თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კინო-აგენტების პოლონური სკოლის SOFA-ს (School of Film Agents) ტრენინგები ტარდება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კინო–აგენტების სკოლა SOFA 2013 წლიდან არსებობს. იგი ფუნქციონირებს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში და თანამშრომლობს კინოს სფეროს ევროპის წამყვან სპეციალისტებთან და პროექტებთან. სკოლის საქმიანობა ეფუძნება კულტურული განათლების კუთხით გამოცდილების აქტიურ მიმოცვლას, კინემატოგრაფიის სახელმწიფო და კერძო დაფინანსების შესაძლებლობების შესწავლას.
"პოლონეთის ქალაქი ვროცლავი უკვე ხუთი წელია მასპინძლობს SOFA-ს. 2016 წელს, პროგრამის Creative Europe და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, გადაწყდა, 2017 წლის მაისში SOFA-ს მეორე ვორქშოფი საქართველოში ჩატარებულიყო. ეს იქნება მოხსენებითი სახის ვორქშოფი, რომელზეც ყველა პროექტის მონაწილე განვითარებული პროექტების წინსვლაზე იმუშავებს", — ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
SOFA წარმოადგენს პროფესიული ვორქშოფების სერიას, რომელიც მიმართულია ახალგაზრდა და ძლიერი პროფესიული პოტენციალის მქონე კინო-აგენტების მოსამზადებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
თბილისში პროგრამა 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
კინო-აგენტად განსაზღვრულია ყველა ის პროფესია, რომელიც პირდაპირ არ არის კავშირში კინოწარმოებასთან — კინო–დისტრიბუტორები, საფესტივალო მენეჯერები, გაყიდვების აგენტები, დამოუკიდებელი აღმასრულებელი პროდიუსერები, არქივის სპეციალისტები, კინოინოვაციების მენეჯერები და სხვა.
პროექტის ხელმძღვანელია ბერლინალეს ფესტივალის კინოდელეგატი, საქართველოს კურატორი ნიკოლაი ნიკიტინი.
გამოცხადებულია სამი ღია თემატური სემინარი: "როგორ ვაქციოთ რეალობად ორიგინალური შემოქმედებითი იდეა — პაკეტის მომზადება, ინოვიციური ხედვა და სწორი მიწოდება"; შეხვედრა ნიკოლაი ნიკიტინთან, სადაც გაშუქდება კინო–აგენტების მუშაობის სპეციფიკა, გამოწვევები და ახალი ქართველი მონაწილეების შერჩევის პირობები 2017 წლისათვის; შეხვედრა ნორვეგიელ კინემატოგრაფისტ პეტრი კემპინენთან თემაზე — კინოს დაფინანსება ევროპაში სკანდინავიური ქვეყნების მაგალითზე.
სემინარების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ კინოს ექსპერტები პასკალ ჟია და რენო რედიენ-კოლო (საფრანგეთი).
პროექტის ფარგლებში დაგემილია რევაზ გიგინეიშვილის ფილმის "მძევლების" დახურული ჩვენება.
პროექტს ერთობლივად ახორციელებენ კომპანია "ფილმპლუსი" (გერმანია), დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი და "ტეიქს ფილმი" (საქართველო).
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის პროგრამა — "შემოქმედებითი ევროპის", საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით.
ღონისძიება საქართველო-გერმანიის ურთიერთობების საიუბილეო წლის აღსანიშნავად ტარდება. 2017 წელს აღინიშნება საქართველოში პირველი გერმანული დასახლების დაარსების 200 წლისთავი და საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი.