თეატრი, კინო, მუსიკა, მუზეუმები… კულტურის ყველაზე პოპულარული და ტრადიციული დარგები. მსახიობები, მუსიკოსები და მხატვრები კი, როგორც წესი, კულტურის ყველაზე ცნობილი ადამიანები არიან. ისინი თამაშობენ თეატრში, კინოში, ცეკვავენ, მღერიან, ხატავენ შედევრებს და ამისთვის იღებენ საერთაშორისო პრემიებს და იმსახურებენ მილიონობით ადამიანის თაყვანისცემას. თუმცა, იშვიათად თუ ვინმე დაფიქრებულა იმაზე, რომ ამ წარმატების უკან ხშირად დგას არტ-მენეჯერების შრომა. ადამიანების, რომლებიც კულტურას სერიოზულად აღიქვამენ.
საქართველოში არტ-მენეჯერის პროფესია ახალი მოვლენაა, ამიტომ მისდამი დამოკიდებულება ცალსახა არ არის. ორჯერ უფრო რთულია მუსიკალური, თეატრალური და სამუზეუმო პროექტების მენეჯმენტი. საქართველოში, სადაც აღნიშნულ სფეროებს გრძელი და სახელოვანი ისტორია გააჩნია, საყოველთაოდ აღიარებული ფრაზა "კულტურის პროდუქტი" დღემდე აღიქმება როგორც მიუღებელი.
თუმცა, მიუხედავად ყველა სირთულეებისა და სტერეოტიპებისა, არსებობენ კულტურის ლიდერები, რომლებიც იღებენ გამოწვევას და ქმნიან საჭირო, საინტერესო და, რაც მთავარია, წარმატებულ პროექტებს.
ჩვენ მოგითხრობთ ოთხ მათგანზე. ყველა ქართველი არტ-მენეჯერი თვლის, რომ მთავარია სწორი განათლება. ჩვენი გმირები შეიკრიბნენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული ლიდერების პროგრამა "კულტურა და კრეატიულობის" ფარგლებში.
ელენე მეჩითოვა. ჯაზზე გამავალი ხიდი
ელენე მეჩითოვა გახლავთ ორგანიზაცია "Art Bridge"-ის დამფუძნებელი და დირექტორი, გარდა ამისა, ის არის ანტრეპრენიორი და კულტურის მენეჯერი, საერთაშორისო რეზიდენციების "Artslink 2015" მონაწილე და ISPA (International Society for the performing arts) 2017 სტიპენდიანტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ვიოლინოს კლასი და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი არტ მენეჯერის სპეციალობით. ის მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია საშემსრულებლო ხელოვნებასთან, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებასთან, სოციალურ ცვლილებებთან ხელოვნების გზით. 2012 წელს მეჩითოვამ დააარსა დამოუკიდებელი ორგანიზაცია "Art Bridge", რომლის მიზანია კულტურის და ხელოვნების ხელშეწყობა, ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერა და მათი შემდგომი პროფესიული განვითარება საგანმანათლებლო პროექტების მეშვეობით, შემოქმედებითი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს უწყობს კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას არტისტებს შორის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს შორის საგანმანათლებლო პროექტების გზით პროფესიონალების მონაწილეობით.
რვა წლის წინ ელენე მეჩითოვამ დააარსა "Kavkaz Jazz" ფესტივალი, რომელიც გახლავთ ერთადერთი და უნიკალური მუსიკალური პლატფორმა მთელ რეგიონში. სხვა ჯაზ ფესტივალებისგან Kavkaz Jazz განსხვავდება რეგიონული შემსრულებლების მონაწილეობით, ეთნო ჯაზ მუსიკის წინწაწევით და სერიოზული საგანმანათლებლო კომპონენტით.
