თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ჩინეთში ორი ჩინური კომპანიის სახელზე ქართული მინერალური წყლის „ნაბეღლავის“ დასახელების რეგისტრაცია გაუქმდა, ნათქვამია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) სასაქონლო ნიშნების უწყებამ 2016 წელს, ჩინური კომპანიების წინააღმდეგ „საქპატენტის“ მიერ საჩივრის შეტანის შემდეგ, საქართველოს სასარგებლოდ წინასწარი გადაწყვეტილება მიიღო.
„ქართული მინერალური წყლის დასახელება,,ნაბეღლავი“ ჩინეთში არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრირებული იყო ორი ჩინური კომპანიის სახელზე“, — ნათქვამია განცხადებაში.
„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ კანონის თანახმად, ბრენდ „ნაბეღლავის“ დასახელება ჩოხატაურის რაიონში მდებარე იმავე დასახელების სოფლის სახელწოდებისგან არის წარმოშობილი, სადაც ამ მინერალური წყლის წყარო მდებარეობს.
„ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა როგორც ჩინეთში, ისე სხვა ქვეყნებში გავლენას მოახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ხელს შეუწყობს ქართული მინერალური წყლების ცნობილი დასახელებების უკანონო გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლას“, — ნათქვამია განცხადებაში.
მინერალური წყლის ჩამოსხმას ქართული კომპანია „წყალი მარგებელი“ აწარმოებს, რომელიც 1997 წელს დაარსდა. მინერალური წყლის წყარო 1905 წელს აღმოაჩინეს.