სიმღერის ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსის "ევროვიზია-2017"-ის ფინალი კიევში 13 მაისს ჩატარდება, ნახევარფინალები — 9 და 11 მაისს.
"ევროვიზიის" მასპინძლობის უფლება წელს უკრაინას ერგო მომღერალი ჯამალას სტოკჰოლმში შარშანდელი გამარჯვების წყალობით. ასე რომ, სტუმრები უკრაინაში უკვე ჩადიან და ვნებათაღელვა იმატებს.
როგორი იქნება "ევროვიზია 2017"
როგორი იქნება "ევროვიზია 2017", ყველაზე უკეთ ბუკმეკერებმა იციან, რომელთა მონაცემებს მთელი მსოფლიო დიდი ინტერესით აანალიზებს. ისინი ხომ იშვიათად ცდებიან.
ასე რომ, ბუკმეკერების, მუსიკალური კრიტიკოსების და სხვა ექსპერტების პროგნოზების დეტალური შესწავლის შემდეგ, წლევანდელი "ევროვიზიის" გამარჯვების სავარაუდო პრეტენდენტების გამოყოფა შეგვიძლია.
ბუკმეკერების მონაცემებით, კონკურსის უდავო ფავორიტი წელს არის იტალიელი მომღერალი ფრანჩესკო გაბანი. იტალიელმა მოხედვაც ვერ მოასწრო, რომ მისი სიმღერა Occidentali"s Karma ჰიტად იქცა არა მარტო იტალიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. YouTube-ზე ნახვებმა 106 მილიონს გადააჭარბა. ვნახოთ, მოუტანს თუ არა გამარჯვებას ფრანჩესკოს ეს კომპოზიცია.
"ევროვიზიის" პოტენციურ გამარჯვებულად არანაკლები წარმატებით შეიძლება ბულგარელი კრისტიან კოსტოვი ჩავთვალოთ. მისი სიმღერა Beautiful Mess ევროპელ აუდიტორიას უკვე შეუყვარდა. კრიტიკოსები სიმღერას სულის სიღრმემდე ლირიულსა და ღრმას უწოდებენ. არ ჩამორჩებიან ბუკმეკერებიც, რომლებიც კოსტოვს მეორე ადგილს უწინასწარმეტყველებენ.
ბუკმეკერთა კანტორების პროგნოზების სიებში მესამე ადგილი მიაკუთვნეს შვედ რობინ ბენგტსონს კომპოზიციით I Can't Go On. YouTube-ზე მას უკვე 3 მილიონზე მეტი მსმენელი ჰყავს. საერთოდ, შვედეთს ბუკმეკერები ყოველთვის სწყალობენ.
მეოთხე და მეხუთე ადგილებზე, ბუკმეკერთა აზრით, აღმოჩნდებიან ბელგიის წარმომადგენელი, მომღერალი ბლანში სიმღერით City Lights და პორტუგალიელი მომღერალი სალვადორ სობრალი სიმღერით Amar Pelos Dois.
რაც შეეხება კონკურსის მასპინძელს — უკრაინას, მას კონკურსზე ჯგუფი O. Torvald-ი წარმოადგენს. თუმცა, სხვადასხვა შეფასებებით, უკრაინა წელს ვერ გაიმარჯვებს. მას მაქსიმუმ მე-20 ადგილს უწინასწარმეტყველებენ, მიზეზად კი უკრაინელი კონკურსანტების სუსტ სიმღერას ასახელებენ.
საქართველო "ევროვიზიაზე"
საქართველოს წელს "ევროვიზიაზე" წარმოადგენს 34 წლის მომღერალი თამარ გაჩეჩილაძე სიმღერით Keep the Faith. ეს არის კომპოზიცია იმაზე, რომ ადამიანმა ყველა დაბრკოლების მიუხედავად უკეთესის რწმენა უნდა შეინარჩუნოს. მუსიკა დაწერა ანრი ჯოხაძემ, სიმღერის ტექსტი თავად თამარს ეკუთვნის.
ახლახან ქსელში Keep the Faith-ის კლიპი გამოჩნდა, რომელიც 200 000-მა მომხმარებელმა ნახა. ვიდეორგოლში თამარ გაჩეჩილაძის სიმღერას ასრულებს სხვადასხვა ეროვნების, რასის, კონფესიის, ასაკის, პროფესიის, სტატუსის და ბედის ადამიანი.
გაჩეჩილაძის გამოსვლის სცენოგრაფია შვედმა რეჟისორმა და ქორეოგრაფმა საშა ჟან-ბაპტისტმა შეიმუშავა. ჟან-ბაპტისტი საქართველოში პირველად არ მუშაობს — 2015 წელს ის ნინა სუბლატთან და 2016 წელს ნიკა კოჩაროვთან და ჯგუფ Young Georgian Lolitaz-თან მუშაობდა.
თამარ გაჩეჩილაზე 2009 წელს მუსიკალურ ჯგუფთან "სტეფანე და 3G" ერთად უნდა გამოსულიყო მოსკოვის "ევროვიზიაზე", მაგრამ ეს არ მოხდა სიმღერის პოლიტიკური კონტექსტის გამო, სიმღერის სახელი იყო We Dont Wanna Put In. კონკურსანტს სთხოვეს სიმღერის ტექსტის შეცვლა, მაგრამ ჯგუფმა ეს არ გააკეთა.
გაჩეჩილაძე "ევროვიზია 2017"-ის პირველ ნახევარფინალში 9 მაისს მეორე ნომრით იმღერებს.
მიიღებს თუ არა მონაწილეობას “ევროვიზიაში" რუსეთი
ბოლო დროს მაყურებელთა აუდიტორიას და კონკურსის თაყვანისმცემლებს აწუხებდათ საკითხი – მიიღებს თუ არა რუსეთი და, კერძოდ, იულია სამოილოვა მონაწილეობას კონკურსში.
საქმე ისაა, რომ რუსეთს კონკურსზე უნდა წარმოადგენდეს იულია სამოილოვა სიმღერით Flame Is Burning. თუმცა უკრაინის უშიშროების სამსახურმა ყირიმში მისი გამოსვლის გამო მომღერალს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა სამი წლით აუკრძალა.
ევროპის სამაუწყებლო კავშირი შეეცადა გამოესწორებინა სიტუაცია და რუსეთს კონკურსანტის გამოსვლის თანამგზავრით ტრანსლირება შესთავაზა, ან საერთოდ კონკურსანტის შეცვლა. მაგრამ პირველ არხზე, რომელიც კონკურსანტის შერჩევაზეა პასუხისმგებელი, ორივე ვარიანტი მიუღებლად მიიჩნიეს და შექმნილი ვითარების გამო კონკურსის ტრანსლირება შეუძლებლად ჩათვალეს.