საგანმანათლებლო პროგრამის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ფესტივალამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში ჩამოდიან ჯაზის ცნობილი პედაგოგები. ასე, 2010 წელს მასტერ-კლასები ჩაატარა ჯასტინ დიჩიოჩიომ მანჰეტენის მუსიკის სკოლიდან. შარშან Kavkaz Jazz ფესტივალმა უმასპინძლა კიდევ ორ თვალსაჩინო ამერიკელ პედაგოგს — გიტარისტი კრეიგ ვაგნერს და კენტუკის შტატის ლუისვილის უნივერსიტეტთან არსებული ჯეიმი ებერსოლდის სახელობის ჯაზის სკოლის ხელმძღვანელი, საქსოფონისტი მაიკლ ტრეისი. ორი კვირა, რომელიც ამერიკელმა მუსიკოსებმა სტუდენტებთან გაატარეს, უკანასკნელებისთვის დაუვიწყარი საჩუქარი აღმოჩნდა. რაც მთავარია, მასტერ-კლასებში მონაწილეობა მიიღეს არა მხოლოდ ქართველმა სტუდენტებმა, არამედ Kavkaz Jazz ფესტივალის ახალგაზრდა მონაწილეებმა სომხეთსა და აზერბაიჯანიდან.
სწორედ ამაში მდგომარეობს პროექტის არსი — როცა ერთ სცენაზე ერთად გამოდიან ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მუსიკოსები, და ყველანი ერთ ტალღაზე არიან. პროექტი ხომ სამშვიდობოა. როგორც წესი, ფესტივალის ყველა სტუმარი ასრულებს ეთნო-ჯაზს, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში თავისი ფესვები და ისტორია გააჩნია.
როგორც თავად მეჩითოვა ამბობს, Kavkaz Jazz ფესტივალი მნიშვნელოვანი პროექტია მთელი რეგიონისთვის. იმიტომ, რომ ის ერთადერთი ყოველწლიური პლატფორმაა, სადაც სომხები, აზერბაიჯანელები და ქართველები ერთად მუშაობენ, ერთად ქმნიან და ასრულებენ მუსიკას, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.
"ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ელემენტი. ჯაზ-ინდუსტრია რეგიონში არც თუ ისე განვითარებულია, ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ არაფორმალურ განათლებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ტარდება საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალები მსოფლიო დონის ვარსკვლავების მონაწილეობით, Kavkaz Jazz ფესტივალს თავისი ადგილი უკავია რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში".
თავისი არსებობის რვა წლის განმავლობაში ფესტივალმა უმასპინძლა ასზე მეტ მუსიკოსს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, აშშ-დან და ა.შ. 2016 წელს ფესტივალი გახდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ჯილდოს "Welcome to Georgia" ფინალისტი. Kavkaz Jazz ფესტივალის ისტორია მოხვდა ყველაზე გავლენიანი ამერიკული ჟურნალის ჯაზის შესახებ "Downbeat" ფურცლებზე.
უნდა აღინიშნოს, რომ მასტერ0კლასების და კონცერტების ორგანიზების გარდა, Kavkaz Jazz დაკავებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხით. ის თავს უყრის თბილისში ექსპერტებს, მუსიკალურ კრიტიკოსებს, დაინტერესებულ მხარეებს მუსიკის სფეროში მთელი რეგიონიდან. ეს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს იურთიერთონ, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და გააცნონ სიტუაცია მუსიკალურ ბაზარზე თავიანთ ქვეყანაში.
სამომავლოდ ელენე მეჩითოვა, Kavkaz Jazz ფესტივალის საგონცერტო პროგრამის გაფართოვებასთან ერთად, აპირებს საგანმანათლებლო პროგრამის კიდევ უფრო გაიმჯობესებას. უკვე მიდის მოლაპარაკებები საერთაშორისო ტრენერების გუნდის მოწვევის შესახებ ამერიკიდან, რომლებსაც გააჩნიათ ჩინეთში, ლიბანში, ტაილანდში, აფრიკაში და ევროპაში მუშაობის გამოცდილება.
