„ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში წელს პირველად იმართება ღვინის ცივილიზაციის გამოფენა, სადაც საქართველო არის მასპინძელი, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანი და ღვინის ქვეყანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ივლისის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით, ბორდოსთან ერთად საქართველო უმასპინძლებს გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება მაქსიმალური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი უძველესი კულტურის, ქართული ღვინის, ხელოვნების შესახებ", — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
2017 წლის ივლისის ბოლოდან, სამი თვის განმავლობაში, ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო იქნება მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებების პირველი ორგანიზატორი და მასპინძელი — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან მიღწევად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო კარგად გააცნოს მსოფლიოს ქართული კულტურა, ქართული ღვინო და ქვეყნის პოტენციალი.