მაგიდას მიუჯდა, დედას ჰკითხა, როგორ უნდა აღგწეროო და იმანაც უპასუხა, დაწერე, რომ შენი დედიკო საუკეთესოა და ყველაზე ლამაზიო. ოტიამ კი კატეგორიულად განუცხადა, შენ კი არა, ყველაზე ლამაზი თაკოს დედიკოაო — ანუ იმ გოგოსი, რომელიც უყვარდა.

ქალი ანგელოზის ფრთებით - Sputnik საქართველო
დედა ყოველთვის მართალია: 16 პუნქტი კედელზე გასაკრავად

მოკლედ, ოტიამ ყველაფერი კარგი დაწერა დედაზე, ოღონდ "სილამაზის დედოფლობა" არაფრით არ ჩამოართვა თაკოს დედიკოს.

ქვემოთ კიდევ ერთი ბავშვის თემას გაგაცნობთ, რომელსაც დედიკო ფრიად სერიოზულად დაუხასიათებია — მისი გადმოსახედიდან, და ფრიად სახალისოდ — უფროსების თვალსაზრისით.

თხზულების სტილი შეძლებისდაგვარად დაცულია.

"დედაჩემი გამხდარია. თვითონ ამბობს ასე, რომ გამხდარია. აქვს არც ისე გრძელი ფეხები, მაგრამ ტერფებში ბრტყელტერფიანობა აქვს. თავი ჩემზე ცოტათი დიდი აქვს, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანია. სახეზე აქვს მომწვანო თვალები და გრძელი წამწამები, ზედ კი ცისფერი "წენი" უსვია. წარბები ხან როგორი აქვს და ხან როგორი — თვითონ იხატავს. ცხვირი ნორმალური აქვს, ოღონდ ცოტათი კეხიანი, იმიტომ რომ ბავშვობაში ველოსიპედიდან გადმოვარდა და ცხვირით წაიქცა. ტუჩები არ ვიცი, რა ფერის აქვს, იმიტომ რომ სულ სხვადასხვა ფერის "პამადა" უსვია.

კიდევ დედას სახეზე სწორი და თითქმის თეთრი კბილები აქვს. ძალიან გრძელი კისერი აქვს და ზედ სულ ძეწკვი უკეთია. დედას განიერი მხრები აქვს, მაგრამ უხდება. ჩემ დედიკოს ლამაზი ქალური ხელები აქვს და ფრჩხილებზე თეთრი "მანიკური" უსვია. ფეხები სწორი აქვს, იმიტომ რომ არ მოუტეხია. მგონია, რომ დედა შეიძლებოდა მოდელი ყოფილიყო, მაგრამ დაბალია და იქ ალბათ არ მიიღებდნენ…

მამიკოც მინდოდა დამეხასიათებინა, მაგრამ იტირა და მთხოვა, არ დამახასიათოო".

ყველა ახალი ამბავი
0