ზვიად ელიზიანი. კინო ყველასათვის
ზვიად ელიზიანი — ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის (BIAFF) მენეჯერი; კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აშშ, ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრი; "საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტირების ხელშეწყობის ცენტრის თანა-დამფუძნებელი და თავმჯდომარე (IBDIPC). ასწავლის სტრატეგიულ მენეჯმენტს და ტურიზმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; არის აჭარის ტურიზმის ასოციაციის თანა-დამფუძნებელი; გააჩნია სამუშაო გამოცდილება აშშ-ში (ჩიკაგოს მსოფლიო სავაჭრო ცენტრი).
ქართველებისთვის კინო ხელოვნების უმნიშვნელოვანესი დარგიa. რაც სავსებით გასაგებია. XX საუკუნეში ქართული ნეორეალიზმი ეროვნული კულტურის ერთერთი მთავარი მოვლენა გახდა, რომელმაც გაუთქვა მას სახელი მაშინდელი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ.
არტჰაუსის კინო ქართველებისთვის არ არის ჩვეული ცნება. ამიტომ, საკმაოდ რთული იყო ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის BIAFF დაწყება 2006 წელს. მისი დამფუძნებელია არტისტების სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორია ქალაქ ბათუმის მერია. BIAFF ყოველწლიურად ტარდება სექტემბერში, პროგრამა შედგება რამდენიმე სექციისაგან — მხატვრული და დოკუმენტური კინო, მოკლემეტრაჟიანი ფილმები, მეტრების კოლექცია. ცალკე ტარდება კონკურსი ახალგაზრდა კინორეჟისორებისთვის. ფესტივალზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, სტუმრები ჩამოდიან აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. კინოფესტივალის გასაშუქებლად ტარდება სპეციალური კონკურსი ბლოგერებისთვის.
ახლა ფესტივალი 12 წლისაა. ის ერთერთი მსხვილი კინოფესტივალია რეგიონში. თუმცა, თავიდან ბევრი სირთულე იყო.
"ჩვენ არ გვქონდა გამოცდილება. 2006 წელს ბათუმში სხვა ვითარება იყო, არ იყო საკმარისი დაფინანსება. პირველ წელს ჩვენ გვქონდა მხოლოდ 30 ათასი ლარი (15 ათას დოლარზე ნაკლები). დროთა განმავლობაში მოვიდა წარმატება, როგორც პროგრამის თვალსაზრისით, ისე მონაწილეთა სტატუსის მხრივ. ფესტივალს გაუჩნდა მეტი მეგობარი სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო სექტორებში. ჩვენ დავამყარეთ მეგობრული ურთიერთობები რეჟისორებთან და პროდიუსერებთან. ყოველწლიურად დავდივართ მინიმუმ ოთხ ფესტივალზე, ვეცნობით კინო სიახლეებს. ეს გვეხმარება უფრო სრული და საინტერესო პროგრამის შექმნაში", — ამბობს ზვიადი.
ელიზიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ მიუხედავად ყველა მცდელობისა, BIAFF არ არის განვითარების ისეთ დონეზე, როგორიც სურთ მის შემქმნელებს. ერთერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს დაფინანსება. მეზობელი ქვეყნების ანალოგიური კინოფესტივალების ბიუჯეტთან შედარებით, BIAFF-ის ბიუჯეტი 7-8-ჯერ ნაკლებია. ამის მიუხედავად, ორგანიზატორები ახერხებენ ბრწყინვალე პროგრამის ჩვენებას, ცნობილი სტუმრების დაპატიჟებას, რითაც ინარჩუნებენ მაღალ დონეს. საკმარისია ითქვას, რომ BIAFF-ის არსებობის პერიოდში მას სტუმრობდნენ კინოს ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან კშიშტოფ ზანუსი, ნასტასია კინსკი, ზბიგნევ რიბჩინსკი, ნინო კირთაძე, აბას კიაროსტამი, იოს სტელინგი, რუსტამ იბრაგიმბეკოვი.
მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალის ფარგლებში 2014 წლიდან მოქმედებს კინოსკოლა, სადაც მონაწილეები გადიან მასტერ-კლასებს რეჟისურიდან დაწყებული და ტექნიკური უნარებით დამთავრებული (სცენარის შექმნა, მონტაჟი, პროდიუსირება და ა. შ.). ელიზიანის თქმით, კინოსკოლის მუშაობა მიმართულია კინო-სექტორის განვითარებაზე რეგიონში. ამის გარდა, დაინტერესებული ადამიანების მეტი რაოდენობა უფრო მასშტაბურს გახდის ფესტივალს.
