პოპულალური ქართული ფოლკ-ჯგუფი Bani რუსეთის ქალაქებში დიდი საგასტროლო ტურნესთვის ემზადება

გამოწერა

პოპულარული ქართული ფოლკ-ჯგუფი Bani რუსეთის ქალაქებში საგასტროლო ტურნესთვის ემზადება. მუსიკალური ბენდის წარმომადგენლებმა "Sputnik-საქართველოსთან" დაგეგმილ გასტროლებზე და შემოქმედებით გეგმებზე ისაუბრეს.

ქართველი მუსიკოსების კონცერტები გაიმართება ჩერკესკში (12 მაისს), ნალჩიკში (13 მაისს), მახაჩყალაში (15 მაისს), ვოლგოგრადში (16 მაისს), მოსკოვში (18, 19 და 20 მაისს), ყაზანში (21 მაისს), ეკატერინბურგში (26 მაისს). 27 მაისიდან ჯგუფი საგასტროლო ტურნეს გაგრძელებას გეგმავს ბელარუსსა და უკრაინაში.

„ეს იქნება საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამა. ტურნეს განახლებული პროგრამით ვმართავთ. ის, რაც უკვე იყო ჩვენ კონცერტებზე, არ გამეორდება. ჩვენ დავამატეთ შვიდი ახალი სიმღერა და ქორეოგრაფია. ერთი სიტყვით, ჩვენს მსმენელს ძალიან საინტერესო და პოზიტიური კონცერტები ელის", — განაცხადა ჯგუფის სოლისტმა მათე ფირცხალავამ.

ჯგუფი „ბანი“ 2011 წელს შეიქმნა. კოლექტივი ქუჩაში "დაიბადა" — პირველი ნახევარი წლის განმავლობაში მუსიკოსები ქართულ ფოლკლორულ მუსიკას მიწისქვეშა გადასასვლელებში ასრულებდნენ, საიდანაც მალე ქართული რესტორნების სცენებზე გადაინაცვლეს. ახლა ჯგუფი მხოფლიოს ბევრ ქვეყანაში მართავს კონცერტებს.

ცოტა ხნის წინ დავბრუნდით ჰოლანდიიდან, სადაც წარმატებით გამოვედით, მსგავს პროგრამას წარვადგენთ რუსეთშიც. პირველად რუსეთში 2016 წელს ვიყავით, მაშინ 14 კონცერტი გავმართეთ. ახლა რუსეთში უკვე ბევრი თაყვანისმცემელი გვყავს", — აღნიშნა ბენდის პროდუსერმა ჭაბუკა ამირანაშვილმა.

მუსიკოსთა რეპერტუარში 30-ზე მეტი სიმღერაა, გამოშვებული აქვთ ერთი დისკი. ჯგუფი ასრულებს როგორც ხალხურ, ცნობილ სიმღერებს, ისე საკუთარ დაწერილს. „ბანის“ მუსიკა არა მხოლოდ ქართველებისთვისაა პოპულარული. მუსიკოსებმა ნამდვილ გრძნობებზე, მყარ მეგობრობასა და სამშობლოს სიყვარულზე დაწერილი სიმღერებით ათასობით გულშემატკივარი მოიპოვეს მთელ მსოფლიოში.

ყველა ახალი ამბავი
0