ადამიანური ისტორიები: მომაკვდავი მამა და ომგამოვლილი ჯარისკაცის უთქმელი სათქმელი

გამოწერა

ეს ძველი ისტორიაა, ახლა არ მომხდარა. ინტერნეტში ის ჯერ კიდევ წლების წინ გამოჩნდა, მაგრამ ისეთია, რომელიც არასდროს დაძველდება, არ „მოითელება“ და მძლავრი ემოციების გამოწვევასაც არ შეწყვეტს.

ამბავი ამერიკაში მოხდა, ერთ-ერთ საავადმყოფოში.

მედდამ დაღლილი და შეწუხებული ჯარისკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში შეიყვანა და სასუნთქ აპარატზე მიერთებულ მოხუც მამაკაცს დაბალი ხმით უთხრა:

— თქვენი ვაჟია აქ.

მამაკაცს თვალი არ გაუხელია. წინა დღეს გულის შეტევა მოსვლოდა და ავადმყოფობითა და წამლებით იყო გაბრუებული.

მამა და შვილი - Sputnik საქართველო
გამძვინვარებული მამის „მცირე ომი“ სპეცრაზმთან შვილის სიცოცხლის გადასარჩენად

მედდამ ხელი ფრთხილად შეახო მოხუცს და ერთხელ ნათქვამი ისევ გაუმეორა.

მამაკაცმა თვალები გაახილა, მაგრამ მზერაზე შეეტყო, რომ ჯარიკაცს გარკვევით ვერ ხედავდა. ხელი მძიმედ ასწია და პალატის კარში ჩამდგარი შვილისკენ გაიწოდა. სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა საზღვაო ქვეითმა მყის საკუთარი შეაგება…

მედდამ ჯარისკაცს მომაკვდავი მამის საწოლთან სავარძელი დაუდგა და მასთან დარჩენის საშუალება მისცა. ომგამოვლილი ბიჭი მთელი ღამე სასთუმალთან ეჯდა მამას, ხელზე ეფერებოდა და შიგადაშიგ თბილი სიტყვებით ამხნევებდა.

მედდამ რამდენჯერმე შეიხედა პალატაში და ჯარისკაცს დასვენება ურჩია, მაგრამ მან უარი თქვა მოხუცი მამის მიტოვებაზე. ჯიუტად იჯდა მომაკვდავის საწოლთან და უკანასკნელ გზაზე უზომო სიყვარულს ატანდა.

მამა ვერ ლაპარაკობდა, ამის თავი აღარ ჰქონდა. უბრალოდ, შვილის ხელს სუსტად ჩაფრენოდა და სახეზე ნეტარი სიმშვიდე ეწერა. ადრე დილით კი სული დალია…

ჯარისკაცმა მოხუცს ხელი ფრთხილად გამოაცალა და მედდასთან გავიდა ამბის შესატყობინებლად. ქალმა მწუხარე სახით სამძიმრის თქმა დააპირდა, მაგრამ ჯარისკაცმა შეაწყვეტინა:

მისის ჯეინ სტენფორდი - Sputnik საქართველო
უბრალოკაბიანი ქალი, რომელმაც მსოფლიოს შვილის სახსოვრად უნივერსიტეტი აჩუქა

— უკაცრავად, მაგრამ ვინ იყო ეს მოხუცი?

მედდას გაოგნებისგან ენა ჩაუვარდა და ძლივს ამოღერღა:

— ეს მამათქვენი იყო.

— არა, ეს მოხუცი ცხოვრებაში არ მინახავს.

— კი მაგრამ, რატომ არ მითხარით?— იკითხა შეცბუნებულმა მედდამ, რომელმაც აღარ იცოდა, რა ექნა დაშვებული შეცდომით გამოწვეული უხერხულობისგან.

— მივხვდი, რომ დიდი დღე არ ეწერა და ისიც წარმოვიდგინე, როგორ სჭირდებოდა შვილის გვერდში ყოლა, რომელიც რატომღაც აქ არ არის. იმიტომაც აღარ გითხარით არაფერი. თანაც აქ იმდენად მძიმე ამბით ვარ მოსული, ფეხი შეძლებისდაგვარად ავითრიე: მისტერ გრეის სანახავად მოვედი, შვილის ომში დაღუპვა უნდა შევატყობინო.

და სულით ხორცამდე შეძრულმა მედდამ ძლივს ამოთქვა:

— მოხუცი, რომელსაც ღამე გაუთიეთ, იყო კიდეც მისტერ გრეი…

ყველა ახალი ამბავი
0