მთლიანობაში, BIAFF ემსახურება ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს. პირველ რიგში, ეს არის ქართული კულტურისა და, კერძოდ, ქართული კინოს პოპულარიზაცია, რადგან ორგანიზატორები ყოველთვის ცდილობენ აჩვენონ რაც შეიძლება მეტი ეროვნული ფილმი. არაკომერციული საავტორო კინოთი დაინტერესებული მაყურებელი, რომელსაც ვერ ნახავს ტელევიზიით ან, თუნდაც, ინტერნეტით, სიამოვნებით მოდის ფესტივალის კინო ჩვენებებზე. ვითარდება დიდი ეკრანის კულტურა, ყოველ წელს ფესტივალს სულ მეტი ახალგაზრდა სტუმრობს. გარდა ამისა, ბათუმის ფესტივალს შეაქვს დიდი წვლილი აჭარის განვითარებაში, ის მნიშვნელოვან ტურისტულ როლს თამაშობს.
ქართულ კინო ინდუსტრიაში არსებულ ვითარებას ზვიად ელიზიანი ოპტიმისტურად აფასებს.
"იმ ფაქტმა, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველო გახდა ერთობლივი კინოწარმოება მხარდაჭერის ფონდის, "ევრიმაჟის" წევრი, განაპირობა ერთობლივი პროდუქციის გამოჩენა, ხელი შეუწყო ქართველ რეჟისორებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, გადაიღონ მეტი კარგი ფილმი. თუმცა, დაფინანსება აშკარად არ არის საკმარისი. სახელმწიფომ მეტი უნდა ჩადოს ინდუსტრიაში, და ეს შესაძლებელია. თუ სექტორის დაფინანსება გაიზრდება თუნდაც რამდენიმე მილიონით, ეს მოგვცემს საგრძნობ შედეგებს. კინო არის ინდუსტრია, ამიტომ აქ ბევრია დამოკიდებული დაფინანსებსა და კრეატიულ შესაძლებლობებზე; ამ ინდუსტრიას შეუძლია როგორც რეალური შემოსავლის, ისე ირიბი სარგებელის მოტანა. სასტარტო ეტაპი უკვე გავლილია, თანაც საკმაოდ წარმატებით. თუმცა იმისათვის, რომ გადავიდეთ ახალ ეტაპზე, საჭიროა დამატებითი რესურსები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გავცდებით ჩვენ ლიმიტს, ან დაგვჭირდება დიდი დრო, რომელიც არ გვაქვს".
ნინო მაღლაკელიძე. თეატრი დღე-ღამეში
ნინო მაღლაკელიძე — რეჟისორი, მხატვარი. 24-საათიანი ექსპერიმენტული თეატრალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2014 წელს მან შექმნა თანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორია (CARL). სწავლობდა თეატრალურ ხელოვნებას აშშ-ში (კენედის ცენტრი, ვაშინგტონი) და დიდ ბრიტანეთში (ეროვნული სამეფო თეატრი, ლონდონი). წერს სადოქტორო დისერტაციას თანამედროვე თეატრის თემაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მარკ შაგალის პრემიის ლაურეატია. 20 სპეკტაკლის, საუნდ ინსტალაციისა და პერსონალური გამოფენების ავტორია.
24-საათიანი ექსპერიმენტული თეატრალური ფესტივალი შექმნილია ცნობილი ბრიტანული-ამერიკული მოდელის მიხედვით. დღე-ღამის განმავლობაში ახალგაზრდა დრამატურგები წერენ სასცენო ტექსტს, შემდგომ ახალგაზრდა რეჟისორები დგამენ მას და 24 საათის ამოწურვამდე წარადგენენ პრემიერას. პრინციპი ძალზედ მარტივი და საინტერესოა. ფესტივალი ჩატარდა უკვე ოთხჯერ თბილისში, ბათუმში და ფოთში. ახლა ნინო ემზადება მეხუთე, საიუბილეო ფესტივალისთვის. როგორც ნინო იძახის, საქმე საკმაოდ რთულია, მაგრამ ღირს ამად.
