ექსპერტი: საქართველოში საწვავის ფასებს ბაზარი კი არა კომპანიების მადა განსაზღვრავს

© DSNewsსაწვავის ფასები
საწვავის ფასები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები შემცირდა, თუმცა ეს არ აისახება საქართველოში საწვავის ღირებულებაზე.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირება საქართველოში საწვავის ღირებულებაზე არ აისახება, მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს.

"მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ამ ეტაპზე შემცირებულია და კლების ტენდენციაც შენარჩუნებულია, მაგრამ საქართველოში ბენზინის ფასებს ბაზარზე კონკურენცია კი არ განსაზღვრავს, არამედ მსხვილი ნავთობკომპანიების მოთხოვნები", – განუცხადა პაატა ბაირახტარმა "Sputnik-საქართველოს".

მისი თქმით, როდესაც ნავთობის ფასმა მსოფლიოში ლამის მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო 1 დოლარის ღირებულებამ — თითქმის 2,8 ლარს, ქართულ ბაზარზე საწვავის ფასები საგრძნობლად არც მაშინ შეცვლილა და მხოლოდ რამდენიმე თეთრით განსხვავდებოდა დღეს არსებულისგან.

ავტომობილისტებმა საქართველოში საწვავზე ფასის ზრდა გააპროტესტეს - Sputnik საქართველო
ქართველი ავტომობილისტები საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ

"თუ ჩვენ დღეს ბაზარზე არსებულ სიტუაციას გადავხედავთ, ძალიან ნათლად დავინახავთ იმ სხვაობას, რომელიც მცირე და დიდი ბრენდული კომპანიების ფასებს შორის არსებობს და რომელიც 23-25 თეთრს შორის მერყეობს. ეს ძალიან დიდი სხვაობაა და რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, რომ მათ ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება სხვადასხვა თანხა უჯდებათ, მსგავსი ტიპის სხვაობა შეთანხმებებისა და არაჯანსაღი კონკურენციის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა", – ამბობს პაატა ბაირახტარი.

მისი თქმით, არიან ბაზარზე ისეთი შედარებით ახალი, მაგრამ კარგად ფეხმოკიდებული კომპანიებიც, რომლებიც შემოტანილი საწვავის წარმომავლობას და ტრანსპორტირების ხარჯებს არ ასაჯაროვებენ. ისიც აღსანიშნავია, რომ მათი საწვავის ღირებულება არ ჩამოუვარდება დიდი კომპანიების ფასებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ მცირე და არაბრენდირებული ნავთობკომპანიების მიერ დაწესებული ფასი ასევე არის კარგი საშუალება იმის დასადგენად, თუ რა უნდა ღირდეს ქარულ ბაზარზე საშუალოდ 1 ლიტრი საწვავი.

სანავთობე ტუმბო - Sputnik საქართველო
ვანო მთვრალაშვილი: „საწვავის მაღალი ფასი მის მოხმარებას მკვეთრად არ შეამცირებს"

მაგალითისთვის დღეს 1 ლ „პრემიუმის“ ფასი ბრენდული კომპანიების ავტოგასამართ სადგურებზე 2,05–2,28 ლარია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2017 წლის 1 მაისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 51,66 (- 0,07) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 48,84 (- 0.49) დოლარი/ბარელზე.

 

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0