"ყველაფერი რაც დღეს ხდება — თანამედროვეა. თუმცა, როცა ვსაუბრობთ თანამედროვე შემოქმედებით სივრცეზე, ჩვენ, როგორც წესი, ვადარებთ მას ევროპულს და გვესმის, როგორი პროდუქტი გვაქვს — დაბალი თუ მაღალი ხარისხის. ჩვენი ფესტივალი შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა თეატრალებს მცირე ფორმით — ვინაიდან ეს გრძელდება მხოლოდ დღე-ღამის განმავლობაში, როდესაც იწერება პიესა და იდგმება სპექტაკლი, — გამოავლინონ საკუთარი თავი. ამაში მდგომარეობს მისი განსხვავება — ჩვენ თავად ვქმნით თეატრალურ პროდუქტს".
ფესტივალის მონაწილეები ხდებიან ახალგაზრდა რეჟისორები, დრამატურგები და სცენოგრაფები, რომლებისთვის მასში მონაწილეობა ხშირად წარმოადგენს ტრამპლინს შემდგომი წარმატებული კარიერისთვის.
"ძალიან მინდა, რომ ექსპერიმენტული თეატრი განვითარდეს, და საკუთარ თავს აქტიურად ვხედავ ამაში, — ამბობს ნინო მაღლაკელიძე, — სტაჟირება გავიარე ნიუ იორკში და ლონდონში და აღმოვჩნდი ისეთი ადამიანი, რომელსაც უნდა თავის თავზე აეღოს საქართველოს ექსპერიმენტული თეატრის განვითარებაზე პასუხისმგებლობის ნაწილი. გარდა ამისა, ჩემი სადოქტორო დისერტაციის თემაა რიჩარდ შეხნერის პერფორმატიული თეატრი, რომელშიც ვმუშაობ როგორც რეჟისორი და მხატვარი. ჩვენთან ამ მეთოდს არ იცნობენ. პრინციპში, თანამედროვე ჟანრებში მუშაობა ძალზედ მწირია. თეატრალური მოქმედება კვლავ ხდება ამაღლებაზე, კლასიკურ სცენაზე. ვფიქრობ, დროა ეს შევცვალოთ".
დღეს კულტურული ინდუსტრიები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს, შესაბამისად, კულტურის პოლიტიკა უფრო მნიშვნელოვანი ხდება. პირველ რიგში, ევროპასთან ერთიანი კულტურული სივრცის კუთხით. მსჯელობს რა არტ-მენეჯერის და მხატვრის ფუნქციების შეთავსებაზე, ნინო აღნიშნავს, რომ ისინი მჭიდრო კავშირშია და, უფრო მეტიც, ერთი მეორიდან გამომდინარეობს. არ არის საკმარისი საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა, უნდა შეგვეძლოს მისი სწორად წარმოჩენა. ამიტომ, არტ-მენეჯერს უნდა გააჩნდეს მკაფიო მიზანი და ძლიერი მოტივაცია, ისევე როგორც ცოდნა, რომელიც საშუალებას მისცემს ერთ ენაზე ესაუბროს ევროპელ კოლეგებს.
ლანა ქარაია. არამოსაწყენი მუზეუმი
ლანა ქარაია — ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს საერთაშორისო პროექტების მენეჯერი (ICOM), საქართველოს ეროვნული მუზეუმის განათლების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ევროპის სამუზეუმო ფორუმის ეროვნული კორესპონდენტი. მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე 21 საუკუნეში სამუზეუმო საქმის განვითარების თემაზე. არის კვლევითი პროექტების ავტორი, კურატორი და მონაწილე, ისეთების როგორიცაა "ინტეგრაცია და იდენტურობა" (ევროპაში და აშშ-ში ქართველი ემიგრანტი მხატვრების შემოქმედების კვლევები), "თბილისის მუზეუმების მეგზურის" შექმნა, "მუზეუმების ფანდრეიზინგი, მარკეტინგი და კომერციული აქტივობები" (რეგიონალური სემინარი სამხრეთ კავკასიის მუზეუმებისთვის), საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "პოსტ-საბჭოური მუზეუმების სივრცის პრობლემა და განვითარების პერსპექტივები", პროექტი "გამიცანი" (საგანმანათლებლო-საქველმოქმედო აქცია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის) და მრავალი სხვა. აქტიურად და წარმატებით მართავს პროექტებს ქართული მუზეუმების პერსონალის განვითარების კუთხით (საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად) რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე.
მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) გახლავთ არასამთავრობო პროფესიული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა პარიზში 1946 წელს. ეს არის მუზეუმების და მუზეუმის სპეციალისტების საერთაშორისო გაერთიანება, რომელსაც ეხება მსოფლიო ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის, აწმყოსი და მომავლის, მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის შენახვა, განვითარება და საზოგადოებასთან ურთიერთობა. მას გააჩნია უმაღლესი "A" საკონსულტაციო სტატუსი იუნესკოში და გაეროს სოციალურ საბჭოში. დღეისათვის ის აერთიანებს 117 ეროვნულ და 31 საერთაშორისო კომიტეტს, ასევე 30 000 ინდივიდუალურ და კორპორატიულ წევრებს მთელ მსოფლიოში. ICOM ეროვნული კომიტეტი საქართველოში 2007 წელს დაარსდა.
ლანა ქარაია ყვება, რომ სამხატვრო აკადემიაში მისი სწავლის დროს 2000 —იან წლებში ჯერ კიდევ არსებობდა სტერეოტიპი იმის შეახებ, რომ მუზეუმი არის უინტერესო ადგილი, სადაც ინახება ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები. ძირითადად ასეც იყო. თუმცა ლანამ, როგორც კულტურის ლიდერმა, მოინდომა არსებული ვითარების შეცვლა და მუზეუმის საინტერესო ადგილად გარდაქმნა.
საქართველოს გააჩნია მუზეუმების განვითარების უზარმაზარი პოტენციალი. მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 260 მუზეუმი, აქედან 70 დედაქალაქშია. ბოლო წლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბაზაზე, რომელიც აერთიანებს ათობით მუზეუმებს მთელ ქვეყანაში, დაიგეგმა სერიოზული ცვლილებები. მუზეუმი გახდა ინტერაქტიული, ხელმისაწვდომი, თანამედროვე და კრეატიული.
"ყველა მუზეუმი თავის მთავარ პრობლემად დაასახელებდა დაფინანსებას. თუმცა, დაფინანსების მოლოდინი მხოლოდ სახელმწიფოსაგან, ჩვენ შემთხვევაში, კულტურის სამინისტროსაგან, არასწორია. 21-ე საუკუნეში მუზეუმების წინაშე სერიოზული გამოწვევა დგას — ისინი უნდა გაძლიერდნენ მარკეტინგის და დამატებითი სახსრების მოზიდვის სფეროში, მუზეუმის თანამშრომლები კი უნდა გახდნენ სპეციალისტები ამ დარგში, რომლებიც შეძლებენ სპონსორების მოზიდვას, ხმაურიანი გამოფენების მოწყობას და სერიოზული პროექტების შექმნას", — ამბობს ლანა.
აღსანიშნავია, რომ ყველა ჩამოთვლილი პროექტი მზადდება გუნდის მიერ, რომელიც შედგება 2-5 ადამიანისაგან, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ წარმატებული კულტურული პროექტი დამოკიდებულია ცოდნაზე, სურვილზე და კრეატიულობაზე, და არა მხოლოდ ფინანსურ შესაძლებლობებზე. ლიდერობის იდეა ზუსტად მდგომარეობს უნარში გაუძღვე, შთააგონო და აკეთო დიდი და საჭირო საქმეები.